ავტორი:

"დასრულდა ერთი დიდი ისტორია ამ ქვეყნის. დაიხურა ეპოქა" - რას წერენ სოციალურ ქსელში და როგორ ემშვიდობებიან პატრიარქს

"დასრულდა ერთი დიდი ისტორია ამ ქვეყნის. დაიხურა ეპოქა" - რას წერენ სოციალურ ქსელში და როგორ ემშვიდობებიან პატრიარქს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვალ, 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

ცნობილი ადამიანები პატრიარქის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია:

- სადღაც პირველად ასეთი ვნახე, 1980 იან წლებში ზვიადს რომ დავყავდით სიონის ეკლესიაში ბავშვები. მერე 9 აპრილს ვნახე და შემდგომში, 1990 წელს ოქტომბრის სესიაზე და 1991 წლის 9 აპრილს ისევ. შემდეგ საქართველოში რომ დავბრუნდი, ხშირად მიწევდა ხოლმე შეხვედრა და საუბარი, საკმაოდ ახლოს ვიყავი მასთან, დამეთანხმებიან ჩემი შემოსილი და შეუმოსავი მეგობრები.

ბევრი გვაქვს ნასაუბრები ძალიან ბევრ თემებზე, არ არის ძნელი მისახვედრი რაზეც. ბევრ რამეში ვეთანხმებოდი და ბევრ რამეზე გვიმსჯელია კიდევაც. დიდია მისი წვლილი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე და ბევრჯერ გაუყვანია თავისი ნიჭით და ავტორიტეტით ქვეყანა სამშვიდობოს. პატივს ვცემდი და გვქონდა საუკეთესო ურთიერთობა, ძალიან განიცდიდა ბოლოს ცოტნეს ამბავს. გამჩენმა აცხონოს მისი სული და როგორც ყველა მოკვდავებს, მასაც მიუტევოს შეცოდებანი მისნი. ვუსამძიმრებ ყველა მართლმადიდებელ ქართველს და სრულიად საქართველოს.

ისტორიკოსი ჯაბა სამუშია:

- ჩვენი პატრიარქი, რომელმაც შექმნა ეპოქა საქართველოს ისტორიაში. მადლობა ყველაფრისათვის. ზეციურ საქართველოში ჩვენს ერს კიდევ ერთი დიდი წმინდანი და მლოცველი შეემატა.

მწერალი, გიორგი კეკელიძე:

- საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გარდაიცვალა.დღემდე მახსოვს მისი თბილი წერილი, რომელიც მამაჩემის გარდაცვალების გამო მივიღე.ვწუხვარ. ვუსამძიმრებ მართლმადიდებელ მრევლს და არა მხოლოდ.

ჟურნალისტი, გიორგი გასვიანი:

- მისი უწმინდესობა გარდაიცვალა! 11 წელი აფხაზეთში მღვდელმთავრად იმსახურა! მხოლოდ მისი სიტყვების მჯეროდა ბავშვობიდან, რომელიც პირადად მითხრა, 15 წლის რომ ვიყავი: "გიორგი , ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში!".. ეს სიტყვები რწმენის ტოლფასია ჩემთვის!ვისაც გიყვართ ილოცეთ ყველამ.

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე:

- საოცარი სიმშვიდე სიყვარული და არამიწიერი ძალის ენერგია მოდიოდა მისი უწმინდესობისგან... მეგონა არასდროს დასრულდებოდა. მახსოვს, ერთხელ უცხოელი ჟურნალისტი მყავდა მასთან ინტერვიუზე, რომლისთვისაც მიუწვდომელ და საინტერესო რესპონდენტთან დაგეგმილი ინტერვიუ იყო, ამ განწყობით მოდიოდა და უხაროდა რომ პატრიარქი დათანხმდა.

წინასწარ არაფერი მითქვამს პატრიარქის საოცარ ენერგიაზე, რადგან ზუსტად ვიცოდი რაც მოხდებოდა... უწმინდესი მიესალმა და თავზე ხელი გადაუსვა... და პატარა ბავშვივით ინტერესით კითხა რა აინტერესებდათ მისგან. რამდენიმე წუთი ჟურნალისტი მონუსხული, გაქვავებული ტიროდა, ხმას ვერ იღებდა, მისი უწმინდესობა ეფერებოდა და ამშვიდებდა. ინტერვიუს დრომ გადააჭარბა, რადგან დიდხანს ვერ საუბრობდა ჟურნალისტი. როცა წამოვედით სულ ჩუმად იყო, „ის მიწიერი ადამიანი არ არის ნათია“ - ძლივს მონახა თავში ძალა ეს სიტყვები ეთქვა... გასახსენებელი ბევრი გვაქვს.

პეტრე კოლხი:

26 ის ვიყავი, პატრიარქმა პირად არქივში შემიშვა და მასზე მიძღვნილ ლექსებს ვარჩევდი…. ათასობით ტექსტი იყო, საუკეთესოები შევკარი, მასთან შევათანხმე და მეუფე ეფრემის დახმარებით წიგნად გამოვაქვეყნე…. კრებულს ,,მოსე ქართველი” ვუწოდე….მე ის მიყვარდა…. ბევრი კარგი მახსოვს მისგან, ბევრი მოსაგონარი დამრჩა…სამების ახალგაზრდულ ცენტრში, კვირის ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა, მაგრამ შენ პოეტი ხარ, უკეთესად გამოგივაო და მე ჩამაბარა…. სნოში, მისი ბავშვობის სახლში პოეზიის საღამო მომიწყო, მისი კურთხევით პაოლო იაშვილს, დიდუბის პანთეონში წესი ავუგე…. გამორჩეულად მოსწონდა ჩემი ლექსები….ვწუხვარ პატრიარქო, ბოლო გზაზე ვერ გაცილებ….

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:

- დასრულდა ერთი დიდი ისტორია ამ ქვეყნის. დაიხურა ეპოქა, რომელსაც მისი სახელი ერქვა.და მგონია, რომ აღარავინ იქნება მისი სიდიდის.

მსახიობი ანა სანაია:

- რა უნდა ვთქვა. მამა გრიგოლმა მის წინ დაიჩოქეო და სრულიად უსასოო ერთი ხელის შეხებით გამოვჯანმრთელდი…