ავტორი:

ორი მეგობრის ტრაგიკული ბედი -  საშკას სიცოცხლე ომში დასრულდა, გია პრემიერის შემდეგ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

ორი მეგობრის ტრაგიკული ბედი -  საშკას სიცოცხლე ომში დასრულდა, გია პრემიერის შემდეგ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

ფეისბუქგვერდზე "ჩვენი ზუგდიდი და ზუგდიდელები" უნიკალური ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც საშკა იოსელიანი და გია ძნელაძე არიან ასახული - ორი ნიჭიერი და უდროოდ გარდაცვლილი მსახიობი.

  • საშკა იოსელიანი

დაიბადა 1952 წლის 29 ივლისს, გივი იოსელიანისა და ნინო წეროძის ოჯახში. 1969-1973 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. საშკა იოსელიანს არაერთი როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრსა და კინოში. საშკა 1993 წელს 41 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დაიღუპა...

  • გია ძნელაძე

დაიბადა 1952 წლის 14 იანვარს. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (დოდო ალექსიძის სახელოსნო) 1974 წელს.1974-1977წწ. იყო მოზარდ მაყურებლის თეატრის მსახიობი, 1978 წლიდან კი - რუსთაველის თეატრის მსახიობი.1994 წლის 27 სექტემბერს თეატრმა სეზონი პრემიერით გახსნა. რობერტ სტურუამ მაყურებელს იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის” მიხედვით დადგმული სპექტაკლი "იაკობის სახარება” წარუდგინა. ეს წარმოდგენა უკანასკნელი აღმოჩნდა მსახიობ გია ძნელაძისთვის. პრემიერის შემდეგ, 42 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

გვესაუბრება საშკა იოსელიანის დისშვილი, ცნობილი მსახიობის, ხათუნა იოსელიანის შვილი მაკა შენგელია...

- სამწუხაროდ, ბევრი არაფერი მახსოვს მათი მეგობრობის შესახებ. ვიცი, რომ ერთად სწავლობდნენ და მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც ერთად მუშაობდნენ. საშკა შალვა (მუმუშა)გაწერელიას ჯგუფში იყო, სადაც ერთ პერიოდში მოუხდათ სწავლა... გია ხშირად იყო ჩვენთან სახლში, ბებიაჩემი ძალიან სტუმართმოყვარე იყო, მითუმეტეს საშკას ძმაკაცებს თან ჰყვებოდა.

გია ძნელაძე და კახი კავსაძე - კადრი ფილმიდან "ბანდიტი აგურის ქარხნიდან"

- საშკა იოსელიანს ისეთ სპექტაკლებში მოუხდა თამაში, სადაც მისი გმირი ბოლოს იღუპებოდა...

- ''ჭრილობა“ იყო ასეთი პიესა, ლაშა თაბუკაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში თუ არ ვცდები, გოგი თოდაძემ დადგა... იქ კლავდნენ ფინალში საშკას გმირს და ბებიაჩემი სულ ნერვიულობდა. მერე "ვარსკვლავცვენაში“ დააკავეს, (ნინო კობერიძესთან ერთად თამაშობდა), იქაც კლავდნენ, ბებიაჩემი სულ ამბობდა, ეს ცრურწმენა არ არისო, რაღაც მოუვა, თანაც სიზმარი მაქვს ნანახი, პატარა რომ იყო, შარვალი გადავუჭერი და მოკლე შორტებში დავტოვეო... ეს მისი ცხოვრების მოკლე გზა აღმოჩნდა... ბებია მოესწრო საშკას დაღუპვას და წელიწადნახევარში ინფარქტით გარდაიცვალა, საკუთარ დაბადების დღეზე. 1995 წელს, 7 აპრილს იყო დაკრძალვა.

საშკა იოსელიანი - კადრი ფილმიდან "დათა თუთაშხია"

- თავად საშკას თუ უხსენებია ოდესმე ცუდი წინათგრძნობა?

- ომში რომ მიდის ადამიანი, მან იცის რომ, დაღუპვის საფრთხე დიდია. ყოველი შეტევის წინ ხათუნას ურეკავდა და ლექსებს უკითხავდა, იქნებ სხვა დროს ვეღარ მოვახერხოო...

საშკას და ხათუნას ძალიან ძლიერი კავშირი ჰქონდათ, ხათუნა იყო საშკას მესაიდუმლე და ყველაზე დიდი მეგობარი.

- რას გვეტყოდით საშკას შვილებზე?

- უნიჭიერესი და ულამაზესი ბიძაშვილები მყავს. ნინო მსახიობია, ორი შვილი ჰყავს, გიორგი ძალიან დიდი ხანია ლონდონში ცხოვრობს, ნავთობკომპანიაში მუშაობს, ინგლისელი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს...

- საუბრის დასასრულს ისევ საშკა იოსელიანის შემოქმედებით მხარეზე რომ გავიხსენოთ... ბევრმა არ იცის მისი და მედეა ჯაფარიძის სპექტაკლის "რომეო და ჯულიეტას შესახებ“...

-დიახ, მედიკომ რომეოს როლში ათამაშა საშკას ... მერე მოსკოვშიც გადაიხადა იუბილე და იქაც საშკა თამაშობდა, სადაც მთელი ოჯახი ვუყავით ჩასული. პატარა ვიყავი, ალბათ 9-10 წლის, მაგრამ მახსოვს, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ორი ულამაზესი ადამიანის ყურებამ. საშკა მისი შვილის ლაშა თაბუკაშვილის მეგობარი იყო.