საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის განცხადებით იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანისას 15,000 დოლარამდე გირაოს გადახდა მოუწევთ, კიდევ 12 ქვეყანა ემატება.
აღნიშნულს ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ ქვეყანა ნელ-ნელა იზოლაციაში ექცევა, ამაზე პასუხისმგებელი კი არსებული ხელისუფლებაა.
“2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქემ 15 ათას დოლარამდე უნდა დადოს ამერიკის ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე, რომ ვიზა მიიღოს. ეს ფული იყინება და თუ განსაზღვრულ ვადას გადააცილებ ან დაარღვევ სავიზო მოთხოვნებს, უკან აღარ დაგიბრუნდება.
საქართველო მოხვდა უღატაკესი აფრიკის და რამდენიმე აზიის ქვეყნის გვერდით. ამ სიაში არ არის არცერთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, ტოტალიტარული რეჟიმის მქონე თურქმენეთიდან დაწყებული, ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყნით, მოლდოვით დამთავრებული. არც ჩვენი მეზობლები არიან.
ეს არის სამარცხვინო და ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი გადაწყვეტილება, ეს არის ვერდიქტი, გამოტანილი “ქართული ოცნების” უსახური ხელისუფლების მიმართ, როლითაც ჩვენი მოქალაქეები ძალიან ზიანდებიან.
აფრიკული ორმოცამდე ქვეყნისათვის დაწესებულ მსგავს შეზღუდვებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ, ვის უნდა მოსთხოვონ დეპოზიტი და რა რაოდენობის თანხაზე ( 5-16 ათასი დოლარის ინტერვალში), ამას წყვეტს ამერიკის საკონსულო. მცირეოდენი გამონაკლისებისთვის იგი არ იქნება მოთხოვნილი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია რისკი ამ ადამიანის ამერიკაში დარჩენისა. ასევ უყურებენ სამსახურებრივ მდგომარეობას და შემოსავლებს.
უკვე ნელ-ნელა ვიძენთ მოკვეთილი ქვეყნის ატრიბუტებს. საუბედუროდ, წინ კიდევ ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი გველის, სანამ ეს რეჟიმი არ მოგვიცილებია თავიდან,“ - წერს გოცირიძე.
იხილეთ ასევე: