აშშ-მა და ისრაელმა ირანზე თავდასხმის პირველივე დღეებში ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელების უმეტესობა გაანადგურეს, თუმცა არ შეხებიან ხარკის კუნძულს - არტერიას, სადაც ირანი ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს ახორციელებს და ამავდროულად ქვეყნის მთავარი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
გასულ შაბათს აშშ-მა კუნძულზე მდებარე სამხედრო ობიექტებს დაარტყა, ხოლო დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის ინფრასტრუქტურასაც დაბომბავს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტის იმ ბლოკადას არ შეწყვეტს, რომელმაც მსოფლიოში ნავთობის კრიზისი გამოიწვია.
ისმის კითხვა, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი პატარა, მარჯნის კუნძული, რომელიც სიგრძეში მხოლოდ 8 კმ-ია, ხოლო სიგანე 4 კმ -ს შეადგენს?

ხარკი ირანის ეკონომიკის “სისხლის მიმოქცევის სისტემის“ ცენტრისა და ამავდროულად, თეირანის რეჟიმის ყველაზე სუსტ წერტილს წარმოადგენს.
რადგან ირანის სანაპიროები ძალიან მეჩხერია და სანაპირო პორტები დიდ ტანკერებს ვერ იღებდნენ, ნავთობის ტერმინალი აქ ჯერ კიდევ ისლამურ რევოლუციამდე, 1960-იან წლებში ამერიკულმა კომპანიამ Amoco-მ ააშენა.

ნავთობის ობიექტების განადგურება ან კუნძულის ოკუპაცია ირანს არსებობისთვის საჭირო შემოსავლებს წაართმევს, თუმცა ეს ომის მასშტაბურ ესკალაციას გამოიწვევს.
ერთის მხრივ, აშშ-ს ამერიკელი ჯარისკაცების ირანში გაგზავნა მოუწევს, ხოლო მეორეს მხრივ ირანს მისცემს მიზეზს, რომ საპასუხოდ სპარსეთის ყურის ქვეყნების საბადოები, ქარხნები და პორტები დაბომბოს. ეს კი შეიძლება არა თუ მრავალთვიანი, არამედ მრავალწლიანი გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიზეზი გახდეს.
ომის დაწყების შემდეგ არც ირანს, არც აშშ-სა და არც ისრაელს სპარსეთის ყურეში მდებარე მთავარი ნავთობისა და გაზის ობიექტები არ დაუბომბავთ. თუმცა ომმა უკვე გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა, რადგან ირანმა იერიშების საპასუხოდ ჰორმუზის სრუტე, სპარსეთის ყურიდან გამავალი ის ვიწრო გზა გადაკეტა, რომლის გავლით ომამდე მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადიოდა (დაახლოებით 20 მილიონი ბარელი დღეში).

ამავე დროს ირანი თავად კვლავ თავისუფლად აგრძელებს ნავთობისა და გაზის ექსპორტს ამავე სრუტით, თანაც ომამდე უფრო დიდი მოცულობით. ევროპული კლიმატური სამსახურის Copernicus-ის სატელიტური სურათების მიხედვით, ყოველდღე ხარკის კუნძულის ნავმისადგომებთან სუპერტანკერები ჩერდება, როგორც ჩანს, ისინი დაახლოებით 2 მილიონ ბარელ ირანულ ნავთობს ტვირთავენ და ჩინეთში მიემართებიან.
რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, მით უფრო ხშირად ჩნდება ვარაუდი, რომ ტრამპი კუნძულს მაინც დაარტყამს. ეჭვები განსაკუთრებით პარასკევს გაძლიერდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ იაპონიიდან სპარსეთის ყურის მიმართულებით სადესანტო ხომალდს USS Tripoli-ს გზავნის, რომლის ბორტზეც დაახლოებით 2500 საზღვაო ქვეითი იმყოფება. ტრამპს მაშინვე დაუსვეს კითხვა, თუ რას გეგმავდა ხარკის კუნძულთან დაკავშირებით, თუმცა მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.
როგორც კვლევითი ცენტრის CSIS-ის ექსპერტები აღნიშნავენ “ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაზიანება ან განადგურება მსოფლიოს დიდი ხნით დატოვებს ირანული ნავთობის გარეშე და შეიძლება ირანის მხრიდან კიდევ უფრო ძლიერი ესკალაცია გამოიწვიოს.“
კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკის პოლიტიკის ცენტრის მკვლევრის დენიელ სტერნოფის თქმით, არც აშშ და არც ირანი მთავარი ნავთობის ტერმინალების, მილსადენებისა და ქარხნების სრულ განადგურებას არ ცდილობენ, ზოგიერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს მართლაც დაესხნენ თავს, მაგრამ ზიანი მინიმალურია და, სავარაუდოდ, ეს განზრახ არ გაკეთებულა.

თავის მხრივ ირანის მოქმედი ლიდერები აცხადებენ, რომ ხარკზე თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება. მათი თქმით, თუ ირანი სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტს ვერ შეძლებს, ამას საშუალებას არც სხვებს მისცემს.

ირანის საპასუხო დარტყმის რისკის გარდა არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ იმედოვნებს, “ვენესუელის სცენარის“ მსგავსად, ირანში ხელისუფლება უფრო დამყოლი ხელმძღვანელობით ჩაანაცვლოს, თუმცა ხარკის განადგურება ქვეყანას ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალს წაართმევს და ნებისმიერ ხელისუფლებას ქაოსში ჩაძირავს. კუნძულის ოკუპაცია ამ პრობლემას გადაწყვეტდა, მაგრამ ამისთვის ირანში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა იქნებოდა საჭირო, რასაც ტრამპი არაერთხელ დაჰპირდა ამომრჩევლებს, რომ არ გააკეთებდა.
ანალიტიკოსების თქმით, ირანის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ხარკზე თავდასხმის გარეშეც არის შესაძლებელი.

კუნძულზე მდებარე ტერმინალს დღეში 5–7 მილიონი ბარელი ნავთობის გადატვირთვა შეუძლია, თუმცა დასავლური სანქციების გამო ომამდე ირანი ექსპორტზე მხოლოდ დაახლოებით 1.5 მილიონ ბარელს აგზავნიდა. აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის წინა პერიოდში ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ზოგ დღეებში კი 3.7 მილიონ ბარელამდეც ავიდა. კუნძულზე ასევე განთავსებულია ნავთობის საცავები, სადაც დაახლოებით 28 მილიონი ბარელი ნავთობი ინახება და ამერიკული და ისრაელის რაკეტებისთვის მარტივ სამიზნეს წარმოადგენს.
ვაშინგტონის ინსტიტუტის მკვლევარი ფარზინ ნადიმის თქმით ირანის ნავთობის ექსპორტის სრულად პარალიზება კუნძულზე თავდასხმის გარეშეც არის შესაძლებელი. საკმარისია დაიბომბოს ან სხვა გზით (კიბერშეტევით, ელექტროენერგიის გათიშვით ... ) მწყობრიდან გამოვიდეს ბუშერის პროვინციაში, სოფელ გორეხთან მდებარე სატუმბი სადგური, საიდანაც მილსადენები მიდის არა მხოლოდ ხარკის კუნძულზე, არამედ ახალ ტერმინალ იასკშიც, რომელიც ომანის ყურეში მდებარეობს და ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით მუშაობს.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით, ომამდე ალტერნატიული გზა თითქმის არ გამოიყენებოდა, თუმცა თეორიულად ეს საშუალებას აძლევს ირანს დღეში მინიმუმ 1 მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანოს და შესაბამისად, ჰორმუზის სრუტის დანაღმვა საკუთარი ექსპორტისთვის შედარებით მცირე ზიანის მიყენებით მოახდინოს.
იხილეთ ასევე: