შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს. კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს.
ამის შესახებ შს მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა შორის სამი ქალია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.
"დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე მუხლის სეკუნდა და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, ასევე გამოძიებაზე პროცესუალურად ხელმძღვანელ პროკურორებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აღნიშნული ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში.
ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ქართველი სამართალდამცველებისთვის ორგანიზებულ დანაშაულთან და განსაკუთრებით ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ვმოქმედებთ და მომავალშიც ვიმოქმედებთ პრინციპულად, მკაცრად და ყოველგვარი კომპრომისების გარეშე.
ნებისმიერი პირი, რომელიც არღვევს კანონს და ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება" - აღნიშნა გელაძემ.
წაიკითხეთ ასევე: