ავტორი:

საელჩოებისა და პარტნიორების სამძიმრის წერილები პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ

საელჩოებისა და პარტნიორების სამძიმრის წერილები პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ

საქართველო გლოვობს - 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II გარდაიცვალა. სანამ ქვეყანა უწმინდესის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ემზადება, ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს.

  • სასულიერო ლიდერების სამძიმარი

ერთ-ერთმა პირველმა, სამძიმრის ტექსტი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გამოაქვეყნა.

"მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების ამბავი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, სულიერი ლიდერის, რომელმაც ცხოვრება ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე აცხადებს, რომ ილია II, მსახურების მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მრავალი მორწმუნის სულიერი წინამძღოლი იყო და ცდილობდა რწმენის განმტკიცებას, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას და საზოგადოების სულიერ განახლებას სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ.

„ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიან შემოჭრას განიცდის. პატრიარქ ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი ადამიანი შთააგონა, დაეხმარა განსაცდელების დაძლევასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი, განსაკუთრებით რუსი დამპყრობლების მიერ პროვოცირებული ომების დროს. გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს და ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს წინამძღვარი, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამაც იყო“, - წერს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, თანამედროვე მართლმადიდებლობის მაღალღირსი მოღვაწისა და სარწმუნოების ურყევი აღმსარებლის, გარდაცვალების შესახებ, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელების, ასევე განახლების პერიოდებში. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა თაობიდან თაობამდე!“- აღნიშნულია წერილში.

  • საელჩოებისა სამძიმარი

დილიდან თითქმის ყველა ქვეყნის საელჩო უსამძიმრებს საქართველოს. აღსანიშნავია, რომ სამძიმრის წერილები, რომელიც მათ "ფეისბუქ" გვერდებზე ვრცელდება ქართულ ენაზეა დაწერილი.

საქართველოში აშშ-ის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია:

"ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.

ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

საფრანგეთის საელჩო საქართველოში სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, „მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს“.

„საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.

როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.

მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში შვედეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი. ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე თურქეთის საელჩო ქართველ ხალხსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას სამძიმარს უცხადებს.

"უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.

ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

  • პარტნიორების სამძიმარი

პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.

მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობები მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ჩვენი დროის გამორჩეული რელიგიური ფიგურაა“, - აღნიშნულია წერილში.

ილჰამ ალიევი ხაზს უსვამს, რომ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და ძალისხმევა კეთილშობილურ საქმეებს მიუძღვნა თავისი ხალხისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

"კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, სოლიდარობის, რელიგიათაშორისი გაგებისა და დიალოგის დამყარებისკენ მიმართული ინიციატივებით, მისი უწმინდესობა ილია II მილიონობით ადამიანის გულში ჩაიბეჭდა, მიუხედავად მათი ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა, და ღრმა პატივისცემა და თანაგრძნობა დაიმსახურა. მისმა უწმინდესობამ, ილია II-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ტრადიციული კავშირების განვითარებასა და განმტკიცებაში. ამ ღრმა დანაკარგის მწუხარების გაზიარებით, სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, მთელ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც პირადად, ასევე აზერბაიჯანის ხალხის სახელით“, - ნათქვამია წერილში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამძიმარი:

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ცნობა მწუხარებით მივიღე. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის განმავლობაში, ილია II-ის ცხოვრება და მსახურება ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის ღირებულებებს გამოხატავდა“, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ შეტანილი „დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარებაში, საზოგადოების გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ყველას მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება“.

"სომეხი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს. ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ“, - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი:

"დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებით“, - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ X-ზე.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა "ტვიტერზე" პოსტი ქართულად გამოაქვეყნა:

„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების ცნობით: დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი.“

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს, მიხეილ ყაველაშვილსა და ირაკლი კობახიძეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ასევე, მსგავსი წერილები გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: