ის საზოგადოებაში პატივსაცემ ადამიანად ითვლებოდა, ყველა მოსიყვარულე და მზრუნველ დედად იცნობდა, თუმცა რეალობა საზარელი აღმოჩნდა. ტერეზა მილბრანდტი საკუთარ 5 წლის ქალიშვილს, ჰანას, დაუნდობლად აწამებდა, რათა გარშემომყოფებისგან ყურადღება და ფინანსური სარგებელი მიეღო.
ყველაფერი 2001 წელს დაიწყო, როდესაც 5 წლის ჰანა ჩვეულებრივი გრიპით გახდა ავად. დედამ ის ექიმთან წაიყვანა, შინ დაბრუნებულმა კი სასწრაფოდ შეკრიბა ნათესავები და მეზობლები. ტერეზამ ყველას წინაშე ტირილი დაიწყო და გამოაცხადა, რომ ჰანას ხერხემლის ფუძეზე სიმსივნე აღმოაჩნდა, რომელიც უკურნებელი იყო.

ეს იყო პირველი დიდი ტყუილი. სინამდვილეში, გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა დედამ დაიწყო მისი "მკურნალობა“ გამოგონილი ლეიკემიის წინააღმდეგ. როდესაც ჰანა 7 წლის გახდა, ტერეზამ მას თვალებში ჩახედა და უთხრა, რომ სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე კვირა ჰქონდა დარჩენილი.
ჰანა იხსენებს, რომ ყოველ დილით დედა მას სამ ცისფერ აბს ასმევდა. "მეუბნებოდა, რომ ეს თავს უკეთ მაგრძნობინებდა, მაგრამ სინამდვილეში მუდმივად თავი მტკიოდა და ძილი მერეოდა“, - ამბობს ის.
ერთხელაც, ჰანამ გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისი გრძელი ქერა თმა აღარ ჰქონდა. დედამ უთხრა, რომ ეს სიმსივნის ბრალი იყო, თუმცა სინამდვილეში თავად გადაპარსა მძინარე ბავშვს თმა, რათა ვიზუალური იერი ჰქონოდა, რომ თითქოს მას ლეიკემია ჰქონდა. გოგონას სახის ნიღბის ტარებასაც აიძულებდნენ, რის გამოც მეგობრებთან თამაში აღარ შეეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ ჰანა თავს კარგად გრძნობდა, ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ მძიმე დაავადება ჰქონდა. "მე დედას ვენდობოდი“, - ამბობს ის. ტერეზა კი ამ დროს სკოლის სხვა მშობლებს შვილის "ტანჯვაზე“ უყვებოდა და მათგან თანაგრძნობას იღებდა.
ქალაქ ურბანას მოსახლეობა ბავშვის გადასარჩენად გაერთიანდა. ადგილობრივმა მეხანძრეებმაც კი გაიღეს თანხა. საერთო ჯამში, ტერეზამ 23 000 ფუნტი სტერლინგი შეაგროვა, რომელსაც საკუთარი მიზნებისთვის ხარჯავდა.
დანაშაული 2002 წლის დეკემბერში გამოაშკარავდა. სკოლის ფსიქოლოგს სურდა, ბავშვის საქმე გადაეგზავნა ფონდში, რომელიც მომაკვდავ ბავშვებს ოცნებებს უსრულებს. სწორედ აქ გაირკვა, რომ არანაირი სამედიცინო ჩანაწერი ჰანას ავადმყოფობის შესახებ არ არსებობდა.

ტერეზა მილბრანდტი დააკავეს. სასამართლოზე მან თავის მართლება სცადა და თქვა, რომ "მიუნჰაუზენის სინდრომი“ სჭირდა - ეს არის ფსიქიკური მდგომარეობა, როცა მშობელი შვილს დაავადებებს ხელოვნურად უგონებს ყურადღების მისაქცევად. მან ისიც თქვა, რომ ეშინოდა ქმარი არ წასულიყო და ამ გზით მის შენარჩუნებას ცდილობდა.
მოსამართლემ მისი არგუმენტები არ მიიღო და 6.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში აღმოჩნდა მამაც, რობერტ მილბრანდტი, რომელსაც 4 წელი და 11 თვე მიესაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ის ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა.
ჰანა მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. 12 წლის ასაკში მძიმე დეპრესია დაეწყო. "ძალიან მიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ დედამ ჩემზე საკუთარი სარგებლისთვის იძალადა“, - იხსენებს ის.
ტერეზა ციხიდან 2010 წელს გამოვიდა, თუმცა ჰანასთან ურთიერთობა აღარ აღუდგენია. "ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით ქუჩაში, მაგრამ ერთმანეთი უგულებელვყავით. მას ბოდიშიც კი არ მოუხდია“.

დღეს ჰანა 30 წლისაა. მამასთან კარგი ურთიერთობა აქვს და საუკეთესო მეგობრად მიაჩნია. ჰანა დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი და ამბობს, რომ ახლა ისეთი ცხოვრება აქვს, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდა: "იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარე, საოცარია, რომ დღეს ბედნიერი ვარ...“ - ამბობს ქალი.