"მოსკოვის მექანიზმი“ არის ისეთი ტიპის მექანიზმი და ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება არაორდინალურ შემთხვევებში, კაციჭამია რეჟიმების შესასწავლად - ამ დასკვნამ ცხადყო, რომ დღეს საქართველოში დამყარებულია დიქტატურა, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ, ჟურნალისტებთან ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის ყველა დროის ყველაზე კრიტიკული დასკვნა.
ეს უკვე თავისთავად ძალიან ცუდი გარემოებაა ჩვენი სახელმწიფოსთვის, მაშინ, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ნამდვილ საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს ახორციელებენ, საქართველოში გზავნიან რეჟიმს, რომელიც ბალკანეთში 90-იანებში და სხვა მსგავს შემთხვევებში სწავლობდა ხოლმე ადამიანის უფლებათა შემზარავ დარღვევებს.
ამ დასკვნამ ცხადყო, რომ დღეს საქართველოში დამყარებულია დიქტატურა. დასკვნამ მიმოიხილა ყველა სხვადასხვა მიმართულება: სახელმწიფოს მიტაცება, არჩევნების გაყალბება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური მრავალფეროვნების მოსპობა და ქართული სახელმწიფოს გადაგვარება. ამავე დასკვნამ თქვა, რომ ამ კურსის პირობებში ეს რეჟიმი რისკავს ჰააგის ტრიბუნალზე წარდგომას.
"მოსკოვის მექანიზმს“ მხარს უჭერს ეუთოს 24 წევრი სახელმწიფო. ეს არის მექანიზმი, რომელიც ძალიან კარგად არის აპრობირებული და ქალბატონი ჟებიკი არის ადამიანი, რომელსაც არაერთხელ ჩაუტარებია "მოსკოვის მექანიზმი". ასე რომ, მის CV-ში ქექვის ნაცვლად, "ქოცების“ პრეზიდენტის CV განიხილონ და იქ თუ რამეს დაინახავთ სიცარიელის გარდა, აი მერე ვილაპარაკოთ პატრიცია ჟებიკზე, რომელიც არის არაერთი კვლევის და წიგნის ავტორი და რომელიც არაერთხელ ყოფილა ჩართული, განსხვავებით უვიცი "ქოცებისა“, რომელთაც წერა-კითხვა არ იციან, ისე იღებენ კანონებს. მათგან განსხვავებით, ეს ქალი არის აკადემიკოსი, აქვს წიგნები და სამეცნიერო სტატიები დაწერილი და არაერთხელ მიუღია მონაწილეობა "მოსკოვის მექანიზმში“, - განაცხადა გეგელიამ.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რა იქნება "ქართული ოცნების“ პასუხი, გეგელიამ აღნიშნა, რომ "თუ "ოცნებას“ რაიმე გონი და თვითგადარჩენის ინსტინქტი შერჩენია, პირველი რაც მან უნდა გააკეთოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა“.
"მეორე რაც უნდა გააკეთოს არის ერთობლივი მსჯელობის წამოწყება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძეს სელექციურობის არჩევანს არავინ აძლევს, რომ რეკომენდაციების ნაწილი განახორციელოს და ნაწილი არა. ეს მისი პრეროგატივა არ არის. შესაბამისად, მას მოუწევს ყველა ძირითადი მიმართულებით განახორციელოს ეს რეკომენდაციები“, - განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, ეუთომ "მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებას იღებენ მიზანში. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი“ (TFI), "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და "გრანტების შესახებ კანონში“ უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.