ავტორი:

წყვდიადი და არეულობა კუბაზე: ქვეყანაში 10 მილიონ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება: რა ხდება სახელმწიფოში, რომელსაც ვენესუელას ბედს უწინასწარმეტყველებენ

წყვდიადი და არეულობა კუბაზე: ქვეყანაში 10 მილიონ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება: რა ხდება სახელმწიფოში, რომელსაც ვენესუელას ბედს უწინასწარმეტყველებენ

კუბაში, რომლის წინააღმდეგაც დონალდ ტრამპმა, ფაქტობრივად, ნავთობის ბლოკადა დააწესა, ორშაბათს სრულად გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდება. როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია მთელს კუნძულზე სრული “ბლექაუთი“, რომლის დროსაც დაახლოებით 10 მილიონი აბონენტი სიბნელეში დარჩა.

კუბის ქსელის ოპერატორის, UNE-ს განცხადებით, მიმდინარეობს გათიშვის კონკრეტული მიზეზის დადგენა.

კუბის ელექტროენერგიის გამომუშავებისა და გადაცემის სისტემა უკიდურესად მყიფეა და ადრეც ჰქონდა პრობლემები, თუმცა ახლა ამ პრობლემებს ელექტროსადგურებისთვის საწვავის ნაკლებობა ამძიმებს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მ იანვრის დასაწყისში კუბისადმი მეგობრულად განწყობილი ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავა, კუნძულზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება, ფაქტობრივად, შეწყდა.

  • როგორც AFP იუწყება, კუნძულის სხვადასხვა ნაწილში ელექტროენერგიის რამდენიმე საათიანი გათიშვა ნორმად იქცა. მარტის დასაწყისში, ქვეყნის მთავარ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო, სრული გათიშვა კუნძულის ორ მესამედს შეეხო.

"როიტერის" ცნობით, კუბის პორტებმა წელს მხოლოდ ორი პატარა საწვავის გემი მიიღეს. ერთი - რომელიც ნავთობს დატვირთავდა, ხოლო მეორე, რომელიც თხევად ნავთობგაზს დატვირთავდა.

  • მზარდი უკმაყოფილება

ელექტროენერგიის გათიშვამ, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტმა კუბაში საპროტესტო აქციები გამოიწვია. 14 მარტს კუნძულზე იშვიათი ინციდენტი მოხდა: მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს მმართველი კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინას ქალაქ მორონში.

"როიტერის" ცნობითვე, საღამოობით, სიბნელეში, ხალხი ქუჩებში გამოდის ტრადიციული ლათინოამერიკული მსვლელობით და სკანდირებს “თავისუფლება!“.

  • 14 მარტს, მას შემდეგ, რაც კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინას ცეცხლი წაუკიდეს, კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა X-ზე დაწერა, რომ “ესმის მოქალაქეების იმედგაცრუება ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის გამო და მათ პრეტენზიებს ლეგიტიმურად მიიჩნევს".

ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბას შესახებ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ვენესუელასა და ირანის შემდეგ, ხელმძღვანელობას კუბაშიც შეცვლის.

  • “მთელი ჩემი ცხოვრებაა მესმის აშშ-სა და კუბის შესახებ. როდის გააკეთებს ამას აშშ? ეს დიდი პატივი იქნება. გავათავისუფლებ მას თუ მასზე კონტროლს დავამყარებ - ვფიქრობ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რაც მსურს. ახლა ეს ქვეყანა ძალიან დასუსტებულია“, - განაცხადა ტრამპმა.

13 მარტს კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული ნავთობის ბლოკადის გამო შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მოსაგვარებლად ჰავანასა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

ამასთანავე, New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიგელ დიას-კანელის კუბის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება სურს. გამოცემის წყაროების ცნობით, ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კუბის დელეგაციას ბოლოს გამართული მოლაპარაკებებისას განუცხადეს.

წყარო

იხილეთ ასევე: