საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ისტორიული პროცესები მიმდინარეობს. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა სინოდმა დაამტკიცა ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), რომელიც წლების წინ, თვითონ პატრიარქმა გამოარჩია თანამოსაყდრედ გამოაცხადა.
გადაწყვეტილება საზოგადოებას მეუფე თეოდორემ გააცნო. სხდომა, რომელიც ილია მეორის გარდაცვალების გამო იქნა მოწვეული, ემოციური აღმოჩნდა: მეუფე შიომ, რომელიც თავად უძღვებოდა შეხვედრას, პატრიარქის მრავალწლიანი ღვაწლი გაიხსენა და სამძიმარი გამოუცხადა სინოდის წევრებს.
მიტროპოლიტი შიო დაიბადა 1969 წლის 1-ელ თებერვალს, თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო.
ხოლო 1995 წლიდან დიაკვანია.
1996 წლიდან მღვდლად აკურთხეს.
1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.
1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით.
2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი. 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია. 2010 წლის 21 დეკემბერს შევიდა ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიაში.
2015 წლის 16 დეკემბერს მიტროპოლიტმა შიომ დაიცვა დისერტაცია მოსკოვის წმ. ტიხონის მართლმადიდებლურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, თემაზე "ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა“ და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.
2017 წლის 23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.
2018 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

ამონარიდი გიო მგელაძის ჟურნალ "სარკისთვის" მიცემული ინტერვიუდან:
"მეუფე შიო ჩემი კლასელი და ნათლიაა. მამაჩემი მამამისის მეჯვარეა. მას ფანტასტიკური, მანათობელი მშობლები ჰყავდა. მამა, ძია თეიმურაზი, არქეოლოგი იყო, დედა, ნანა ქურდიანი, ფილოლოგიის დოქტორი გახლდათ. ბებია, ნინა ჟვანია იყო, ცნობილი ექიმი. პაპამისი, ელიზბარ ქურდიანიც ექიმი იყო. ერთს მოსკოვში ჰქონდა განათლება მიღებული, მეორეს ლენინგრადში.
მეუფე შიო კი ძალიან თბილი ადამიანი იყო და არის. ნამდვილი არისტოკრატია - ზრდილი, ჭკვიანი, განათლებული... წარმოიდგინეთ, მაშინ 53-ე სკოლაში სწავლობდა, ვერაზე ცხოვრობდა და შეეძლო ისე ევლო ჩელოთი ხელში, რომ ამის გამო ხმა არავის გაუცია. მუსიკა ძალიან უყვარდა. კონსერვატორიაში რომ ჩააბარა, კონკურსებს იგებდა და ა.შ. მერე კი მიატოვა კონსერვატორია, არ დაუმთავრებია.

ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, სიცხე მიწევს 40 გრადუსამდეო. არადა, კარგმა მუსიკოსმა დღეში 10 საათი მაინც უნდა გაატაროს ინსტრუმენტთან. ვურჩიე, დაანებე თავი, დაისვენე-მეთქი. რამდენიმე თვის მერე მისთვის უჩვეულო რამ მითხრა - მინდა, სასულიერო სემინარიაში ჩავაბაროო. ძალიან გამიკვირდა. მითხრა, მინდა თეოლოგია ვისწავლო და მერე სხვებს ვასწავლოო. მაშინ მე ახალი ჩამოსული ვიყავი შიომღვიმის მონასტრიდან - იქ ვიყავი ცოტა ხანს. შევთავაზე, ჩემს მეგობრებს ვეტყვი, აგიყვანთ შიომღვიმეში, ცოტა ხანს დარჩი, რომ მიხვდე იქ რა ხდება, აღსარება თქვი-მეთქი და ა. შ.-მეთქი...
მეორე დღესვე, ორმა ჩემმა მეგობარმა წაიყვანა შიო-მღვიმის მონასტერში. 5 წელი თბილისში არ ჩამოსულა. დედაქალაქში, 5 წლის შემდეგ, უკვე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა. 1991 წელს წავიდა შიომღვიმეში და 3 წელში ბერად აღიკვეცა.
ძალიან წარმოსადეგი იყო - მაღალი, ახოვანი, ქერა თმები და ცისფერი თვალებით. ასაკში კი გამუქდა და გაჭაღარავდა. პირველ კლასში ერთ მერხზე აღმოვჩნდით. ძალიან ღია ფერის იყო - ქერა. ისეთი მაღალი და დიდი იყო ჩემზე, მეგონა, გვერდით მეხუთეკლასელი მეჯდა. მისი სიმაღლე ახლა, მგონი, 190 სანტიმეტრია.
მამა შიო უთბილესი ადამიანია. ბოლომდე არისტოკრატად დარჩა. ნამდვილი ქრისტიანია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გული ეკუთვნის სამშობლოს, სული - ღმერთს და ხორცი ღმერთმა დიდხანს შეუნარჩუნოს! უმძიმესი ტვირთი ხვდა წილად. იმედია, სინოდი პატრიარქადაც აირჩევს და ნახავთ როგორ ღირსეულად ატარებს ამ ჯვარს. პატრიარქს ძალიან უყვარს მეუფე შიო. პატრიარქი გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე მე, მაგრამ მეუფე შიო ისეთი გამორჩეულია, მეც ვხედავ იმ სიძლიერეს და სინათლეს, რაც მასშია.

22 წლის იყო სასულიერო ცხოვრება რომ დაიწყო. გოგონებიც მოსწონდა და გოგონებსაც მოსწონდათ, მაგრამ... ურთულესია ბერობის გზა... თუ გინდათ განგება დაარქვით, გინდაც კოსმოსი, ისეთი პიროვნებაა, ყველაფერი ზემოდან იყო გადაწყვეტილი მისი დაბადებიდან".
2018 წელს, მუსიკოსი ქეთი ლოლაძე წლების წინ შიო მუჯირის ცხოვრების ემოციურ ეპიზოდს იხსენებდა, როდესაც იმჟამად ჯერ კიდევ ელიზბარმა მუსიკის მიტოვება გადაწყვიტა. წლების შემდეგ კი, როცა მეუფე შიო უკვე მაღალი იერარქი იყო, ერთ-ერთ კონცერტზე შენიშნეს, როგორ ამოძრავებდა თითებს ჰაერში პატარა ჩელისტის დაკვრისას - თითქოს გულში ისევ ძველებურად უკრავდა.
"მახსოვს, პირველად რომ ვნახე კონსერვატორიაში, მზესავით იყო, ნათელი, თბილი, ფუმფულა და საყვარელი სულ ღიმილით, მაშინაც წვერიანი დადიოდა, ეს პატარა 17 წლის ბიჭი და ირგვლივ სიკეთეს და სითბოს აფრქვევდა. არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ არა, რომ ყველასგან განსხვავებული იყო გარეგნობით თუ ხასიათით. მერე მახსოვს, პირველად მოვისმინე როგორ უკრავდა ჩელოზე, მაშინ კი დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ყველასგან განსხვავებული იყო.

ეს არ იყო ჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული პატარა ბიჭი, სცენაზე ზრდასრული, ჩამოყალიბებული მუსიკოსი იჯდა. ისიც მახსოვს, თუ როგორ "აფეთქდა" მისი სახელი პირველივე კონცერტიდან, როგორ ეხვეოდნენ თავს პროფესორები და ლექტორები, კომპლიმენტებს არ იშურებდა არავინ, წარმატებულ მომავალს ხედავდნენ მასში.
ასე გახდა ყველასათვის საყვარელი ელიზბარი, მუსიკოსი რომლის პირველივე ბგერიდან ბურთი გებჯინებოდა ყელში და ცრემლი გერეოდა ისე უკრავდა... რა მომენტში დავმეგობრდით არ მახსოვს, მახსოვს ჩვენს შორის ორი საერთო ინტერესი და სიყვარული გამოიკვეთა: ჯაზი და მურაბა. მერე იყო ჩემთან სამზარეულოში ღამეების თენება, გაუთავებელი საუბარი ყველაფერზე და არაფერზე (მურაბის და ჯაზის თანხლებით, რა თქმა უნდა). ერთხელაც, უცებ საიდუმლო გამიმხილა, თუ როგორ აპირებდა ჩელოსთან განშორებას და სხვა გზის არჩევას.
თავიდან მეგონა ხუმრობდა, მახსოვს, დავცინე კიდეც (პირველი რეაქცია იყო ასეთი) და მე რომ იმ ღამეს ხუმრობა მეგონა, ჩემს მაესტროს (იმ დროს კონსერვატორიის რექტორს) ბატონ ნოდარ გაბუნიას სულაც არ ეხუმრებოდა. რა არ მოუყვანა მაგალითად, ვისი ბიოგრაფია არ გაახსენა და წაუკითხა, როგორ არ ეცადა, გადაეთქვა ელიზბარს თავისი გადაწყვეტილება, როგორ ემოციურად უხსნიდა მთელი თავისი არსებით რომ მუსიკაა სწორედ ის გზა, ღვთის გზა, რომელიც უფალთან მიიყვანდა, რომ მუსიკაც ბუნების ძალაა ღმერთისგან შექმნილი... ყველაფერი ამაო იყო.

ელიზბარი ჯიუტად თავისას ითხოვდა. ვიჯექი როიალთან ხმაგაკმენდილი და ვუსმენდი მათ დიალოგს (უფრო კამათს). ვიჯექი და მთელი გულით მამა ნოდარის მხარეს ვიყავი იმ წუთას. გვენანებოდა ელიზბარი, გვენანებოდა მისი მონაცემები, ნიჭი, უზადო შესაძლებლობები, მომავალი, კარიერა და ვინ მოთვლის კიდევ რა... ის კი ჯიუტად ითხოვდა ხელმოწერას კონსერვატორიიდან გარიცხვის შესახებ. ასეც მოხდა, დაიყოლია, აიღო ფურცელი, თვალი ჩამიკრა და გაუჩინარდა. დაგვტოვა დამუნჯებული. იმ დღეს გაკვეთილი ვეღარ გავაგრძელეთ, განწყობა გაქრა, შევყურებდით ერთმანეთს მაესტრო და მე გაკვირვებული, ჩუმად, უხმოდ.
მას მერე წლები გავიდა არაფერი მსმენია მასზე... ნოდარ გაბუნიას პანაშვიდზე ყველა მამაოს ელოდა წესის ასაგებად, და შემოვიდა მამაო, ისევ ისეთი ნათელი სახით, ისევ მზესავით თბილი, მშვიდი და ისევ ყველასგან განსხვავებული. როგორი გულწრფელი იყო, როგორი პასუხისმგებლობით აღასრულა რიტუალი. ისევ სამზარეულოში აღმოვჩნდით, ამჯერად გაბუნიებთან სახლში, ვისხედით პირისპირ, ვუყურებდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით.
რაღაც ერთი საერთო ტკივილი გვქონდა, დიდ მაესტროს ვემშვიდობებოდით, ბოლოს გაიღიმა, წამიერად ერთი და იგივე აზრი დაგვიტრიალდა თავში, დუმილი კი მან დაარღვია და მითხრა: "ქეთი, წლების წინ, მაშინ, ნოდართან კაბინეტში, ჩვენ სამნი რომ ვისხედით, რომელიმე ვიფიქრებდით, რომ ბატონ ნოდარს ამ ცხოვრების უკანასკნელ გზაზე მე გავაცილებდი?". ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით ვერც იმას და ვერც ამას, თუ რა ხდება დღეს მის თავს...

ისე, ცხოვრების მანძილზე დრო და დრო სულ შემთხვევით ვეკვეთებოდით ერთმანეთს (ამით აღარ შეგაწყენთ თავს). ბოლოს ორი წლის წინ ვნახე, სენაკში, სადაც ვალერიან შიუკაშვილის ფესტივალი იმართება ყოველწლიურად. დარბაზში იჯდა, მომეჩვენა რომ იმ ნათელ გამომეტყველებას დარდი ჰქონდა შეპარული, ცოტაც მობერებული, თმა-წვერ თეთრიანი, სევდიანი იყო. სცენაზე პატარა ჩელისტი ბიჭი ავიდა, როგორც კი დაკვრა დაიწყო, სახე გაუნათდა ისევ, თვალებში სითბო ჩაეღვარა და გაეღიმა. ჰო, და კიდევ კვერთხი ეჭირა. თვალი რომ გავაპარე, თითებს ამოძრავებდა აღმა-დაღმა, უკრავდა ალბათ გულში".
იხილეთ ასევე: