ავტორი:

"ბატონი პეტერი ცდილობს, კიდევ გაღმა შემოგვედავოს, იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს - ეს ჰგავს ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას" - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე

"ბატონი პეტერი ცდილობს, კიდევ გაღმა შემოგვედავოს, იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს - ეს ჰგავს ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას" - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე

ახლა ცდილობს ბატონი პეტერი, რომ კიდევ გაღმა შემოგვედავოს, იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს - ეს ჰგავს ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის იმ განცხადებას შეეხებოდა, სადაც ის ამბობს, რომ არსებობს ფაქტები ყულევის პორტის მიერ სანქციებისგან თავის არიდების შესახებ.

  • როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, "ბატონმა პეტერმა დაუშვა შეცდომა და იმიტომ დაუშვა, რომ გაუხარდა. ეს არის ავი სიხარული, რომელიც მაშინ ამოიკითხეთ მის განცხადებასა და სახეში“.

"ეს ჰგავს ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას. მან დაუშვა შეცდომა, როდესაც თავი წარმოიდგინა ევროკავშირის ელჩად და დაიწყო კომენტირება თავის დროზე ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით. ევროკავშირს აქ ჰყავს თავისი ელჩი და არ სჭირდება გერმანიისა და სხვა ქვეყნების მიშველება კომენტარებისთვის. თავს უფლებას აძლევს, რომ ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, ჩაანაცვლოს ის. შესაძლებელია ჰგონია, რომ მას უფრო მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს. თუ რაიმე სათქმელი ექნებოდა, არ უჭირს ბატონ ჰერჩინსკის ამის თქმა და იტყოდა ყველაფერს. დაუშვა შეცდომა და იმიტომ დაუშვა, რომ გაუხარდა. ეს არის ავი სიხარული, რომელიც მაშინ ამოიკითხეთ ბატონი პეტერის განცხადებასა და სახეში, რომ "აი, ქართველებო, ახლა ნახეთ რა მოუვა თქვენს პორტს“. გარდა იმისა, რომ ავი სიხარული დაგვანახა, როგორ უხარია, რაიმე ცუდი რომ მოხდეს საქართველოში, იქვე მეორე შეცდომა დაუშვა, რომ მტკიცებულებები არის წარმოდგენილიო. თვითონ თუ მაინც აქვს ნანახი ეს მტკიცებულება, კაი, ნუ გვაჩვენებს ჩვენ. რა თქმა უნდა, არ აქვს ნანახი, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს.

გახსოვთ, საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ დაიბარეს ევროკავშირის ელჩი და მოსთხოვეს მტკიცებულებები. არცერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რომ საქართველომ რაიმე სანქცია დაარღვია. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სანქციის დარღვევა მოხდა. ამის შედეგი იყო, რომ საბოლოოდ, მივიღეთ წერილი კოორდინატორის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა ცდილობს ბატონი პეტერი, რომ კიდევ გაღმა შემოგვედავოს იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს, იმის გამო, რომ ავი სიხარულით გვამცნო, რაღაც მტკიცებულებები არსებობსო. ამით საკვები მისცა პროპაგანდისტულ მედიას, რომ კიდევ ერთხელ ყოფილიყო საქართველო თავდასხმის ობიექტი. საბოლოოდ, არაფერი დამტკიცდა.

რაც შეეხება მისი განცხადების მეორე ნაწილს [სადაც ის ტელეკომპანია "იმედს“ სანქცირებულ მედიად მოიხსენიებს] მგონი, ბატონ პეტერს ასევე თავი წარმოუდგენია ბრიტანეთის ელჩად, როცა ის საუბრობს სანქციებზე. ეს თავდასხმა არის ბრიტანეთის მხრიდან, თუ არადა, გერმანიამ მიიღოს ეს თავისი გადაწყვეტილებები. რატომ ლაპარაკობს ბატონი პეტერი ბრიტანეთის ელჩის ნაცვლად ან ბრიტანეთის ნაცვლად და იყენებს ასეთ მტრულ იარლიყებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ?! ზოგადად, ამაშიც იკითხება ეს ავი სიხარული და სამწუხაროდ, ამაში იკვეთება ასევე ზიზღი თავისუფალი მედიისა და ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მის გემოვნებას არ შეეფერება.

და ბოლოს, ამგვარი იარლიყების მიკერება, როგორც ჩანს, ჩვევაა. მოვუწოდებდი ბატონ პეტერს, რომ შეეშვას იარლიყების მიკერებას. ეს არ არის ის. რითაც გერმანიის წარმომადგენელი უნდა იყოს დაკავებული სადმე, რომ იარლიყების მიაკეროს და ადამიანების სტიგმატიზება მოახდინოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, არსებობს ფაქტები იმის შესახებ, რომ ყულევის პორტი სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდა. ამავე განცხადებაში, ის ტელეკომპანია "იმედს“ სანქცირებულ მედიად მოიხსენიებს.