ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სასამართლომ წარდგენილ ყველა ბრალდებაში - ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი:
ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლები, როგორც მის ასევე, მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა "ნახიდურჰესის" 15%-იანი წილი, რომელიც ძმის ცოლის სახელზე იყო გაფორმებული.
რაც შეეხება სასამართლოს განაჩენში ნახსენებ "ამოღებულ ნივთებს", როგორ პროკურორმა განაცხადა, ეს ნივთები მოიცავს: ოქროს მონეტებს და ზოდებს, მეუღლის სეიფიდან ამოღებულ საათს, რომლის ღირებულება 162 000 ლარზე მეტია. ცოლის Cartier -ის ფირმის 81 880 ლარის ღირებულების ოქროს საათს.
როგორც პროკურორი განმარტავს, ჩამორთმეული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა.
"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და რომეო მიქაუტაძე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მოგეხსენებათ, მას ბრალი ედებოდა სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. სასჯელის სახით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას ასევე ჩამოერთვა სხვადასხვა ქონება - უძრავი ქონებები, მათ შორის, ესპანეთში მდებარე ბინა, 3 ავტომანქანა, ასევე ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები. გარდა ამისა, ჩამოერთვა შპს "ნახიდურჰესში" 15%-იანი წილი, რომლის ღირებულებაც იმ პირობებში რომ ჯერ ჰესი ამუშავებული არ არის, 1 500 000 ლარს შეადგენს. უძრავ ქონებებში ასევე შედის წეროვანის ქონებაც", - განაცხადა მარშანიამ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება მეორე ინსტანციის სასამართლოში გაუფორმდეს, პროკურორი პასუხობს, რომ ამისთვის მიქაუტაძის აღიარებაა საჭირო.
"კანონის მიხედვით, საპროცესო შეთანხმება ფორმდება აპელაციაშიც, თუმცა, ისეთი მოცემულობაა, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, წინა პროცესზე მან გააჟღერა ინფორმაცია, რომ განცხადება შემოიტანა, თუმცა, რეალობა სხვა იყო. ის მთელი 4 საათის განმავლობაში საუბრობდა, რომ ის მართალია. ბუნებრივია, ამ პირობებში საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ ხდება. აღიარება ჩვენებაა, სადაც ბრალდებული გულწრფელად ინანიებს დანაშაულს და არა ის, რომ 4 საათის განმავლობაში ამბობდა, მართალი ვარო. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია 8 400 000 ლარზე იყო განხორციელებული, შესაბამისი ქონება იქნა ჩამორთმეული. რაც შეეხება სხვა პროცედურებს, ამას სხვა უწყებები უზრუნველყოფენ, ანუ სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემაში პროკურატურა არაა ჩართული. ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადაეცემა",- განაცხადა მარშანიამ.
გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში - "ფულის გათეთრებაში", სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
განაჩენის გამოცხადებას არც რომეო მიქაუტაძე და არც მისი ოჯახის წევრები არ დასწრებიან.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს.
პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი რამდენიმე ქმედების განხორციელებას ედავებოდა. კერძოდ კი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის - "ფულის გათეთრების" ერთ ეპიზოდს; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 3 ეპიზოდს;
სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ეპიზოდს; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 1 ეპიზოდს.რომეო მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მას ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნულში მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტითაც, რაც უკანონო შემოსავლის უკანონო ლეგალიზაციას - "ფულის გათეთრებას" გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნულში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
იხილეთ ასევე: