"ოსკარის“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში პოლ თომას ანდერსონის ფილმმა "ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ გაიმარჯვა.

"ოსკარი“ საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში მაიკლ ჯორდანმა მოიპოვა ფილმში "ცოდვილები“ შესრულებული როლისთვის. წლის საუკეთესო მსახიობ ქალად კი ჯესი ბაკლი დასახელდა ფილმისთვის "ჰამნეტი“. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ირლანდიელი მსახიობია, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვეს ფილმებმა: "მომღერლები“ და "ორი ადამიანი, რომელიც ნერწყვს ცვლის“.
"ოსკარი“ საუკეთესო ქასთინგისთვის კასანდრა კულუკუნდისს გადაეცა ფილმისთვის: "ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“. საუკეთესო ვიზუალური ეფექტების ნომინაციაში კი ფილმმა "ავატარი: ცეცხლი და ფერფლი“ გაიმარჯვა. "ოსკარი“ საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის შვედმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ლუდვიგ გორანსონმა მოიპოვა ფილმისთვის "ცოდვილები.“
საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ნომინაციაში "ოსკარის“ მფლობელი გახდა ნორვეგიული ფილმი "სენტიმენტალური ღირებულება“.
"ოსკარის“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ის სცენაზე კონან ო’ბრაიენმა უმასპინძლა.
წლევანდელი საღამოს წითელი ხალიჩის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი ღია, ნეიტრალური ფერები და ბუმბულების დეტალები აღმოჩნდა.


ელ ფანინგმა Givenchy-ს საოცარი კაბითა და 1903 წლის ვინტაჟური ბრილიანტის ყელსაბამით სამეფო იერი შექმნა.

ტეიანა ტეილორმა კი Chanel-ის ბუმბულებიანი და ბრილიანტებით მოქარგული კაბით ყველა დაატყვევა.

ვარსკვლავური წყვილები და სკანდალური განწყობა
ყურადღების ცენტრში მოექცა კაილი ჯენერიც, რომელიც საყვარელი მამაკაცის, ტიმოთი შალამეს მხარდასაჭერად მივიდა. კაილიმ არჩევანი წითელ კაბაზე შეაჩერა. თავად ტიმოთი, რომელიც მოგვიანებით საღამოს მთავარი ხუმრობების სამიზნე გახდა, ხალიჩაზე კრემისფერი პიჯაკით გამოჩნდა.


ხალიჩაზე ასევე იბრწყინეს პრიანკა ჩოპრამ და ნიკ ჯონასმა

ხოლო ქეით ჰადსონი ცერემონიაზე ლეგენდარულ დედასთან, გოლდი ჰოუნთან ერთად მივიდა.

