ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ცოტნე ივანიშვილი სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა, ასევე გააზიარა არქივიდან ფოტო, სადაც პატრიარქი მის ოჯახთან ერთად არის გადაღებული.
"საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე გათენდა. კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალება ჩვენი ერისთვის და ქრისტიანული სამყაროსთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია.
მის უწმინდესობასთან პირველად შეხვედრის ბედნიერება ძალიან პატარა ასაკში მხვდა წილად და არასდროს დამავიწყდება განცდა, რომელიც მაშინ დამეუფლა. პატრიარქი ისეთ გასაოცარ სიმშვიდესა და სათნოებას ასხივებდა, რომლის აღწერაც სიტყვებით შეუძლებელია. ღრმა მწუხარებითა და ტკივილით ვუსამძიმრებ დედა ეკლესიას და ამ უმძიმეს წუთებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს სიმტკიცეს ვუსურვებ.
ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო ათწლეულები უამრავი სირთულითა და განსაცდელით იყო აღსავსე, მისმა უწმინდესობამ კი, საქართველოსთვის გადამწყვეტ პერიოდში, ჩვენი ხალხის სულიერი მამის ურთულესი მისია იტვირთა და ქართველი ერი ბეწვის ხიდზე ღირსეულად გამოატარა.
განვლილი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორე მუხლჩაუხრელად იდგა სამშობლოსა და რწმენის სადარაჯოზე, ამიტომ თითოეული ქართველისთვის უდიდეს იმედს და მტკიცე საყრდენს წარმოადგენდა, მისი სახელი კი სიყვარულის, სიკეთის, მამობრივი მზრუნველობის, სიბრძნისა და შენდობის სიმბოლოდ იქცა.
ილია მეორის ხსოვნა ჩვენს გულებში მარადიულად დარჩება, მისი განუზომლად დიდი ღვაწლი კი საქართველოს ისტორიიდან არასოდეს წაიშლება და კიდევ დიდი ხნის მანძილზე გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას" - წერს ცოტნე ივანიშვილი.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
წაიკითხეთ ასევე: