17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რითაც დასრულდა ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელი. მისი ეპოქა - სავსე სულიერი აღმავლობითა და ურთულესი განსაცდელებით, სამუდამოდ დარჩება ქართველთა მეხსიერებაში. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში სიმბოლური დამთხვევები ხშირია, თუმცა ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ლაპარაკია ახალგაზრდა მონაზონზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ახლო ნათესავია და მას ვიზუალურადაც საოცრად ჰგავს.

2026 წლის 15 მარტს, პატრიარქის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ბათუმის ყოვლადწმიდა სამების სახელობის მონასტერში მნიშვნელოვანი საეკლესიო რიტუალი აღსრულდა. ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტმა მაქსიმემ (ბეჭვაია) მონაზვნად აღკვეცა მორჩილი გრიგოლი (ნადიბაიძე).

ყველაზე სიმბოლური კი ის აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ბერს სახელი ილია ეწოდა.

2025 წლის 8 მარტს პაატა ნადიბაიძე მორჩილების კაბით შეიმოსა (სახელით გრიგოლი), ხოლო ზუსტად ერთი წლის თავზე, 2026 წლის 15 მარტს, ის მონაზვნად აღიკვეცა.


მონაზონი ილია (ერობაში პაატა ნადიბაიძე) პატრიარქის უახლოესი გარემოცვისა და ოჯახის წევრია. ის ილია მეორეს ძმისშვილის, ნატალია შიოლაშვილის შვილია. ნატალია შიოლაშვილი კი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) დაა.

ახლად აღკვეცილი ბერი პატრიარქის ძმის შვილიშვილია, რომელმაც სულიერ გზაზე წინაპრის სახელი აირჩია.

საზოგადოების გაოცება არამხოლოდ სახელმა, არამედ ვიზუალურმა მსგავსებამაც გამოიწვია. ინტერნეტში გავრცელებულ კოლაჟებში, სადაც ერთმანეთს პატრიარქის ახალგაზრდობისა და მონაზონი ილიას ფოტოებია შედარებული, მსგავსება აშკარაა - გამოხედვა, სახის ნაკვთები და თვალის ჭრილი მნახველს ილია მეორეს ახალგაზრდობის წლებს აგონებს.

მონაზონი ილიას გამოჩენა ეკლესიის წიაღში ბევრმა მორწმუნემ ერთგვარ ნიშნად და სულიერი მემკვიდრეობის გაგრძელებად აღიქვა.
იხილეთ ასევე: