ავტორი:

რა ხდება ბათუმში, ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესზე?

რა ხდება ბათუმში,  ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესზე?

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესები იმართება. პროცესები 10:00 და 13:00 საათზეა დანიშნული.

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს სთავაზებენ.

მათი ინფორმაციით, თუ სასამართლომ მათი შუამდგომლობა გაითვალისწინა, დაკისრებული გირაოს ოდენობა თავად მოსამართლემ განსაზღვროს.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

  • ადვოკატების თქმით, რომ ამჟამად "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებული 17 პირის პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ხოლო ქალი ბრალდებულის, მელანია ზოიძის მიმართ 7000 ლარის ოდენობის გირაოს.

„ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ბრალდებული არიან: ბაჩანა ჯაყელი, უჩა ჯაყელი, რამაზ მამულაძე, ბადრი ასაკურიანი, გიორგი დუმბაძე, თენგიზ თავდგირიძე (სხდომას არ ესწრება, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი), რამაზ კახიძე, ხვიჩა დუმბაძე, მამუკა ხარაბაძე, ტარიელ დევაძე, ბადრი ჩიკვაიძე, უჩა ართმელაძე, ტარიელ კახიძე, რამინ ჭანიძე, რესან ბოლქვაძე, როინ დუმბაძე, მელანია ზოიძე.

პროცესისას ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი დუმბაძე სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. მან სასამართლოში სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა.

“ვერ დავრჩები სხდომაზე, არ შემიძლია გთხოვთ სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ”, - მიმართა მოსამართლეს. თავის მხრივ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სხდომათა დარბაზი ბრალდებულს დაატოვებინა, ადვოკატის თქმით, დუმბაძეს სიმსივნის დიაგნოზი აქვს. სხდომათა დარბაზში გიორგი დუმბაძის დედაც შეუძლოდ გახდა ისიც გაიყვანეს გარეთ.

მისმა ადვოკატმა სასამართლოს 20 000-ლარანი გირაო უძრავი ქონების გარანტიით შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებით 72 პირი დააკავა, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  • განახლება: 13:20

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად. ამასთანავე, ქალ ბრალდებულს, მელანია ზოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7000 - ლარიანი გირაო შეეფარდა.

საერთო ჯამში დღეს 17 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.

წინასასამართლო სხდომა 13 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.