ავტორი:

ილია მეორის ინგუში შვილობილი ამინ შადიჟევი: "მე დღეს მამა მომიკვდა... ძალიან განვიცდი, რომ უკანასკნელ წუთებში მის გვერდით ვერ აღმოვჩნდი"

ილია მეორის ინგუში შვილობილი ამინ შადიჟევი: "მე დღეს მამა მომიკვდა... ძალიან განვიცდი, რომ უკანასკნელ წუთებში მის გვერდით ვერ აღმოვჩნდი"

17 მარტის საღამოს მთელი საქართველო და ქართველობა - ვინ საავადმყოფოსთან, ვინ - ტელეეკრანებთან - ვერ ვშორდებოდით და მდუმარედ ვუსმენდით, რას გამოგვიცხადებდნენ საქართველოს მღვდელმთავრები. აშკარად ჩანდა, რომ უწმინდესის მდგომარეობა ურთულესი იყო, მაგრამ... ჯიუტად არ გვტოვებდა იმედი, რომ ჩვენი ძვირფასი პატრიარქი ილია მეორე არ მიგვატოვებდა. საბოლოოდ კი... მაინც მძიმე აღმოჩნდა სინამდვილე - უწმინდესი უფლისკენ მიმავალ გზას დაადგა! ბევრი ტკივილი შემხვედრია ცხოვრებაში, თუნდაც უახლოესი ადამიანების გარდაცვალების გამო, მაგრამ... ეს სულ სხვა ამბავი იყო - საქართველოს, ჩვენს ერს გარდაეცვალა უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი, დედამიწაზევე ღვთიურად სახელდებული ადამიანი. ჩვენს ერთი ციდა ქვეყანას უდიდესი ცოცხალი წმინდანი ჰყავდა და თანაც - ქვეყნის პატრიარქი, ჩვენი მანუგეშებელი და იმედი! მწამდა, რომ იგი უკვდავი იყო და მუდამ ჩვენ გვერდით იქნებოდა... შიგადაშიგ სოციალურ ქსელში შევიჭვრიტებოდი ხოლმე და ვცდილობდი, ცუდზე არ მეფიქრა, ეგებ... ეგებ... ეგებ...

მერე კი სწორედ ის მოვისმინეთ, რის გაგებასაც ყველანი გავურბოდით და უცებ მივხვდი, რომ კვლავ დავობლდი. ჩემი ცხოვრების განმავლობაში და მეხსიერებაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ცრემლები თავისით მოდიოდა და ვერაფრით ვაჩერებდი... წარმომიდგენია, ყველა როგორ განიცდის და როგორ გლოვობს ჩვენი უწმინდესის გარდაცვალებას.

უცებ "ფეისბუქში“ ინგუში ამინ შადიჟევის კომენტარი შევნიშნე და პირველი სამძიმარიც მას ვუთხარი - ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ინგუშ შვილობილს. ამინი წლების წინ თბილისში გავიცანი და ინტერვიუც ჩავწერე მასთან. მას შემდეგ შიგადაშიგ სოციალური ქსელით მოვიკითხავდით ხოლმე ერთმანეთს. უწმინდესისა და ამინის ოჯახის ურთიერთობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, რომელიც თავად ამინისგან მოვისმინე.

  • უწმინდესისა და შადიჟევების ამბავი

უწმინდესის მამა გიორგი შიოლაშვილი და ბაბუა დედის მხრიდან - მეწარმეები ყოფილან და იმხანად ინგუშეთის ქალაქ სლეპცოვსკში ბიზნესი ჰქონიათ - საცხობების ქსელი. დიდი ხნის წინათ, 1920-იან წლებში, ისინი ჩეჩნებს გაუტაცნიათ და ამინის წინაპრებს გადაურჩენიათ. ამინიც სწორედ იმ ქალაქში, სლეპცოვსკში ცხოვრობს. შემთხვევით არაფერი ხდება და 100 წლის წინათ უწმინდესისა და ამინის წინაპრების ურთიერთობაც სწორედ ამ ქალაქიდან დაწყებულა, 100 წლის შემდეგ კი მათი შთამომავლები ისევ ამ ქალაქმა შეახვედრა ერთმანეთს...

ამინმა მიამბო, რომ ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი რუსლან აუშევი პატრიარქის მოწვევით ჩამოსულა თბილისში და სწორედ მისთვის უკითხავს უწმინდესს შადიჟევების ოჯახის ამბავი. შადიჟევების გვარი ცნობილია ინგუშეთში, და არა მარტო იქ.

ამინ შადიჟევი:

"უწმინდესი ამბობდა, რომ ჩვენ წარმოშობით ქართლიდან ვიყავით. დაწვრილებით არა, მაგრამ ვიცოდით, რომ ფესვები საქართველოდან გვქონდა. ეგ კი არა, გინდა ინგუშეთში ვესტუმრო ვინმეს ან თუნდაც ჩეჩნეთში, დამინახავენ თუ არა, იმას კი არ ამბობენ, ინგუში მოვიდაო, არამედ - ქართველი მოვიდაო. სწორედ აუშევს უამბო პატრიარქმა, რა დიდი მეგობრობა აკავშირებდა მის ოჯახს ჩემს ოჯახთან. აუშევი ჩვენ კარგად გვიცნობდა, ვენათესავებით კიდეც ერთმანეთს, ამიტომ პატრიარქმა სწორედ მას გამოატანა ჩვენთან ოფიციალური სამადლობელი წერილი და მადლობის ნიშნად საჩუქარი - ოქროს ბეჭედი გამოგვიგზავნა. მაშინ რატომღაც ამ ამბავს არ მივყევით, მაგრამ დაახლოებით 20 წლის შემდეგ, 2012 წელს, საუდის არაბეთში მომლოცველად წასული, შინ დასაბრუნებლად რატომღაც თბილისის გავლით წამოვედი. ალბათ, ესეც ბედისწერა იყო, თორემ პირდაპირაც შემეძლო ინგუშეთში გადაფრენა. 30 წლის ვიყავი და მანამდე საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ინგუშეთში რომ დავბრუნდი, ქუჩებში მომლოცველებს დიდი ზარ-ზეიმით გვხვდებოდნენ. ჩვენს ქუჩაზე უხუცესები ცხოვრობდნენ. იმ დღეს შინ მამას ბიძაშვილი გვეწვია და რომ გაიგო, საქართველოს გავლით დავბრუნდი, გაიხსენა პატრიარქის მამისა და ბაბუის გატაცების ამბავიც. ჩვენებსაც სცოდნიათ ყველაფერი, პატრიარქის სამადლობელ წერილზეც ილაპარაკეს. რამდენიმე თვის შემდეგ იმ ნათესავმა გადმომცა პატრიარქის წერილის ასლი და მითხრა, ეს წერილი საქართველოში წაიღე და როგორმე დაუკავშირდი პატრიარქსო.

