ავტორი:

აჭარაში, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულთაგან 16-ს პატიმრობა შეეფარდა, მხოლოდ მელანია ზოიძეს მიმართ გამოიყენა მოსამართლემ გირაო

აჭარაში, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულთაგან 16-ს პატიმრობა შეეფარდა, მხოლოდ მელანია ზოიძეს მიმართ გამოიყენა მოსამართლემ გირაო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად. ამასთან, ქალ ბრალდებულს, მელანია ზოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7000 - ლარიანი გირაო შეეფარდა.

საერთო ჯამში დღეს 17 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ მოხდა. ბრალდებულების თქმით, დაკავებისას მათზე ფიზიკურად იძალადეს.

"იზოლატორში რომ მიგვიყვანეს, გვითხრეს, რომ თქვენთვის სიურპრიზი გვაქვსო და გამოგვიცხადეს, "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ხართ ბრალდებულიო. მანამდე ეჭვი გვქონდა, რომ წამალს ჩაგვიდებდნენ. დაკავებამდე იყო ეპიზოდი, როდესაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ გამატარეს. ეს უკანონობა დასრულდება, შეიცვლება ყველაფერი და რიგ პოლიციელებს მოუწევთ პასუხის გაცემა. ციხეს გავუძლებთ, თუმცა სამართალი აუცილებლად იზეიმებს“, - განაცხადა ბრალდებულმა უჩა ჯაყელმა სხდომის მიმდინარეობისას.

ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი დუმბაძის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ დუმბაძეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.

"ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებული არიან: ბაჩანა ჯაყელი, უჩა ჯაყელი, რამაზ მამულაძე, ბადრი ასაკურიანი, გიორგი დუმბაძე, თენგიზ თავდგირიძე (სხდომას არ ესწრება, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი), რამაზ კახიძე, ხვიჩა დუმბაძე, მამუკა ხარაბაძე, ტარიელ დევაძე, ბადრი ჩიკვაიძე, უჩა ართმელაძე, ტარიელ კახიძე, რამინ ჭანიძე, რესან ბოლქვაძე, როინ დუმბაძე, მელანია ზოიძე.

ცნობისთვის, სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში შსს-ს თანამშრომლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი ედება ბრალად.

წინასასამართლო სხდომა 13 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

იხილეთ ასევე: