ავტორი:

"ქისტების ცხოვრებაში არაერთხელ დამდგარა რთული პერიოდი, თუმცა ყოველთვის იცოდნენ, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, პატრიარქი მათ გვერდით იქნებოდა..." - მექა ხანგოშვილი

"ქისტების ცხოვრებაში არაერთხელ დამდგარა რთული პერიოდი, თუმცა ყოველთვის იცოდნენ, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, პატრიარქი მათ გვერდით იქნებოდა..." - მექა ხანგოშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას ეხმაურება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აწ გარდაცვლი პანკისელი უხუცესის ხასო ხანგოშვილი ქალიშვილი, მექა ხანგოშვილი, რომელიც ქისტებთან პატრიარქის ურთიერთობაზე წერს:

"ერისკაცობა და ხევისბერობა უდიდესი მისიაა კავკასიაში და თუ კი ამ მძიმე ჯვრის ტარების შესაძლებლობას გაძლევს უფალი, ჩათვალე, რომ მისი რჩეული ხარ და ეს უდიდესი საჩუქარი და მადლია ამ ცოდვილ მზისქვეშეთში.

როცა ტიტანები მიდიან და გვტოვებენ, ძალიან დიდი სიცარიელე რჩება გულსა და გონებაში.

როცა მამამ დატოვა სამყარო ჟურნალისტმა ია გულიაშვილმა დაწერა - "ასე მგონია, ბატონი ხასოს გარდაცვალებით პანკისის ხეობას გული გაუჩერდა“, - ასეთივე შეგრძნება დამეუფლა მეც, თითქოსდა პატრიარქის გულთან ერთად სრულიად საქართველოსაც გაუჩერდა გული.

ყველას თავისი საკუთარი დამოკიდებულება ჰქონდა პატრიარქთან და მე დღეს მინდა დავწერო არა მხოლოდ პატრიარქთან პირად ურთიერთობაზე, არამედ უწმინდესის დამოკიდებულებაზე ქისტებთან, როგორც თვითონ ამბობდა - მის ქისტებთან... ეს საოცარი ისტორიაა, ამოუცნობი და გამოუცნობი სიყვარულის სკივრია, ჯადოსნური ჯოხია, რომელიც არა მხოლოდ ერებს, რჯულსა და სჯულსაც კრავს და აერთიანებს.

როცა პირველად შევხვდი ისეთი ამოუცნობი შეგრძნება დამეუფლა, ის მოწიწება და რიდი, რაც ისედაც მქონდა მის მიმართ გამიასმაგდა, მაგრამ პატრიარქმა თავისი უშუალო, ზეადამიანური დამოკიდებულებით გაალღო მოკრძალება - ყინული... და როცა მისი ჩვეული რიტუალი დაიწყო საჩუქრების დარიგებისა, ოქროს სამკაულები ბევრი იყო, ვერცხლის სამაჯური მხოლოდ ერთი, მისი ინიციალებით, მე უკან დავიხიე, ჩავთვალე, ჩემზე მეტად ქართველი იმსახურებდა ამ ჯილდოს, ვიღაც თამამმა ახალგაზრდამ ხელი გაიწოდა, მაგრამ პატრიარქმა ჩვეული ღიმილით თქვა, - ეს ჩვენ მექას, და აკანკალებული, უზომოდ თბილი და უკვე ძალიან მშობლიური ხელებით გამიკეთა ხელზე...

დღეს ის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა უამრავ ჯილდოებს შორის...

სამების საკათედრო ტაძარში მთის ხევისბერის ალექსანდრე ყაზბეგის საღამო ტარდებოდა და რა თქმა უნდა ჩვენ, ქისტებიც საპატიო ადგილს ვიკავებდით ამ ღონისძიებაზე. მახსოვს, როცა პატრიარქი მობრძანდა ყველაზე სწრაფად მამა წამოდგა ფეხზე, მიუხედავად მისი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობისა, პატრიარქმა გულზე ხელი მიიდო და უდიდესი სიყვარული და სითბო გაუგზავნა ქისტებს და თავის სიტყვაში საგანგებოდ აღნიშნა, რომ დღეს ქისტების დიდი ყაზბეგის საღამოზე ყოფნა მისთვის გამორჩეულად სასიამოვნო იყო, რომ ქისტები მისთვის ძალიან ახლობლები და მისიანები არიან, რომ ლამის დაბადებიდან მოჰყვება ამ ხალხის მიმართ სიყვარული და განსაკუთრებული დამოკიდებულება. გაიხსენა, რომ მის ბავშვობაში მათ სახლში იყო ერთი ოთახი, სადაც დედა ბავშვებს შესვლის უფლებას არ აძლევდა, რადგანაც ის ოთახი წმინდა ადგილად ითვლებოდა, იმ სივრცეში სტუმრად მოსული, მამის მეგობარი ქისტები ლოცვებს აღავლენდნენ...და ცალკე იყო გამოყოფილი ჯამ-ჭურჭელიც ერთგული მეგობარი ქისტებისთვის...

გაიხსენა 7-8 წლის ასაკში მაღალი სიცხე ჰქონდა, ამ დროს მამამისთან სტუმრად მოვიდა მეგობარი ქისტი, რომელმაც ძმისშვილს ბათინკები მოუტანა საჩუქრად, ისიც დააყოლა, რომ იმ წამიდან სიცხე სად გაქრა არც გაუგია და დღემდე ფერიც კი ახსოვს იმ ბათინკებისა...

ქისტების ცხოვრებაში არაერთხელ დამდგარა რთული პერიოდები, ბევრჯერ მოუწიათ ბეწვის ხიდზე სიარული და ყოველთვის იცოდნენ, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო პატრიარქი მათ გვერდით იქნებოდა და დარწმუნებული, ვარ პატრიარქსაც ყოველთვის ეიმედებოდნენ მისთვის ძვირფასი ქისტები. როდესაც საქართველოს სხვადასხვა მთიანი რეგიონებისთვის მთის სტატუსის მინიჭების საკითხი იდგა დღის წესრიგში, პანკისის ხეობასთან მიმართებაში დიდი კითხვის ნიშანი იყო, რადგანაც ხეობა ზღვის დონიდან მხოლოდ 800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მამა დამირეკა და მითხრა, რომ უნდა მომეხერხებინა უხუცესების აუდიენცია პატრიარქთან, რადგანაც ამ საკითხის დადებითად გადაჭრაში მხოლოდ პატრიარქს შეეძლო მათი დახმარება. პატრიარქისათვის და ჩემთვის ძვირფასი ადამიანების დახმარებით ორ დღეში მოხდა ქისტი უხუცესების პატრიარქთან შეხვედრა. მხოლოდ ნახევარი საათი ვითხოვეთ, არ გვინდოდა პატრიარქის შეწუხება, თუმცა შეხვედრა 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა... არასოდეს დამავიწყდება შეხვედრიდან დაბრუნებული მამას ემოციები, აღნიშნა: რამდენ ადამიანს შევხვედრივარ ჩემი არცთუ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, რამდენი ეთნოსისა და რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენელთან მქონია შეხვედრის შესაძლებლობა, მაგრამ მსგავსი დადებითი ემოციები, რაც პატრიარქთან საუბრისას მომეძალა, იშვიათად მქონიაო. და მთავარი, - ამ შეხვედრიდან მალევე პანკისის ხეობას მთის სტატუსი მიენიჭა, როგორც სასაზღვრო რეგიონს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური დატვირთვის ობიექტს.

მამა უკვე სიკვდილის სარეცელზე იწვა, როცა პანკისის თავზე ისევ ჩამოწვა შავი ღრუბელი, ამჟამად ხეობისა და ქვეყნის მტრები ისევ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ზრუნავდნენ მხოლოდ და დიდი საშიშროება იყო, იმისა, რომ ხეობის მოსახლეობა ისედაც მწირი საძოვრებისა და სასუნთქი სივრცის გარეშე დარჩენილიყო, მამამ ისევ მთხოვა პატრიარქთან დაკავშირება, რადგან მასზე დიდი პატრონი პანკისს ნამდვილად არ ჰყავდა და მართლაც ინვესტორების დიდძალ ფულს უწმინდესის სიტყვამ გადაწონა...

საქართველოს პატრიარქი არამხოლოდ პანკისში, არამედ ჩეჩნეთსა და ინგუშეთშიც ძალიან უყვარდათ, ბოლო პერიოდში გროზნოდან ჩამოსულმა ქართველებმა მითხრეს, როცა მასპინძლები გაიგებდნენ ქართველები ვიყავით, ტაქსის მძღოლები ჩვენგან ფულს არ იღებდნენ და ძალიან ბევრმა ჩეჩენმა დიდი სიყვარული გამოხატა პატრიარქის მიმართ და მოკითხვა დაგვაბარესო. ასე მხოლოდ დიდი ადამიანები და მოყვასები უყვართ!

ახლა ისეთი უიმედობა მიპყრობს, როგორც არასდროს - მამას წასვლით უპატრონოდ დარჩენილი ხეობა და ახლა პატრიარქის იმიერში გადანაცვლებით დაზაფრული ჩემი საქართველო მაშინებს მეტად... თუმცა ზუსტად ვიცი, ეს ბუმბერაზი ადამიანები არც საიქიოდან მოაკლებენ ლოცვა-კურთხევას მათთვის მეტად ძვირფას სამშობლოს!

განისვენეთ მშვიდად, ვალმოხდილი ტოვებთ სამყაროს, უმსუბუქესი ყოფილიყოს თქვენთვის ეგზომ ძვირფასი სამშობლოს მიწა, უფალმა სამოთხის ბაღებში დაავანოს თქვენი ნატანჯი სული ამინ!

დღეს თავს უფლებას მივცემ პირველ რიგში პანკისის ხეობის მოსახლეობის სახელით და შემდეგ ჩეჩნებისა და ინგუშების სახელით მოგისამძიმრო ეს ბუმბერაზი დანაკარგი, ჩემო საქართველოვ, ჩემო მრავალგზის ტანჯულო სამშობლოვ!

P. S. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც რელიგიურ თემას შეეხებოდა და პატრიარქიც ესწრებოდა უწმინდესმა ასეთი რამ თქვა:

როცა ირანში მიწვეული ვიყავი სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და თეირანში სატრაპეზო მაგიდა იშლებოდა, სანამ მე არ ვაკურთხებდი სუფრას, სატრაპეზოდ არავინ ჯდებოდაო.

და კიდევ, როდესაც თამაზ ჭაღალიძემ სირიიდან პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეო რგოლი გაავრცელა, პანკისელმა ქისტმა თარხან ბათირაშვილმა ის მკაცრად დასაჯა და ბოდიშიც მოახდევინა, ალბათ ამიტომაც უყვარდა უწმინდესს გამორჩეულად ქისტები!"

იხილეთ ასევე: