90-იანი წლების პოპულარული სერიალის, "მაშველების" ვარსკვლავი ალექსანდრა პოლი ძაღლსაშენში უკანონო შეჭრისთვის დააკავეს.
მსახიობი გასულ შაბათს პოლიციამ ვისკონსინში დააკავა. როგორც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან გაირკვა, ის ძაღლსაშენიდან ძაღლების უკანონო გათავისუფლებაში მონაწილეობდა.

62 წლის მსახიობთან ერთად, ოპერაციაში მონაწილე კიდევ 19 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგანი აქტივისტები და ცხოველთა უფლებადამცველები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით აქტივისტებმა შენობიდან 31 ძაღლი გაიყვანეს, საიდანაც სამართალდამცავებმა რვის უკან დაბრუნება მოახერხეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, Ridglan Farms- ში იმ ძაღლებს ამრავლებენ, რომლებიც სამეცნიერო კვლევებში გამოიყენება, ამიტომაც წარსულშიც ის არაერთხელ გამხდარა ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტების სამიზნე
დეინის ოლქის შერიფის ოფისმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
“ვაცნობიერებთ რამდენად ძლიერად განიცდიან ადამიანები Ridglan Farms-ში მყოფი “ბიგლების“ ბედს და პატივს ვცემთ მათ უფლებას, გამოხატონ ეს ემოცია მშვიდობიანი პროტესტის გზით, ჩვენი მოვალეობაა ყველას უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რეაგირება მაშინ, როდესაც კანონდარღვევას აქვს ადგილი. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ცხოველთა კეთილდღეობასთან ან კვლევით პრაქტიკასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს, იმოქმედონ კანონიერი გზებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრა პოლის ცხოველთა უფლებების საკითხებში ჩართულობის გამო, ბოლო წლებში სამართალდამცავებთან არაერთი კონფლიქტი ჰქონდა.
მსახიობს ბოლოს ბრალი მანამდე ქურდობისთვის წაუყენეს - კერძოდ, 2021 წელს სატვირთოდან თვითნებურად ორი ქათამი აიყვანა, თუმცა მოგვიანებით უდანაშაულოდ ცნეს.