“მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, მე მაქვს ერთადერთი რამის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც ჰააგის მექანიზმი არ გვაინტერესებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აქვს თუ არა მას ჰააგის სასამართლოს მოლოდინი.
“რაც შეეხება “მოსკოვის მექანიზმს, ჰააგას და ა.შ. ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არის ასახული “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშში, თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია სიცრუეზე. ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს, მაგალითად ის, რომ ამ ანგარიშის ავტორს პირი უბრუნდება და საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, როდესაც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც პირდაპირ და უხეშად სცადა საქართველოში მედიის გაჩუმება. ეს არის მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, დანარჩენი ყველაფერი არის უინტერესო.
ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც ჰააგის მექანიზმი არ გვაინტერესებს. იმდენად აბსურდულია ეს თემა, რომ საეროდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, ეს არის მთლიანად პოლიტიკური დასკვნა.
როდესაც ერთი ექსპერტი 14 დღეში წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე. 14 დღეში შეისწავლა, დაწერა 100-გვერდიანი დოკუმენტი, რა თქმა უნდა, ეს არის ცარიელი პოლიტიკური დასკვნა და, შესაბამისად, ქართული საზოგადოებისთვის ვერ ექნება ამ დოკუმენტს ფასი.
მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, მე მაქვს ერთადერთი რამის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას”, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ხომ არა გავა საქართველო რომის ხელშეკრულებიდან, კობახიძემ განაცხადა, რომ “არაფრიდან გასვლას არ ვაპირებთ და რომის ხელშეკრულებაში მშვენივრად ვართ“.
“გიდასტურებთ, რომ საქართველო არის რომის სტატუსის მონაწილე ქვეყანა. ბევრი რამის წევრი ქვეყანა ვართ, მათ შორის ვართ ეუთოს წევრი ქვეყანა და ხედავთ, რომ სრულიად არაობიექტური დასკვნა დაიდო. ერთი მეორესთან კავშირში არ არის. ჩვენ ისე ვიმოქმედებთ როგორც ეს ქვეყნის ინტერესებს და ობიექტურ სინამდვილეს შეესაბამება. მთავარი არის ის, თუ რა არის ობიექტური სინამდვილე - მაგალითად გვაქვს დემოკრატიული უკუსვლა თუ დემოკრატიული წინსვლა. ტყუილია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა აქვს და ამას საზოგადოება ხედავს.
საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც 2012 წლის შემდეგ უწყვეტი დემოკრატიული წინსვლა აქვს, მათ შორის არის იმ ქვეყნებზე ბევრად უფრო დემოკრატიული, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს. მე შემიძლია რამდენიმე ქვეყანა ჩამოვთვალო, რომელიც დემოკრატიულობის კუთხით კატასტროფის ზღვარზეა და ისინი აინიცირებენ საქართველოს წინააღმდეგ “მოსკოვის მექანიზმს“. დიდი ბრიტანეთი, რომელმაც სცადა, რომ მედიის თავისუფლება ფეხქვეშ გაეთელა, “მოსკოვის მექანიზმი“ დააინიცირა, სადაც საუბარია მედიის თავისუფლებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იხილეთ ასევე: