იაპონიას ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების შესახებ ოფიციალური თხოვნა არ მიუღია, თუმცა განიხილავს, თუ როგორ უპასუხოს სათანადოდ, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.
"უნდა განვიხილოთ, რა არის საუკეთესო შესაძლო ზომა, რომლის მიღებაც შეგვიძლია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში“, - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაში დახმარების გაწევა მიზანშეწონილია იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც სრუტით სარგებლობენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თუ სხვა ქვეყნებისგან რეაგირება არ იქნება, ეს შეიძლება ძალიან ცუდი იყოს ნატო-ს მომავლისთვის.
"თუ პასუხი არ იქნება ან თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი იქნება ნატო-ს მომავლისთვის“, - განაცხადა ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.
ამასთან, მისი თქმით, აშშ თავისი ევროპელი მოკავშირეების მიმართ ძალიან კეთილი იყო.
"ჩვენ არ გვჭირდებოდა მათთვის დახმარების გაწევა უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა, მაგრამ დავეხმარეთ მათ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი. რადგან დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან პეკინში მარტის ბოლოს დაგეგმილი სამიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტი შესაძლოა გადაიდოს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ჩინეთისგან ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებას ელის. მისი მტკიცებით, ქვეყანა ნავთობის 90%-ს სრუტის მეშვეობით იღებს.
იხილეთ ასევე: