ავტორი:

რას ნიშნავს ირანისთვის ალი ლარიჯანის ლიკვიდაცია - ქვეყანაში ლიდერების პრობლემაა?

რას ნიშნავს ირანისთვის ალი ლარიჯანის ლიკვიდაცია - ქვეყანაში ლიდერების პრობლემაა?

ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაცია ირანისთვის სერიოზულ პოლიტიკურ დანაკარგად აღიქმება. ის ირანისთვის კრიტიკულ მომენტში მოკლეს.

  • ლარიჯანი სამხედრო მეთაური არ ყოფილა, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში. წლების განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და რეგიონული კონფლიქტების საკითხებზე მუშაობდა. მისი გავლენა ვრცელდებოდა როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიურ მიმართულებებზე.

მისმა სიკვდილმა შეიძლება გავლენა იქონიოს ირანის შიდა პოლიტიკურ ბალანსსა და რეგიონულ სტრატეგიაზე, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია.

ლარიჯანი სკეპტიკურად უყურებდა დასავლეთთან ურთიერთობას, თუმცა მაინც მონაწილეობდა მნიშვნელოვან დიპლომატიურ პროცესებში.

ბოლო პერიოდში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან კრიზისს მართავდა - პირველი თავად ომი იყო. მისი თქმით, ირანი მზად უნდა ყოფილიყო ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, კონფლიქტი რეგიონშიც გაევრცელებინა.

მეორე პრობლემა შიდა არეულობა იყო. ეკონომიკური სირთულეების გამო დაწყებული პროტესტი დროთა განმავლობაში მასშტაბურ აქციებში გადაიზარდა. ამ პროცესს ხელისუფლებისგან მკაცრი რეაგირება მოჰყვა და სხვადასხვა ცნობით, ქვეყანაში ათასობით მომიტინგე დაიღუპა.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი - ბირთვული პროგრამა და აშშ-თან არაპირდაპირი მოლაპარაკებები იყო, რომლებიც სამხედრო დაძაბულობის ფონზე ფაქტობრივად შეჩერდა.

  • ლარიჯანის ლიკვიდაციის შემდეგ ეს პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვითარება ირანში რთულია- მიუხედავად იმისა, რომ ირანმა გარკვეული მდგრადობა აჩვენა, მისი საჰაერო სივრცე კვლავ დაუცველია. მაღალი თანამდებობის პირები კი მტრის სამიზნე ნებისმიერ წამს შეიძლება გახდნენ.

ლარიჯანის გარდაცვალებამ შესაძლოა ძალაუფლების ბალანსი უფრო სამხედრო პირებისკენ გადაიტანოს. ფაქტია ისიც, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას მემკვიდრეობის მართვა უჭირს. ოფიციალური განცხადებები ხშირად ვეღარ ქვეყნდება, ხოლო ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მათ შორის მოჯტაბა ხამენეი, საჯარო სივრციდან თითქმის გაქრა. უცნობია, ეს უსაფრთხოების მიზეზით ხდება თუ შიდა გაურკვევლობის გამო.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ანალიტიკოსები უფრო არასტაბილურ გარემოს ელოდებიან - ომში უფრო მკაცრ სამხედრო პოლიტიკას და ქვეყნის შიგნით უფრო ძლიერ რეპრესიებს ვარაუდობენ.

ირანისთვის ლარიჯანის გარდაცვალება მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის დაკარგვა არ არის - ის ამძაფრებს კრიზისს, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს როგორც მიმდინარე ომზე, ისე ქვეყნის საერთო სტაბილურობაზე.

წყარო