ცენტრალურ ესპანეთში, ტოლედოში, ესკალონას ციხის ნაწილი ტურისტების თვალწინ ჩამოინგრა.
ინციდენტის მომენტი კამერამ დააფიქსირა. ვიდეოში ჩანს, როგორ იწყებს ციხის ნაწილი ჩამოშლას, ქვები და ნანგრევები სწრაფად ცვივა და იფანტება, ხოლო იქ მყოფი ადამიანები გარბიან და შოკირებულები აკვირდებიან მოვლენებს.


ციხე-კოშკის ჩამოშლის შედეგად დაზიანდა ახლოს მდგომი რამდენიმე მანქანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხელისუფლებამ ტერიტორია გადაკეტა, ექსპერტები კი ზარალის მასშტაბებს აფასებენ.


ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ჩამონგრევა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა ნაგებობის სიძველე ან სტრუქტურული დაზიანება იყოს.
ინციდენტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები მოკვლევას უკვე აწარმოებენ.

შუა საუკუნეების ციხე-კოშკი ცენტრალურ ესპანეთში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლად ითვლება. მე-15 საუკუნეში კასტილიის კონსტებლის, დონ ალვარო დე ლუნას მიერ აშენებული შენობა რეკონკისტასა და კასტილიურ კონფლიქტებში სტრატეგიულ ადგილად მიიჩნეოდა.