ავტორი:

“უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით მთხოვა ხელი, უარი ვერ ვუთხარი“ - გადასახლებული დედის გაცნობა 17 წლის ასაკში და ულამაზესი ლია ელიავას ცხოვრება კინოში და მის მიღმა

“უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით მთხოვა ხელი, უარი ვერ ვუთხარი“ - გადასახლებული დედის გაცნობა 17 წლის ასაკში და ულამაზესი ლია ელიავას ცხოვრება კინოში და მის მიღმა

„ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ჩემთვის ძვირფასია, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია. თუმცა, ჩემი ოცნების გმირს დღემდე ვერ მივაგენი. ჩვენი პროფესია ძალზე რთულია. როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია,“ - ეს ქართული კინოს ვარსკვლავის, ნიჭიერი ადამიანისა და ულამაზესი ქალის, ლია ელიავას სიტყვებია...

ლია ელიავას პირველი როლი კინოში ნინო იყო ფილმში „ჩრდილი გზაზე“. შემდეგ დაახლოებით 40 ფილმში ითამაშა და მაყურებელს თავი სილამაზითა და ნიჭიერებით დაამახსოვრა თავი. „ჩრდილი გზაზე“, „ბაში-აჩუკი“, „ქალის ტვირთი“, „მამლუქი,“ „შეწყვეტილი სიმღერა,“ „დათა თუთაშხია“ - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფილმების, რომელშიც მსახიობმა დაუვიწყარი სახეები შექმნა. ეკრანზე პარტნიორობას უმეტესად მეუღლე - მსახიობი ოთარ კობერიძე უწევდა.

ლია ელიავა და ოთარ კობერიძე

  • „ქართული კინოს ნამდვილი მშვენება“, „საოცრად ნიჭიერი და მომხიბლავი მსახიობი,“ - ეს ის ფრაზებია, რაც მის შესახებ გამოთქმულა და მას დღესაც ასე იხსენიებენ.

ის თბილისში 1934 წლის 28 მაისს დაიბადა. მსახიობის მამა, პროფესიით ეკონომისტი შალვა ელიავა ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჯერ გერმანიაში და შემდეგ იტალიაში მუშაობდა. საქართველოში რომ დაბრუნდა ეკატერინე კერესელიძეზე იქორწინა.

1934 წელს შალვა ელიავა ფინანსთა სახალხო კომისრად დანიშნეს. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მთავრობის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, შალვა ელიავას ლავრენტი ბერიასთან უთანხმოება მოუვიდა. შალვა ელიავა 1937 წელს დახვრიტეს, მისი მეუღლე კი დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს.

„მამა ნაკლებად მახსოვს. მხოლოდ საწოლთან თავდახრილი კაცის სახე ჩამრჩა მეხსიერებაში. მონატრებულ დედას კარადაში შემორჩენილი მისი ორი კაბის სურნელით ვიხსენებდი და გულში ვმალავდი ბავშვურ ტკივილს, რომელიც ყოველდღე მახსენებდა თავს. სკოლიდან შინ მიმავალს სოლოლაკში ჩვენი ყოფილი სახლი უნდა გამევლო, იქით გახედვას სასტიკად მიკრძალავდნენ. თვალს მალულად ვაპარებდი, ფანჯარაში ჩვენი ავეჯის ნაწილი ჩანდა, იქ ყველაფერი ისევე იყო, ოღონდ, ჩვენს მაგივრად, სხვები ცხოვრობდნენ," - ასე იხსენებდა თავის ტკივილიან ბავშვობას მსახიობი.

მშობლების გარეშე დარჩენილი ლიას დედის მშობლები ზრდიდნენ... დედა გადასახლებიდან რომ ჩამოვიდა, ლია 17 წლის იყო. დედის დაბრუნების ეპიზოდს ასე იხსენებდა:

„მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა - ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა... ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი. დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი“.

რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ თურმე ლია ელიავას ქეთი ბარათელის როლი შესთავაზა ფილმში „მონანიება“. ეს როლი ზედმიწევნით ასახავდა მსახიობის მძიმე ბავშვობასა და ცხოვრებას, მაგრამ მოგვიანებით ამ როლზე ზეინაბ ბოცვაძე დაამტკიცეს. გასაგებია, როგორ ენდომებოდა ამ როლის თამაში, მაგრამ, როცა ზეინაბ ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს...

  • 1950 წელს, თბილისის მე-2 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, განაგრძო, რომელიც 1955 წელს დაამთავრა.

„კინო და თეატრი თავიდანვე მიზიდავდა. მე და ჩემი თანატოლები ქუჩაში ჩვენს კინოვარსკვლავებს დავდევდით. ნატო ვაჩნაძეს ან თამარ ციციშვილს თუ დავინახავდით, დიდი მოვლენა იყო. მახსოვს, როგორ გაგვაოგნა მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში ულამაზეს, სრულიად ახალგაზრდა დოდო ჭიჭინაძესთან შეხვედრამ. „დავით გურამიშვილი“ მისი მონაწილეობით უკვე ნანახი მქონდა და მსახიობობაზე ოცნება მაშინ დავიწყე“ - ამბობდა ელიავა.

მოსკოვში სწავლის პერიოდში ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა, თუმცა ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. იმ პერიოდში ფილმის „ბაში-აჩუკის“ რეჟისორმა ლეო ესაკიამ ლია ტყუპი დის - პირიმზესა და პირიმთვარისას როლზე დაამტკიცა.

„ბაში-აჩუკის“ გადასაღებ მოედანზე კი ლიამ მომავალი მეუღლე ოთარ კობერიძე გაიცნო.

„ლია ელიავა პირველად „ბაში-აჩუკის“ ღამის გადაღებებზე ვნახე და მისმა სილამაზემ დამაბრმავა,“ - ჰყვებოდა ოთარ კობერიძე.

„პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა „მამლუქი“ ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი ნანა შეგვეძინა“...

დიდი გულისტკივილით იხსენებდა, თუ როგორ უნდოდათ კინომსახიობებს საკუთარი თეატრის გახსნა, მაგრამ, როცა ამ თეატრის შექმნა რეალური გახდა, ახალგაზრდები მიიყვანეს და მათ უგანეს: „ჩვენთვისაც მოეცათ საშუალება, რომ ქართველ კინომსახიობებსაც შეგვექმნა რამდენიმე სპექტაკლი და განგვეცადა სცენის სიხარული“.

რატომღაც ისე მოხდა, რომ ლია ელიავას ბედმაც და ადამიანებმაც სცენისკენ გზა გადაუკეტეს.

ოფელია უნდა ეთამაშა ლილი იოსელიანის „ჰამლეტში“, მაგრამ, კონფლიქტის გამო, რეჟისორი თეატრიდან წავიდა. ლია ელიავას ოფელია კი დარჩა მისგან განუხორციელებენ როლად.

რანევსკაია უნდა ეთამაშა მიხეილ თუმანიშვილთან, ჩეხოვის „ალუბლის ბაღში“, არც ეს სპექტაკლი დაიდგა.

1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

  • ლია ელიავას უკანასკნელი ფილმი იყო გიული ჭოხონელიძის „ანთიმოზ ივერიელი“, რომელშიც მონაზვნის როლი შეასრულა. ფილმი კინოეკრანებზე მსახიობის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა.

მსახიობს ბევრჯერ ატკინეს გული კინოშიც, თეატრშიც და ცხოვრებაშიც. საკმაოდ ადრე 64 წლის ასაკში 1998 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ოთარ კობერიძე მისი წასვლის შემდეგ მეუღლეზე ვერ ლაპარაკობდა, „ანგელოზი“ იტყოდა და თვალები ცრემლით ევსებოდა. 2017 წელს კი ასევე მძიმე ფაქტი მოხდა, როდესაც მძიმე სენით დაავადებული ვარსკვლავი მშობლების ერთადერთი ქალიშვილი ნანა კობერიძე 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნანა კობერიძე პროფესიით მხატვარი იყო, ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული.

„მძიმე გარდატეხის პერიოდი მქონდა. საშინლად არ მომწონდა ჩემი თავი. არადა მართლა მინდოდა, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ლია იყო... მაგრამ დედა ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი, მიადვილებდა ყველაფერს. არ მჭირდებოდა თქმა, როდის ვიყავი შეყვარებული. ყოველთვის ყველაფერს მატყობდა, მაგრამ ძალიან კორექტული ადამიანი იყო და უხეშად არ ერეოდა ჩემს ცხოვრებაში.

არაჩვეულებრივი, ძალიან მასშტაბური ადამიანი იყო. სახლში ძალიან ემოციური, ექსცენტრული იყო, ესეც მომწონდა... ვამაყობ, რომ ვარ ლია ელიავას და ოთარ კობერიძის შვილი, თავიანთი ქვეყნის საოცარი პატრიოტების,“ - ასე იგონებდა მშობლებს ნანა კობერიძე სხვადასხვა ინტერვიუში.

ტექსტი მომზადებულია სხვადასხვა ინტერნეტრესურსის გამოყენებით, მათ შორის, გადაცემის „ჰოპლა ჩვენ ვცხოვრობთ“.