დღეს "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერთა სათათბირო შეხვედრა იმართება, რომელიც 150 წარმომადგენელს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით - მსჯელობა იქნება პოლიტიკურ სტრატეგიებზე და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ჩვენს პოლიტპატიმრებზე, რომლებიც ახლა საპატიმროებში იმყოფებიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და ალეკო ელისაშვილი - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"შემადგენლობაში შედიან საკრებულოს დეპუტატები, რაიონული თავმჯდომარეები, ხელმძღვანელი პირები, რომლებიც იღებენ მთავარ როლს ბრძოლის და წინააღმდეგობის პროცესში. ფორმატი გათვალისწინებულია "ძლიერი საქართველოს“ და "ლელოს“ წესდებით და ჩვენ ყოველი მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პერიოდის პირობებში ვიკრიბებით, რათა ერთად ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები “ლელოს“ განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ეს არის კიდევ ერთი ცალსახა ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას და "ლელო - ძლიერი საქართველო“ იქნება ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და იქნება ორგანიზებული მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
დღის წესრიგში არის ათამდე დიდი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც იქნება მსჯელობა. მსჯელობა იქნება პოლიტიკურ სტრატეგიებზე და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ჩვენს პოლიტპატიმრებზე, რომლებიც ახლა საპატიმროებში იმყოფებიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და ალეკო ელისაშვილი,” - განაცხადა კუპრაძემ.