ავტორი:

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რომლებიც სიონის ტაძარში არიან დაკრძალულები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რომლებიც სიონის ტაძარში არიან დაკრძალულები

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა. დაკრძალვის ადგილად, პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი, - ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ გააცნო.

  • ცნობისთვის: თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალულია საქართველოს 8 კათოლიკოს-პატრიარქი: კირიონ II, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II და დავით V.

კირიონ II (ერისკაცობაში - გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი) დაიბადა 1855 წლის 10 ნოემბერს ქვემო ნიქოზში, გორის მაზრაში და გარდაიცვალა 1918 წლის 27 ივნისს, მარტყოფში.

ქართველი ისტორიკოსი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917-1918 წლები). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ 2002 წელს წმინდანადაა შერაცხილი.

  • ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე) დაიბადა 1861 წლის 15/28 თებერვალს გორის მაზრის სოფ. ნაქალაქევში.

პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ სწავლობდა თბილისისა და სტავროპოლის სემინარიებში.

1921 წლის 11 ივნისს პატრიარქი შავი ჭირის ეპიდემიით გარდაიცვალა. დაკრძალეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც დღემდე განისვენებს XX ს-ის საქართველოს ეკლესიის ღირსეული მამამთავარი.

  • ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) დაიბადა 1861 წლის 7 სექტემბერს სამურზაყანოში და გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს, თბილისში.

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში, საქართველოს ეროვნული გმირი.

  • ქრისტეფორე III (ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი). დაიბადა 1873 წლის 27 მარტს ვერტყვიჭალაში, შორაპნის მაზრა და გარდაიცვალა 1932 წლის 23 იანვარს, თბილისში.

ქართველი სასულიერო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1927–1932 წლებში.

  • კალისტრატე (ერისკაცობაში კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე) დაიბადა 1866 წლის 24 აპრილს, ტობანიერში, ვანის მუნიციპალიტეტი და გარდაიცვალა 1952 წლის 3 თებერვალს თბილისში.

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1932–1952 წლებში. 2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კალისტრატე ცინცაძე წმინდანად შერაცხა.

  • მელქისედეკ III (ერისკაცობაში - მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე. დაიბადა 1872 წლის 2 ნოემბერს ყანდაურაში, სიღნაღის მაზრა და გარდაიცვალა 1960 წლის 10 იანვარს თბილისში.

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1952-1960 წლებში.

  • ეფრემ II (ერისკაცობაში - გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე) დაიბადა 1896 წლის 19 ოქტომბერს სოფელ დოესი, კასპის მუნიციპალიტეტი და გარდაიცვალა 1972 წლის 7 აპრილს.

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი - 1960-1972 წლებში.

  • დავით V (ერისკაცობაში - ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი) დაიბადა 1903 წელს 6 აპრილს სოფელ მირონწმინდაში და გარდაიცვალა 1977 წლის 9 ნოემბერს თბილისში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1972–1977 წლებში.

  • 2026 წლის 22 მარტს საქართველოს პატრიარქთა ამ რიგს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც შეუერთდება.