2013 წელს თბილისში, პატრიარქთან შესახვედრად რომ წამოვედი, როგორც გითხარით, ის რიგითი ღვთისმსახური მეგონა. ვიპოვე მისი რეზიდენცია და დაცვას ვთხოვე, თუ შეიძლება პატრიარქს დაუძახეთ-მეთქი. ისე მოვიქეცი, როგორც ინგუშეთში მოვიქცეოდი - ნებისმიერ ეზოში რომ შემიძლია შევიდე და ვითხოვო, მასპინძელს დაუძახონ. გაოცებულმა დაცვამ შემომხედა, ეს უცნაური ადამიანი ვინღა არისო და სპეცსამსახურს დაუძახა. რა თქმა უნდა, საბუთები შემიმოწმეს, ჩემი საკონტაქტო ნომრებიც ჩაიწერეს და ისე გამომაბრუნეს, პატრიარქი აქ არ არისო, ეზოშიც კი არავინ შემიპატიჟა. წამოვედი გაბრაზებული, ეს რა სტუმარმასპინძლობაამეთქი, იქ მისვლა ვინანე და სასწრაფოდ გამოვემგზავრე თბილისიდან. ერთი კვირის შემდეგ, პარასკევს, შინ ვიყავი, ის იყო, ლოცვაზე მეჩეთში უნდა წავსულიყავი, რომ ტელეფონმა დარეკა. უცხოური ნომერი იყო და უცნობმა მამაკაცმა მოსალმების შემდეგ მე მიკითხა, თან დააყოლა, გაწუხებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეო. მითხრა, ვიცი, რომ ჩემთან იყავით მოსული, მაგრამ თურქეთში გახლდით ოფიციალური ვიზიტით, ამიტომ ბოდიშს გიხდით, რომ ვერ დაგხვდითო. მახსოვს, კიდევ რამდენჯერმე მომიბოდიშა და ვიუხერხულე, ასაკით ჩემზე უფროსი ადამიანის ხმა გაქვთ და ამდენ ბოდიშს თქვენ არ უნდა მიხდიდეთ-მეთქი. მერე გამომკითხა, რა ერქვა ჩემს მამას, დედას, რამდენი და-ძმა მყავდა, რას ვსაქმიანობდით... როგორი შეგრძნება გამიჩნდა, იცით? ადამიანი დიდი ხნის წასული რომ არის შინიდან და ახალი დაბრუნებული ყველას ამბავს დაწვრილებით რომ კითხულობს. ისეთ ყოფით კითხვებს მისვამდა, მეგონა, ჩემი ოჯახის წევრი იყო, საიდანღაც დაბრუნდა და აინტერესებს, მის გარეშე როგორ ვცხოვრობდით. რასაკვირველია, ყველა კითხვას ვპასუხობდი, რადგან ასე გაგვზარდეს: უფროსი რომ გელაპარაკება, თვალი არ უნდა გაუსწორო და არც უნდა შეეკამათო, ენის შებრუნების უფლება არა გაქვს. მეც მორჩილად ვუსმენდი ჩემთვის უცნობ საქართველოს პატრიარქს და თან ძალიან გაოცებული ვიყავი. ბოლოს მკითხა, ამინ, შეგიძლიათ კვლავ ჩამოხვიდეთ ჩემთანო? დავეთანხმე, რადგან ძალიან მაინტერესებდა ამ ადამიანის ნახვა. სხვათა შორის, მთელი ოჯახი დაგვპატიჟა. რჩევისთვის ჩემს უფროს ძმასთან წავედი, ის თანამდებობაზე მუშაობდა და როდესაც მკითხა, ვინ დაგირეკაო, პატრიარქის სრული ტიტულის დასახელებაც არ დამასრულებინა, ისე შეჰყვირა, რაო?! თურმე ბევრი რამ იცოდა საქართველოს პატრიარქის შესახებ. მერე მითხრა, ყველა რომ წავიდეთ, ბევრნი ვართ და მასპინძელს შევაწუხებთ, ამიტომ სამი ძმა წადითო. მეორე დღეს, შაბათს, წამოვედით საქართველოში, საღამოს 9 საათზე ვესტუმრეთ პატრიარქს და ღამის პირველ საათამდე მასთან ვიყავით.

ბავშვობიდან ძალიან მიყვარს მოხუცები და მათთან ვმეგობრობ კიდეც. პატრიარქი პირველად რომ მოგვიახლოვდა, იკითხა, თქვენგან ამინ შადიჟევი რომელიაო? ჩემზე მიუთითეს და პირველადაც მე ჩამიხუტა, მაკოცა და ცრემლი მოერია, ბავშვობიდან ვევედრებოდი ღმერთს, გარდაცვალებამდე თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს შევხვედროდი და დღეს უფალმა ჩემი ლოცვა ისმინაო. იმავე დღეს პატრიარქს უწმინდესი ვუწოდე და მას შემდეგ სულ ასე მივმართავდი. ვიფიქრეთ, არ გადავღალოთ-მეთქი და დამშვიდობება მოვინდომეთ, ის კი განერვიულდა, ასე რატომ ჩქარობთ, ხომ არაფერი გაწყენინეთო? ავუხსენით, მისი შეწუხება რომ არ გვინდოდა და გვითხრა, ამინ, თქვენთან საუბრისას მთელი ჩემი ცხოვრება დამიდგა თვალწინ და კარგა ხანია, ასე კარგად არ მიგრძნია თავი. გთხოვთ, ჯერ არ წახვიდეთო. ჩვენც დავრჩით. ადამიანი პირველად გვხედავდა და ისე გვენდო, პირადი დაცვაც კი გაუშვა... მას შემდეგ, როცა პატრიარქთან ერთად ვიყავი, დაცვაც არ მოდიოდა ახლოს.

რაც შეეხება უწმინდესისა და ჩემი ძმადნაფიცობის ამბავს, მე არ მსმენია, რომ პატრიარქს მსგავსი რამ ვინმესთვის ეთქვას. ეს იმიტომ კი არ მახარებს, რომ მაინცდამაინც მე შემომთავაზა ძმად გაფიცვა, არამედ ჩემი ხალხის, ინგუშების გამო მიხარია, რადგან ეს დიდი პატივია. მახსოვს, 2014 წელი იყო, მისი რეზიდენციის კელიაში ვისხედით. იქვე იყვნენ დაცვა და რამდენიმე მოძღვარი. პატრიარქი დიდხანს მაკვირდებოდა და უცებ მითხრა, ამინ, შეგიძლია ხელი გაიჭრა და სისხლი გამოუშვა? მეც გავიჭრი ხელს და გამოვუშვებ სისხლსო. ვკითხე, უწმინდესო, ეს რისთვის არის საჭირო-მეთქი? ასეთი რიტუალი გვაქვს, როდესაც გვინდა სისხლისმიერი ძმები გავხდეთ, მინდა მე და შენ საერთო სისხლი გვქონდესო. უწმინდესო, მართლა გინდათ ხელი გაიჭრათ-მეთქი? კი, მინდაო, მითხრა და დააყოლა, მინდა ჩემი შვილი იყოო. ეს ნამდვილად უწმინდესის სიტყვებია, ასე უნდოდა და თქვა. ყველაფერი ღვთის ნებაა და რაც მოსახდენია, ის ყოველთვის მოხდება. სხვათა შორის, უწმინდესს ვკითხე, მართლა გინდათ, თქვენი შვილი ვიყო-მეთქი? კი, მინდაო. ვუთხარი, უწმინდესო, ხელს ვერ გაგაჭრევინებთ, მაგრამ თქვენი შვილი ვიქნები-მეთქი. ღვთის წინაშე მართლაც ასეა, რადგან უწმინდესმა თქვა და მე დავთანხმდი, ხელი კი მაინც არ გავაჭრევინე! უმალ საკუთარ ხელს მოვიჭრიდი, ვიდრე მას გავაჭრევინებდი ხელს!" - მიამბო ამინმა ჩვენს პირველ ინტერვიუში, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა.

ამინ შადიჟევს ინგუშეთში დიდი ოჯახი ჰყავს - დედა, ოთხი ძმა და ხუთი და. ის ამ წელების განმავლობაში ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და ყოველთვის სტუმრობდა ჩვენს უწმინდესს. მითხრა, ასე მგონია, არც არავის შეხვედრია პატრიარქი იმდენჯერ, რამდენჯერაც მე და, ფაქტობრივად, ეს მთელ ცხოვრებად მიღირსო.

ახლა კი, ამინიც ჩვენსავით დასევდიანებულია და ჩვენსავით განიცდის პატრიარქის გარდაცვალებას. 18 მარტს შევეხმიანე და ვთხოვე, ვიდრე საქართველოში ჩამოხვალ, იქნებ შენს განცდებზეც მიამბო-თქო. აღმოჩნდა, რომ უკვე გზაში იყო და საქართველოში მოდიოდა. ასე გზა და გზა განვაგრძეთ საუბარი.

ამინ შადიჟევი:

- დღეს ძალიან მძიმე დღე მაქვს. მე დღეს მამა მომიკვდა. ადამიანებს, როგორც წესი, მამა და დედა ჰყავთ, მე კი მდიდარი ვიყავი, რადგან ორი მამა მყავდა - ერთის ღვიძლი შვილი ვიყავი, მეორის კი - შვილობილი. ამას სიტყვებით ვერც გადმოგცემთ.

პატრიარქი იყო საოცარი სულის ადამიანი და ჩემთვის - ძალიან ახლობელი. ღმერთმა იცის, როგორ გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და სიყვარულით. არადა, რომ გავიცანი, ფაქტობრივად, არც კი ვიცოდი, ვინ იყო, რას წარმოადგენდა. მერე და მერე, დროთა განმავლობაში, უფრო ხშირად რომ ჩამოვდიოდი საქართველოში, ვხვდებოდი ხოლმე მას და ბევრს ვსაუბრობდით. მაშინ კი მივხვდი, როგორ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. ერთხელ, საუბრისას ვუთხარი, უწმინდესო, შეიძლება რაღაც გკითხოთ-მეთქი? - მახსოვს, 2013 წელი იყო, სოფელ სნოში, უწმინდესის რეზიდენციაში ვიყავით. კარგა ხანს ვსაუბრობდით, შიგადაშიგ პატრიარქსაც და მეც ცრემლები მოგვდიოდა, ალბათ, მეტისმეტი ემოციებისგან. იქვე იყო საქართველოს იმჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. მახსოვს, იმ დღეს მას პატრიარქმა თეთრი ცხენი აჩუქა.

სწორედ მაშინ მკითხა, ამინ, შეიძლება რაღაც გთხოვოთო? - რა თქმა უნდა, რაც გნებავთ, მთხოვეთ-მეთქი, ვუპასუხე, მან კი მითხრა, - უფალი მოწმეა, ყველაფერს ხედავს, ღვთის გულისათვის, სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ მიმატოვოო. იმ დღეს შევთანხმდით, რომ ამ ქვეყნად ერთმანეთს არასდროს მივატოვებდით. ვერც დავითვლი, რამდენჯერ შევხვდი, რამდენი საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი მოვისმინე. ამ შეხვედრებისას შევიტყვე, რომ ქართლის პირველი მეფის, ფარნავაზის დედა ინგუში ყოფილა. ისტორიულ წყაროებში, თურმე, ისიც წერია, რომ თამარ მეფეც ინგუშების ნათესავი იყო, დედა მასაც ინგუში ჰყოლია. ყველა ეპოქაში ახლობლობდნენ ინგუშები და ქართველები, თუნდაც ჩემი ბაბუა და დიდი ბაბუაც მეგობრობდნენ ქართველებთან. დედა გვარად ჰამათხანოვა მყავს. ერთ ქართველ თავადს მისი ბიძა, მამის ძმა, ბავშვობაშივე წამოუყვანია საქართველოში და აქ აღუზრდია, შესანიშნავი განათლება მიუცია და უცხო ენებიც უსწავლებია. ასე რომ, ჩემი ბაბუა ქართველების სიყვარულში გაიზარდა და მისი საქმიანი ურთიერთობებიც მხოლოდ ქართველებს უკავშირდებოდა.

როდესაც 17 მარტს უწმინდესის საავადმყოფოში გადაყვანის ამბავი შევიტყვეთ, მთელი ოჯახი ვადევნებდით თვალყურს, რას გამოაცხადებდნენ.

ჩემს ოჯახს მძიმე ცხოვრება ჰქონდა. მახსოვს, მამა ცუდად რომ გახდა და საავადმყოფოში გადავიყვანეთ, ყველას გვწამდა, რომ მამა გამოჯანმრთელდებოდა და მალე წამოვიყვანდით შინ. დიდხანს ველოდით მის შინ დაბრუნებას, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მწარედ მახსოვს, მამა საავადმყოფოდან შინ რომ მოვასვენეთ, ჩემი უფროსი და - მოლოტხანი ეზოდან გამოიქცა, შემოგვეგება და პირველი რაც მკითხა, ამინ, რა გვეშველება, მის გარეშე როგორ ვიყოთო? იმწამს დავამშვიდე, ღმერთი ჩვენთანაა და არ მიგვატოვებს-მეთქი.

2026 წლის 17 მარტს ზუსტად ანალოგიური ტკივილი განვიცადეთ ოჯახმა. იმ საღამოსაც, შინ რომ დავბრუნდი, კვლავ მოლოტხანი შემომეგება და მანვე მითხრა, პატრიარქი აღარ გვყავსო. ყველანი ვტიროდით, ვგლოვობდით ჩვენს სულიერ მამას. ბევრი ახლობელი მირეკავდა საქართველოდან, მოსკოვიდან, გროზნოდან, ცენტრალური ურალიდან, ციმბირიდან, ჩვენი ინგუშები გვირეკავდნენ, ვინ აღარ გვეხმიანებოდა. მე კი ყველა თანაგრძნობით მისამძიმრებდა მამის გარდაცვალებას! უწმინდესი ჩემი უძვირფასესი და უახლოესი ადამიანი იყო. მისი შვილობილი ვიყავი და ვუყვარდი. ძალიან განვიცდი, რომ უკანასკნელ წუთებში მის გვერდით ვერ აღმოვჩნდი - ეს მისგან ანდერძივით იყო, რადგან მთხოვა, რომ ბოლო წუთებში მასთან ვყოფილიყავი (აქ კი ვიგრძენი, ამინს შესამჩნევად როგორ გაებზარა ხმა. ასეთი გულაჩუყებული არც არასდროს მინახავს - ავტ.). უფალმა მიიბაროს უწმინდესის სული და დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი. უდიდესი სულის ადამიანი დავკარგეთ და არა მარტო ქართველებმა, არამედ ინგუშებმაც და... სრულიად მსოფლიომ! თამამად ვამბობ, რომ ასეთი დიდი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან ჩვენს სამყაროში!

უწმინდესი და უნეტარესი ილია II მამაცი და ბრძენი ადამიანი იყო, მის აზრს ისმენდნენ და ითვალისწინებდნენ. მისი სიტყვა მთელ მსოფლიოში ფასობდა, რადგან მისი ნათქვამი სიტყვა ნაღდი სიტყვა იყო! დიახ, ის იყო უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე - განუმეორებელი ადამიანი! მადლობა უფალს და მადლობა ზეციურ ძალას, რომ უკანასკნელ 10 წელიწადზე მეტი უწმინდესის მხარდამხარ, მის წიაღში და მის მამაშვილურ სიყვარულში გავატარე და ეს სიყვარული მუდამ იცოცხლებს, დღეს კი ყველანი ვგლოვობთ მის გარდაცვალებას!

ძვირფასო ქართველებო, პატრიარქი ილია მეორე მუდამ იცოცხლებს, იგი იცოცხლებს ჩვენს გულებში, რომელიც მისი სიყვარულით იქნება გამთბარი.

არ იტიროთ, ქართველებო, ბედნიერები იყავით, ძალიან მიყვარხართ. ქართველებს და ინგუშებს ოდითგანვე ერთმანეთის განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს და ღმერთმა ქნას, ეს სიყვარული სამუდამოდ გაგრძელდეს. უფალი იყოს ჩვენთან - ყველას გემადლიერებით. საქართველოს გაუმარჯოს!

ირმა ხარშილაძე