ბოლო დღეებში დიდი ბრიტანეთის ქალაქ კენტერბერიში პანიკაა. ის, რაც ჩვეულებრივი სტუდენტური მხიარულებით დაიწყო, ქვეყნის ჯანდაცვის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპიდემიად იქცა. მენინგიტის აგრესიულმა შტამმა სულ რამდენიმე დღეში ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, 20-მდე ადამიანი კი საავადმყოფოში აღმოჩნდა.
ყველაფერი ერთი კლუბიდან დაიწყო
ექიმები ამ მოვლენას „სუპერ-გავრცელებას“ უწოდებენ. გამოძიების მიხედვით, ინფექციის კერად ღამის კლუბი Club Chemistry დასახელდა. ვარაუდობენ, რომ 5-დან 7 მარტამდე პერიოდში, კლუბში შეკრებილ ახალგაზრდებს შორის ბაქტერია ელვისებურად გავრცელდა. სტუდენტური საერთო საცხოვრებლები და ხალხმრავალი წვეულებები იდეალური გარემო აღმოჩნდა დაავადებისთვის, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადის.
ორი გაწყვეტილი სიცოცხლე
გარდაცვლილებს შორის არის 16 წლის ჯულიეტა, სკოლის მოსწავლე, რომელსაც წინ მთელი ცხოვრება ჰქონდა, და 21 წლის სტუდენტი კენტის უნივერსიტეტიდან. ორივე მათგანი დაავადების პირველივე სიმპტომების გამოჩენიდან რამდენიმე საათში დაიღუპა. გარდა ამისა, ექიმები ახლა 9 თვის ჩვილის სიცოცხლისთვის იბრძვიან, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია.
რატომ არის მენინგიტი ასეთი ვერაგი?
მენინგიტი ტვინისა და ზურგის ტვინის დამცავი გარსების ანთებაა. მისი მთავარი საშიშროება სისწრაფეა. ექსპერტები გვაფრთხილებენ: ამ დაავადებას ადამიანის მოკვლა 24 საათში შეუძლია. ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ უბრალო გრიპი აქვთ, თუმცა როდესაც მდგომარეობა მძიმდება, წამები წყვეტს ყველაფერს.
ნიშნები, რომლებიც სასიკვდილო საფრთხეზე მიგვანიშნებს:
ექიმები ამბობენ, რომ კოვიდ პანდემიის შემდეგ ვაქცინაციის დონემ კატასტროფულად იკლო. ბევრმა ახალგაზრდამ გამოტოვა გეგმიური აცრები, რამაც საზოგადოებაში „იმუნური ხვრელი“ გააჩინა.

ამჟამად კენტერბერიში საგანგებო მდგომარეობაა: 5,000-ზე მეტ სტუდენტს სასწრაფოდ ცრიან, ხოლო ათასობით ადამიანი რიგებში დგას ანტიბიოტიკების მისაღებად, რათა დაავადების ჯაჭვი გაწყდეს.
ჯანდაცვის წარმომადგენლები მშობლებსა და ახალგაზრდებს მოუწოდებენ: ნუ დაელოდებით გამონაყარს. თუ ეჭვი გაქვთ, რომ სიმპტომები მენინგიტს ჰგავს, ყოველი წუთი გადამწყვეტია.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო დღეებში მას ბევრი უსვამს კითხვას ამ თემის შესახებ, ამიტომ ვრცელ განმარტებას ავრცელებს.
- ბევრი შეკითხვაა ამჟამად ბრიტანეთში მენინგიტის შემთხვევებთან დაკავშირებით. ზოგადად ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ამ ეპიდაფეთქებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმიტომ, რომ ინფექცია სწრაფად გავრცელდა, რაც ჩვეულებრივ ნაკლებად ხდება ხოლმე, რადგან მენინგოკოკი მხოლოდ მჭიდრო კონტაქტით გადაეცემა. ამჟამად რამდენიმე დღეში 20 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ლეტალური გამოსავლით, რამაც გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.
ინფექცია გავრცელდა უნივერსიტეტის სტუდენტებში (University of Kent, Canterbury). შემთხვევების ნაწილში გამოვლინდა მენინგოკოკი B (MenB). ეს ქვეტიპი არ შედის სტანდარტულად გამოყენებულ ვაქცინაში (MenACWY). ამიტომ ამ აფეთქებასთან დაკავშირებით სთავაზობენ სხვა ვაქცინას, რომელშიც ეს ტიპი შედის. მენინგოკოკური ინფექციის ეს აფეთქება ლოკალური ხასიათისაა და სხვა ქვეყნებში არ არის გავრცელებული. შესაბამისად, ჩვენთან შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს.