“პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
„ამ თემაზე მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და დავპირდი მათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვიდრე არ გავივლით საბოლოო კონსულტაციებს მათთან. ჩვენ გვაწუხებს ამ საკითხის ყველა ასპექტი - ერთ მხარეს არის გარემოს დაცვითი ინტერესები, მეორე, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები. პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, მათ შორის არის ონკოლოგიური დაავადებები, ნაყოფთან დაკავშირებული დაავადებები, სხვადასხვა კატეგორიის ნევროლოგიური დაავადებები. თუმცა, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები, ბიზნესის ინტერესები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება.
აბსოლუტურად ღია ვართ. ჩვენ არ გვინდა დავაზარალოთ ბიზნესის ინტერესები, არც ფასების გაძვირება გვინდა პროდუქტებზე. შესაბამისად, იქნება ის გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც თანაბრად დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და მეორე მხრივ, ბიზნესის ინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.