ტექნოლოგიები ყოველწლიურად ვითარდება, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე ამ მიმართულებით ქალთა პოტენციალის სრული რეალიზება კვლავ გლობალურ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მისიას ემსახურება ევროპის გოგონების ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI). ის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც 2021 წლიდან მოყოლებული, ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენასა და ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერებას ემსახურება. საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე პირველად 2022 წელს იასპარეზა და მას შემდეგ არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი, ქეთევან ციმაკურიძემ კი ევროპის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულიც დაიმსახურა.
წელს ამ საპასუხისმგებლო გზაზე ქართველი მოსწავლეების მხარდასაჭერად BTU-სა და თიბისის პარტნიორობით შეიქმნა ტექ ოლიმპიადების ჰაბი. ის წარმოადგენს ერთიან პლატფორმას და უზრუნველყოფს მოსწავლეთა შერჩევასა და მომზადებას ისეთი მასშტაბური საერთაშორისო ჩემპიონატებზე ასპარეზობისთვის, როგორიცაა:
ჰაბის ფარგლებში, BTU კოორდინირებას უწევს მოსამზადებელ ბანაკებს, ტრენინგებსა და მენტორულ პროგრამებს, სადაც ჩართულნი არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები და გამოცდილი მწვრთნელები. პლატფორმა უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების ფორმირებას, წვრთნასა და მხარდაჭერას ევროპისა და მსოფლიოს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე, რათა საქართველო ტექნოლოგიურ სფეროში ღირსეულად წარმოჩინდეს და საუკეთესო საოლიმპიადო შედეგები დააფიქსიროს.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და დეველოპერული კომპანია ბლოქსი.
რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლე გოგოს, რომელსაც ინფორმატიკა უყვარს და აინტერესებს. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მზიურისა” ვლადიმერ კომაროვის ფიზიკა მათემატიკის 199 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი პავლიაშვილი გასულ წელს უკვე მონაწილეობდა ოლიმპიადაში. როგორც თავად გვიყვება, პროგრამირებას თავიდან მხოლოდ პერსპექტიული მომავლის პროფესიად აღიქვამდა, რეალური ინტერესი კი მაშინ გაჩნდა, როდესაც საგნის სიღრმისეულად შესწავლის შანსი გამოიყენა.
„დროთა განმავლობაში, EGOI-სთვის მზადების პროცესში, რაც უფრო მეტს ვსწავლობდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს საქმე მომწონს, მაბედნიერებს და გამომდის კიდევაც. ეს ყველაფერი ჰგავდა ჩემი თავის ხელახლა აღმოჩენას,“ - იხსენებს იგი.
ლიზი მიიჩნევს, რომ წარმატების გასაღები არა მხოლოდ კოდის წერაში, არამედ აზროვნების პროცესის მუდმივ დახვეწაშია. მისი მომზადების სტრატეგია რთული ამოცანების ძიებაზე გადის, რაც მას ახალი მეთოდების ათვისებასა და პრობლემების მარტივი გზით გადაჭრაში ეხმარება. თუმცა, ოლიმპიური დონის შეჯიბრებაზე მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის. აქ გადამწყვეტი ცივი გონება და სტრესის მართვაა.
„სტრესი მხოლოდ უარყოფითად აისახება და ხელს გიშლის ამოცანაზე ფიქრში. ოლიმპიადის დროს უნდა გაითვალისწინო, რომ შედეგი კი არ არის გადამწყვეტი, არამედ მონდომება და მიღებული გამოცდილება,“ - ამბობს ლიზი და თანატოლებს ურჩევს, რომ დრო სწორად გაანაწილონ და არ შეეშინდეთ ერთი ამოცანიდან მეორეზე გადართვის.
მეათე კლასელი ოლიმპიელი მარიამ ცაგარელი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბარიერზე საუბრობს. ეს არის შიში, რომელიც ბევრ გოგონას აფერხებს.
„თავიდან მეც მქონდა შიში, მეგონა, რომ ალგორითმული აზროვნება რაღაც მიუწვდომელი ნიჭის სფერო იყო,“ - აღიარებს მარიამი. თუმცა, პირველივე წარმატებულმა მცდელობამ მას ის განსაკუთრებული აზარტი აგრძნობინა, რასაც მხოლოდ რთული გამოწვევის დაძლევა იძლევა.
მისი თქმით, პროგრესი ნიჭზე მეტად სისტემურ შრომაზეა დამოკიდებული, წარმატება კი ათასობით საათის ნაყოფია. მარიამს მომზადების თავისებური, საინტერესო მეთოდი აქვს: ასობით მარტივი ამოცანის ნაცვლად, ის ირჩევს ერთს, რომელიც ყველაზე მეტად „აწვალებს“.
„ხშირად საუკეთესო იდეები მაშინ მომდის, როცა კომპიუტერს ვცილდები, წყალს ვსვამ ან ოთახში დავდივარ... ყოველი შეცდომა კოდში გიჩვენებთ, რა არ მუშაობს, რაც სწორ პასუხთან გაახლოებთ,“ - გვიზიარებს თავის გამოცდილებას და დასძენს, რომ თავდაჯერება სწორედ მუშაობის პროცესში იბადება და არა პირიქით.
გოგონები თანხმდებიან, რომ EGOI-ს გარემო გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კონკურენცია. ტექნოლოგიურ სექტორში, სადაც ქალები ხშირად უმცირესობაში არიან, ასეთი პლატფორმები ფსიქოლოგიურ წნეხს ხსნის. მარიამის თქმით, როცა ხედავ ასობით მოტივირებულ გოგონას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ხვდები, რომ შენი ამბიციები აბსოლუტურად რეალურია. ლიზი კი ამას გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ დიდ მოტივაციად მიიჩნევს.
„EGOI-მ დამარწმუნა, რომ გოგონებსა და ბიჭებს თანაბრად შეუძლიათ თავიანთი შესაძლებლობების გამომჟღავნება და წარმატების მიღწევა,“ - აღნიშნავს ის.
დღეს, როდესაც 2026 წლის ოლიმპიადისთვის მზადება და საქართველოს ნაკრების შერჩევა უკვე დაწყებულია, ლიზი და მარიამი სხვა გოგონებს გამბედაობისკენ მოუწოდებენ.
„ყველაზე დიდი შეცდომა იმაზე ფიქრია, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ „გენიოსები“ მიდიან. ოლიმპიადაზე მოსასვლელად არა იდეალური ცოდნა, არამედ ინტერესია მთავარი,“ - ამბობს მარიამი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში EGOI-სთვის მოსამზადებელ პროცესს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უწევს კოორდინაციას. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია მითითებულ ბმულზე და ის 21 მარტამდე გაგრძელდება.
R