აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნის განცხადებით, ირანის რეჟიმი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა "მნიშვნელოვნად დასუსტებულია“. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
მოსმენა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მასში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. ეს იყო სადაზვერვო სამსახურის პირველი საჯარო გამოსვლა ირანთან ომის დაწყების შემდეგ.
საუბრისას გაბარდმა ყურადღება გაამახვილა ჰორმუზის სრუტეზეც, სადაც, მისი შეფასებით, ვითარება შესაძლოა გართულდეს. ცნობილია, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანმა დროებით შეზღუდა ამ მნიშვნელოვან ნავთობის სატრანსპორტო არხზე მოძრაობა.
"ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია განსაზღვროს, რა არის და რა არ არის გარდაუვალი საფრთხე, არის პრეზიდენტი", - აცხადებს გაბარდი.
ომის დაწყების შემდეგ, გაჩნდა კითხვები, რატომ მიიღო ტრამპის ადმინისტრაციამ ირანზე თავდასხმის გადაწყვეტილება. თავად პრეზიდენტმა განმარტა, რომ სამხედრო მოქმედება გამოწვეული იყო ირანის ბირთვული პროგრამით, რომელიც, მისი შეფასებით, საფრთხეს უქმნიდა აშშ-სა და ისრაელს.
ამ ფონზე, ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორის პოსტი დატოვა ჯო კენტმა. გადადგომის წერილში მან აღნიშნა, რომ ირანი აშშ-სთვის "გარდაუვალ საფრთხეს“ არ წარმოადგენდა და პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.