თურქეთში პოპულარული შოუს, "İşte Benim Stilim"-ის ვარსკვლავის, 27 წლის მოდის დიზაინერისა და ინფლუენსერის, აიშეგიულ ერასლანის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გამოძიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება ვიდეო თვალთვალის კამერების ჩანაწერები აღმოჩნდა. დადგინდა, რომ 13 მარტის ღამეს, ვიდრე აიშეგიულს გარდაცვლილს იპოვიდნენ, მის სახლში, ერთი საათით ადრე, სერიალ "იატაკქვეშეთის“ ვარსკვლავი, მსახიობი სუნაი ქურთულუში იმყოფებოდა.
კურთულუში უკვე დაიკითხა პოლიციაში "ინფორმირებული პირის“ სტატუსით. მისი ჩვენების თანახმად, ერთმანეთი სოციალური ქსელით, 3 კვირის წინ გაიცნეს.

იმ საღამოს ერთად ჩაის სვამდნენ, რა დროსაც აიშეგიულმა კაცს "ხუმრობით სილა გააწნა“. მსახიობის თქმით, მას მსგავსი ხუმრობები არ უყვარს, ამიტომ გაბრაზდა და სახლიდან წასვლა დააპირა. წასვლის წინ კი დიზაინერმა ქუდი აჩუქა.
ქურთულუში ამტკიცებს, რომ წამოსვლის შემდეგ აიშეგიულმა ის სოციალურ ქსელში დაბლოკა.
საქმე კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც აიშეგიულის მეგობარმა, სემიჰ ფალანჯიმ, სოციალურ ქსელში ხმაურიანი განცხადება გაავრცელა. ის ამტკიცებს, რომ დიზაინერი მოკლულია და მისი გამოსამშვიდობებელი წერილი კი ყალბი.
"ეს მისი ხელწერა არ არის. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მაჯები აქვს გადაჭრილი და ყელი გამოჭრილი... ჩემი მეგობარი მკვლელობის მსხვერპლი გახდა“, - წერდა ფალანჯი.
ამ განცხადების გამო პოლიციამ სემიჰ ფალანჯი "საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის განზრახ გავრცელების“ ბრალდებით დააკავა.
გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, აიშეგიული ეგვიპტიდან დაბრუნდა. სამართალდამცველებმა მის სახლში იპოვეს წერილი, სადაც ეწერა:

"წლების განმავლობაში ძალიან კარგი ადამიანი ვიყავი, არავისთვის გამიკეთებია ბოროტება, მაგრამ გული მაქვს გატეხილი და ამას ვერ ვუმკლავდები. ბოდიშს გიხდით. გთხოვთ, ჩემს ძაღლებს მიხედეთ... ბავშვობაში ბევრი ძალადობა ვნახე, არც დედის და არც მამის სიყვარული არ მიგრძნია“.
წარსული მცდელობები
გამოძიების ფარგლებში დაიკითხა რეკლამის სპეციალისტი ჰასან თუფანიც, რომელმაც აღნიშნა, რომ აიშეგიულს წარსულშიც ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა (ერთი წლის და ერთი თვის წინ), თუმცა ეს ფაქტები მაშინ სამართალდამცველებისთვის ცნობილი არ გამხდარა.
ამ ეტაპზე ამოღებულია დიზაინერის სამი მობილური ტელეფონი, რომელთა ექსპერტიზამაც ნათელი უნდა მოჰფინოს, რეალურად რა მოხდა მსახიობ სუნაი ქურთულუშის წასვლის შემდეგ იმ საბედისწერო ერთ საათში.