ავტორი:

"გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა, ვისი სიტყვაც ყველაზე დიდი წონისა იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში" - პოლიტიკოსების სამძიმარი

"გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა, ვისი სიტყვაც ყველაზე დიდი წონისა იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში" -  პოლიტიკოსების სამძიმარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას სხვა მოქალაქეებთან ერთად, ეხმიანებიან პოლიტიკოსებიც. სამძიმრის წერილებს ისინი სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

მამუკა ხაზარაძე:

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს და სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს, კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის — ილია მეორის გარდაცვალების გამო. ნათელში იყოს მისი სული ზეციურ საქართველოში.

მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო უწმინდესის მიმართ მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთისთვის და იმ სითბოსთვის, რასაც ჩემი შვილების, ჩემი ოჯახის მიმართ იჩენდა.

არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ისტორიის ნაწილი არ ხდებიან — ისინი ეპოქას განსაზღვრავენ. სწორედ ასეთი ადამიანი იყო ჩვენი უწმინდესი. იგი მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო სულიერი სიმშვიდის, სიბრძნისა და ერთობის სიმბოლო ქართველი ხალხისთვის.მისი ცხოვრება და მსახურება მაგალითია შინაგანი სიმტკიცის, მოთმინების, რწმენისა და ადამიანებისადმი გულწრფელი სიყვარულის. ყველაზე რთულ დროსაც კი, ის რჩებოდა იმედისა და სულიერი საყრდენის წყაროდ ჩვენი საზოგადოებისათვის.საქართველოს უახლეს ისტორიაში მისი ადგილი განსაკუთრებულია — როგორც სულიერი ლიდერისა და როგორც ადამიანის, რომელმაც თავისი მშვიდი სიტყვითა და პირადი მაგალითით არაერთხელ გაამხნევა და გააერთიანა საზოგადოება.

ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს.

ნიკა გვარამია:

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა.

ის, ვისი სიტყვაც საქართველოში ყველაზე დიდი წონისა იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

ის, ვინც რელიგიური მოღვაწე იყო, მაგრამ უყვარდა არა მხოლოდ მის მრევლს, არამედ სხვა რწმენის ქართველებსაც, აგნოსტიკოსებსაც და ათეისტებსაც.

ის, ვინც სულიერი ლიდერიც იყო და მრავალმხრივ ნიჭიერი კაციც, შემოქმედი, კულტურტრეგერიის, ვინც იყო უწმინდესი და უნეტარესიც, და ასევე ძალიან საინტერესო და მრავლისმნახველი ადამიანი და მოღვაწე ამა ქვეყნისა, უმდიდრესი გამოცდილებით და ანალიზისა და თხრობის გასაოცარი უნარით.

ის, ვისი აფხაზეთში მოღვაწეობა, ჯერ კიდევ 50 წლის წინ, ქრისტიანულ მსახურებასთან ერთად, დიდ პატრიოტულ მისიას მოიცავდა. და ვისაც მეხსიერებიდან არასდროს წაუშლია სოხუმის ნინოშვილის ქუჩა, სადაც ცხოვრობდა, და არასდროს განელებია იქ დაბრუნების იმედი.

გაანათლოს მისი სული უფალმა. ღმერთმა დაიცვას მისი სამშობლო და მისი ხალხი.

გიორგი გახარია:

ყველა ჩვენგანისთვის მძიმე დღეა…ერთი ეპოქა დასრულდა, რომელიც შექმნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II, რომლის სულიერი ძალა და სიბრძნე მრავალი წლის განმავლობაში იყო ნუგეში და იმედი უამრავი ადამიანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის.ვუსამძიმრებ ჩვენს ხალხს და ეკლესიას,სრულიად ქრისტიანულ სამყაროს.