აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში უპრეცედენტო სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს.
ცნობილია, რომ სპეცოპერაციის დროს დაშავდა 68 წლის ქალი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. ის, ერთ-ერთი დაკავებულის დედაა.
გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი აცხადებს, ორმა პირმა, ძმებმა ჯაყელებმა, დაკავებამდე თვითდაზიანება მიიყენეს. როგორც დაკავებულების დედა ამბობს დაზიანება ბიჭებმა იმის გამო მიიყენეს, რომ 'შეეშინდათ, პოლიციას არაფერი ჩაედო".
"ჩემი შვილები არიან დაკავებულები, უჩა და ბაჩანა ჯაყელები, ასევე მათი მეგობარი ხვიჩა დუმბაძე. ვიცოდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა (როცა სპეცოპერაცია დაიწყო). ვფიქრობდით ან იარაღს ან წამალს ჩაუდებდნენ. ბიჭები შეშინდნენ. ორივეს ყელი აქვს გადაჭრილი. ხელზე ჭრილობები აქვთ მიყენებული. რის გამო? არ გვპასუხობენ, რომ ავიყვანთ, მერე გეტყვითო. ჯერ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. ეს იმის გამო, რომ ეშინოდათ, რომ არაფერი ჩაგვიდონო. ამბობენ, ესენი იყვნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებიო. ჩემი შვილები არც კრიმინალები ყოფილან და არც "ქურდები". მათ არც ქურდობა სდომებიათ. რადგან ნათლია ჰყავთ თენგო თავდგირიძე (სავარაუდოდ ქურდული სამყაროს წარმომადგენელი - ავტ), მას ელაპარაკებოდნენ-ხოლმე. სად არის სამართალი? უდანაშაულო ხალხს რა დღეში აგდებენ? სროლით უნდა ამოხვიდე მაღლა? კაი გაჩხრიკე, მაგრამ უდანაშაულოდ იჭერენ ახლა და ამას ნამდვილად ვიტყვი" - ამბობს დაკავებული ძმების დედა ეთერ თურმანიძე.



"რომ მოვედი პოლიცია იყო აქ, შევიხედე დედაჩემი იყო ძალიან ცუდად. არ მიშვებდნენ შიგნით. დედაჩემი რომ წაიქცა, შიგნით შევვარდი, პოლიციამ გამომიყვანა გარეთ, ამის შემდეგ დავინახე დედაჩემი გამოიყვანეს, ფეხი ჰქონდა შეხვეული და მითხრა, მესროლესო. საავადმყოფოში წაიყვანეს დედაჩემი, ჩვენც აქ მოვედით, მალევე გვითხრეს, რომ თქვენი პაციენტი იწერებაო, დაჭრილ კაცს გვატანდნენ უკან. ქალებმა რომ დაიწყეს ყვირილი, მთელი პოლიცია მოვიდა. ახლა ისევ კლინიკაშია დედაჩემი", - ამბობს დაკავებული ხვიჩა დუმბაძის ძმა.
ბათუმში, სპეცოპერაციისას დააკავეს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეებიც დააკავეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის მეუღლემ დაუდასტურა.

"რეზო იყო ფირუზთან ერთად, შევარდნენ და დააკავეს. აბუსერიძის ქუჩაზე იყო სპეცოპერაცია. სპეცრაზმით იყო ეზო სავსე. სახლში არ შეგვიშვეს. რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, ვკითხეთ იქ პოლიციელებს, რატომ იჭერთ-მეთქი და ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულიო. აბსურდია. რეზო და ფირუზი პირიქით, მაგ სამყაროს ებრძვიან. ასევე დაკავებულია ელდარ ანთაძე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნარი ფუტკარაძემ.
ჯერჯერობით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია შსს-ს არ გაუვრცელებია.
წაიკითხეთ ასევე: