სანქციების ქვეშ მყოფი რუსული ტანკერი Arctic Metagaz-ი, რომელიც თხევადი ბუნებრივი გაზის გადასატანად გამოიყენებოდა, ეკიპაჟის გარეშეა დარჩენილი და ხმელთაშუა ზღვაში ლიბიის სანაპიროების მიმართულებით დრეიფობს.
ამ თვის დასაწყისში გემმა მძიმე დაზიანება მალტის წყლების სიახლოვეს, სავარაუდოდ საზღვაო დრონის შეტევის შედეგად მიიღო და ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, ამჟამად „ეკოლოგიურ, ნელი მოქმედების ნაღმს წარმოადგენს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხმელთაშუა ზღვის ცხრა ევროკავშირის ქვეყანამ ევროპულ კომისიას ერთობლივი წერილი გაუგზავნა და “დიდი ეკოლოგიური კატასტროფის სერიოზული რისკის“ გამო შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

“გემის არასტაბილური მდგომარეობა და მისი სპეციფიკური ტვირთის ხასიათი, ევროკავშირის საზღვაო სივრცის გულში მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფისათვის დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხის საშიშროებას ქმნის,“ - ნათქვამია წერილში.
ტანკერი Arctic Metagaz რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის, სანქციების ქვეშ მყოფი რუსული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. დასავლური სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით, მსგავსი გემები გამორთული ტრანსპონდერებით მოძრაობენ.
ტანკერი ამჟამად დიდი რაოდენობის თხევადი ბუნებრივი გაზით არის დატვირთული. რომიდან მიღებული წყაროს ინფორმაციით, გემზე 450 ტონა მაზუთი და 250 ტონა დიზელის საწვავიც არის განთავსებული.
30-კაციანმა ეკიპაჟმა ტანკერი სამაშველო ნავებით მას შემდეგ დატოვა, რაც დრონის მოხვედრამ აფეთქებების სერია და ხანძარი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მეზღვაურები ლიბიის სანაპირო დაცვის მიერ იქნენ გადარჩენილნი და არავინ დაშავებულა

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევი ასეთ რუსულ ტანკერებს ლეგიტიმურ სამიზნეებად მიიჩნევს, რადგან მათი შემოსავალი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში ეხმარება. კიევმა არაერთხელ აიღო პასუხისმგებლობა რუსულ ტანკერებზე თავდასხმებზე, თუმცა Arctic Metagaz-ის შემთხვევაში საკუთარ მონაწილეობას ჯერ არ ადასტურებს.
მარტის დასაწყისში, ტანკერზე ხანძრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინა “ტერორისტულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ გემი ხმელთაშუა ზღვაში დრეიფობს და განაცხადა, რომ შემდგომი ჩარევა “კონკრეტულ გარემოებებზე“ იქნება დამოკიდებული.
Arctic Metagaz მურმანსკის პორტიდან თებერვალში გამოვიდა, მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი გაურკვეველია. მარტის დასაწყისში, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტანკერს საზღვაო დრონი დაესხა თავს და უკრაინა “საზღვაო მეკობრეობაში“ დაადანაშაულა.
4 მარტს ლიბიის საზღვაო სააგენტო მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, გემი ლიბიასა და მალტას შორის წყლებში მას შემდეგ ჩაიძირა, რაც წინა დღეს მის გემბანზე ხანძარი გაჩნდა.

თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ტანკერი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ცურვის უნარს.
გასული სამშაბათს შუადღის მონაცემებით, ის იტალიის ტერიტორიული წყლებიდან დაახლოებით 45 საზღვაო მილში და ლიბიის მიერ განხორციელებული სამაშველო ოპერაციის ზონიდან 25 მილში იმყოფებოდა. ლიბიის ხელისუფლების განცხადებით, დაზიანებული და მართვადაკარგული ტანკერი, რომლის ბორტზეც დიდი რაოდენობით აალებადი ტვირთი იმყოფება, დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ამ დროისთვის Arctic Metagaz-ის მოძრაობას ყურადღებით აკვირდებიან იტალიისა და მალტის ხელისუფლებებიც.