შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1982 წელს დაბადებულმა იაკობ კაცაძემ სხვადასხვა პირების შსს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში უკანონოდ გადამოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-იდან-9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დაცვის პოლიციის თანამშრომელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კარლო ურუშაძე ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 - წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.