საქართველო გლოვობს ერის სულიერ მამას. 22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. მანამდე ყველა იხსენებს ადამიანს, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მშვიდობის, სიყვარულისა და რწმენის მაგალითი იყო.
თუმცა არიან ადამიანები, ვისაც პატრიარქთან განსაკუთრებული ურთიერთობა და მოგონებები აკავშირებთ. ასეთია წარმატებული საოპერო მომღერალი დავით სუმბაძე, რომელიც პატრიარქმა აღზარდა - დღეს ის მსოფლიოში წარმატებული მომღერალია. მისი ცხოვრების დიდ სასწაულზე, პატრიარქის შვილობილი გამხდარიყო, უწმინდესთან გაეტარებინა დაუვიწყარი ცხრა წელი, თავად გვიამბობს...
- გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე...
- არაერთხელ მაქვს მოყოლილი ჩემი ბავშვობის შესახებ და ვფიქრობ, ამის გამეორება კიდევ ბევრჯერ სიამოვნებით მომიწევს, რათა ჩემი გამოცდილება მომავალი თაობებისთვის სამაგალითო იყოს. როგორც ხელოვანი ადამიანების უმეტეს ნაწილს, არც მე მქონდა დალხენილი და ია-ვარდით მოფენილი გზა! სიმღერა ძალიან პატარა ასაკიდან შემიყვარდა და შემდეგ იყო საკმაოდ დიდი სირთულეები იმისთვის, რომ მესწავლა და მიმეღწია ჩემი მიზნისთვის, რასაც საერთაშორისო მომღერლის კარიერა ჰქვია...

- მშობლიური კახეთიდან თბილისში პურის ფქვილით დატვირთულ მანქანას რატომ გამოჰყევით?
- დიახ, ნამდვილად ასე იყო, რადგან გზის თანხაც კი არ მქონდა, რომ დედაქალაქში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვსულიყავი. ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც კეთილმა კაცმა პურის ფქვილით დატვირთულ მანქანას გამომაყოლა. ახლა ღიმილით მახსენდება ის მოგზაურობა, თბილისში ჩამოსული სულ მთლად თეთრი ვიყავი, ფქვილში ამოვლებული...
- პატრიარქთან როგორ აღმოჩნდით?
- უწმინდესთან მოხვედრა სასწაული იყო, რამაც ჩემი დედაქალაქში სასწავლებლად გადმოსვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. დაუვიწყარია მასთან გატარებული 10 წელი, რა პერიოდშიც საკმაოდ სერიოზულ წარმატებებს მივაღწიე... მეორე მამასავით მყავდა! საკვებით, მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით. მისი ნაჩუქარი 3500 ევროიანი მარკო ლუჩის პალტო დღესაც მაქვს...
თბილისში სასწავლებლად წამოსვლა რომ გადავწყვიტე, ვცდილობდი გზები მეპოვა, თბილისში როგორ მეცხოვრა და მესწავლა... ისე მოხდა, რომ თბილისის საკათედრო ტაძრის გუნდში გალობა დავიწყე და ერთხელ გალობის შემდეგ საშუალება მომეცა, პატრიარქს პირადად შევხვედროდი. ეს ძალიან დიდი საჩუქარი იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი აქედან დაიწყო. როდესაც გაიგო, რომ ჩამოსული ვიყავი, მსურდა, ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი, გადაწყვიტა, ბოლომდე გვერდით დამდგომოდა. თავიდან კურთხევა მქონდა, საპატრიარქოში დღეში ორჯერ საკვები მქონოდა. შემდეგ გიორგი ანდრიაძის დახმარებით და უშუალო რეკომენდაციით, საპატრიარქოს რადიოს დილის პროგრამების მენეჯერი გავხდი. ეს იმას გულისხმობდა, საპატრიარქოს რადიოს ყოველი მაუწყებლობა დილით ჩემი ჩარევით იხსნებოდა. უწმინდესი მართლაც მამობრივი მზრუნველობით მედგა გვერდით, ყველაფერს აკეთებდა, მე დიდი წარმატებები მქონოდა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, უწმინდესთან ამდენად ახლოს ვყოფილიყავი.

მახსოვს, საგალობელი - „დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო..“ რომ დაწერა, ნოტები სანოტო რვეულში მე ჩამაწერინა. შეიძლებოდა სხვაც ეხმარებოდა, მაგრამ მეც მქონდა ამის პატივი. ძალიან კარგი მსმენელი იყო, ბრწყინვალე კომპოზიტორი, ხატმწერი რომ იყო და იყო, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია... იმდენად დიდი ადამიანი, პატრიარქი, რომ ჩემს მიმართ ასეთი მზრუნველი არ ყოფილიყო, ჩემი სტუდენტობა წარმოუდგენლად რთული იქნებოდა. არ მქონდა საზრუნავი საცხოვრებელზე, საკვებზე, ფინანსურად მუდამ მეხმარებოდა. პატრიარქის სტუმრებისთვის რეგულარულად ვმღეროდი, კვირაში ორჯერ, ან მეტჯერ, როდესაც რეზიდენციაში პოლიტიკოსები, ხელოვანები თუ სხვები მოდიოდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ, პატრიარქი რომ ჩემი სიმღერით ამაყობდა. მოგეხსენებათ, საოპერო მომღერლისთვის ფორტეპიანოზე დაკვრა დიდი ფუფუნებაა. ერთხელ მთხოვა, სულ პიანისტის ძებნაში რომ ხარ, შენ თავად ისწავლე, თუნდაც ერთი ნაწარმოები დაუკრა და თან იმღეროო...
მთელი თვე მოვუნდი, ერთი, - ფედერიკოს არია მესწავლა, ვოკალისტებისთვის ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა ადვილი არ არის. როცა სტუმრები მოდიოდნენ და ვკითხავდი, უწმინდესო რას ინებებთ, რა ვიმღერო-მეთქი, მეტყოდა, აი, თუნდაც ფედერიკოს არია, დავით და გაიღიმებდა ისეთი ტკბილი ღიმილით, როგორიც არავის ჰქონდა. თან გამამხნევებდა, გამხნევების დიდოსტატი იყო... ერთხელ ბობოყვათის რეზიდენციაში საპატრიარქოს დელეგაცია წავიდა. ფოტო, რომელიც ახლა მიდევს, ბობოყვათის რეზიდენციის წინ ვზივარო, ამ ფოტომ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა...

ბობოყვათის რეზიდენციაში რომ წავიდნენ, გზაში უკითხავს, დავითი სად არისო და შორენას რომ უთქვამს, აქ არ არისო, უკვე რიკოთს იყვნენ გაცილებული, მაგრამ რადგან პატრიარქს სურდა, მეც ვყოფილიყავი, იქ მყოფმა ქალბატონმა მანანა შარაშენიძემ გამომიგზავნა თავის შვილი და სიძე, საპატრიარქოდან მანქანით წამიყვანეს. ბობოყვათის რეზიდენციაში, მესამე სართულზე როიალი იდგა, სადაც კონცერტებს ვმართავდით.
საოცარი იყო პატრიარქთან გატარებული მთელი ცხრა წელი, არამიწიერი სიხარული. ძალიან ბევრი რამ მასწავლა თავის სიმშვიდით, დიდი სიბრძნით, მამა-შვილური დარიგებებით. არ დამავიწყდება, როდესაც ჩემს პირველ მეუღლეს გავშორდი, ძალიან დიდ განცდებში ვიყავი, როგორ ჩამიხუტა და მითხრა, შენ გენიოსი ხარ, დიდი მომღერალი უნდა გახდე, ასე ნუ ხარო...შემდეგ სილა მითავაზა ლოყაში, მამა შვილს რომ შემოარტყამს გამოსაფხიზლებლად. ძალიან მიშველა ასეთმა თანადგომამ.
2025 წლის ზაფხულში საქართველოში ვიყავი ჩამოსული. ერთ დღეს ჩემს მეგობარ - ნათია თოდუასთან გახლდით ოჯახში საგურამოში, იქ მწვადს ვწვავდით, როდესაც საპატრიარქოდან დამირეკეს, სასწრაფოდ მოდი, უწმინდესი გკითხულობსო... (როგორც კი საქართველოში ჩამოვედი, საპატრიარქოში ჩემს მეგობრებს დავურეკე და ვთხოვე, უწმინდესისთვის გადაეცეთ, მისი ნახვა რომ ძალიან მსურდა.) საგურამოდან ჯვრის მამათა მონასტერში მყოფ პატრიარქთან გავეშურე, იქ იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მე ვიტყოდი, რომ ბოლო და ყველაზე უმძიმესი შეხვედრა. პატრიარქი ამდენად დასუსტებული და მძიმე მდგომარეობაში არასოდეს მენახა. ეს ჩემთვის უდიდესი ტკივილი იყო...
ჩემს შესახებ ყველაფერი მოვუყევი, ძალიან დიდი წარმატებები რომ მქონდა, გასტროლები იტალიაში, შვეიცარიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში... ჩაიცინა და მითხრა, მაინც მიაღწიე შენსას, კიდევ უფრო დიდი წარმატებები გელოდებაო. მერე მომეფერა, მეც ვეამბორე, ვემთხვიე ხელზე, ძალიან ამაღელვებელი შეხვედრა გვქონდა... „ტოსკას“ კავარადოსის მეორე არია ვუმღერე, ესეც ალბათ სიმბოლური იყო. კავარადოსი სიკვდილის წინ მღერის ამ არიას. ასე შევხდი ბოლოჯერ უწმინდესს, მოვეფერე და გამოვეთხოვე. ძალიან გული მწყდება, მის დაკრძალვას რომ ვერ დავესწრები, რადგან იტალიაში კონცერტი მაქვს. დიდი მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის, საშუალება მომცემოდა, უწმინდესის ამაგზე კიდევ ერთხელ მესაუბრა.
წაიკითხეთ ასევე: