ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სპეცოპერაციის შედეგად დაშავებული 68 წლის ქალი და მისი ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, პოლიციის სამმართველოსთან მივიდნენ და განმარტებებს ითხოვენ.
ბათუმის პოლიციის სამმართველოს შენობასთან სხვა დაკავებულების ახლობლებიც იმყოფებიან.
"გამთენიისას, კარზე ბრახუნის ხმა მომესმა. პოლიცია იყო და მითხრეს, კარი გახსენიო. ავდექი, მაგრამ კარები გასაღებით ვერ გავაღე, ამის თქმა და „ზალაში“ ფანჯრის ჩამოვარდნა ერთი იყო. 2-3 პოლიციელი შემოვარდა ოთახში. წავიდნენ ბავშვისკენ და მეც წავყევი. ბავშვის ოთახში შევიდნენ. დავინახე რომ მინას მოარტყეს, მოტეხეს. ვუთხარი, რას აკეთებთ, ნაქირავებში ვართ-მეთქი. ზარალში ნუ გვაგდებთ-თქო. არ გაინძრეთ, თორემ გესვრითო. რატომ უნდა მესროლოთ, რამე დავაშავე-თქო?! ახლოს არ მოხვიდეთ, თორემ გესვრიო, რატომ უნდა მესროლოთ-მეთქი. ვეხვეწებოდი ნუ მაზარალებთ, არ დაამსხვრიოთ-მეთქი... ბიჭმა დაიყვირა, რა ქენით, დედაჩემს ესროლეთო?! უკნიდან ვიღაცამ მოაძახა, გაისროლეო? „ზალაში“ რომ გამოვედი, სისხლი მდიოდა ფეხიდან“, - აღნიშნა თამარა მიქელაძემ.
წაიკითხეთ ასევე: