ილია მეორეს საოცარი თვისებები ჰქონდა. ძალიან სამართლიანი ადამიანი იყო. ეს ყველაფერი ძალიან დააკლდება ჩვენ ერს, - ამის შესახებ მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.
"რაც შეეხება მის [პატრიარქი] პიროვნულ თვისებებს, რომ იცოდეთ როგორი პრინციპული იყო ჩვეულებრივ ურთიერთობაში თუ გრძნობდა, რომ საჭირო იყო პრინციპულობა. იცით, რა ფორმით გამოხატავდა? - იუმორით. იუმორის უდიდესი ნიჭი ჰქონდა. ერთ სიტყვას იტყოდა და ირგვლივ ყველანი იცინოდნენ. პატარა ბავშვივით გულჩვილი იყო. გული აგიჩუყდებოდა იმაზე თუ როგორ ჰყვებოდა საკუთარ მშობლებზე. საოცარი თვისებები ჰქონდა. ძალიან სამართლიანი ადამიანი იყო. ეს ყველაფერი ძალიან დააკლდება ჩვენ ერს. მან უდიდესი სიტყვა თქვა ქართულ მართლმადიდებლურ სფეროში. ყველას დაანახა, რომ საქართველო არსებობს. ეს, სწორედ მისი დამსახურებაა“,- განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ.
მომღერალმა თამარ ჭოხონელიძე პატრიარქთან ურთიერთობასა და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა მომავალში გეგმავს საკუთარი პოზიციის სრულად ახსნას. ჭოხონელიძე ვარაუდობს, რომ მის მიმართ კრიტიკა შესაძლოა უკავშირდებოდეს ილია II-ის მხრიდან მისდამი გამოხატულ ყურადღებასა და მხარდაჭერას.
"ამ დღეებში არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა შემდეგ აუცილებლად ვისაუბრებ. ვიტყვი ჩემს ვარაუდს, მაგრამ ფაქტია, რომ მე არ მაპატიეს უწმინდესის ჩემდამი ასეთი სიყვარული და ყურადღება. ალბათ, არ მაპატიეს. ვიტყვი იმას თუ რატომ მოხდა. მგონია, რომ თავად უწმინდესი ამაზე დამთანხმებოდა და თავს დამიქნევდა, რატომ? - იმიტომ, რომ უარი ვთქვი სიმღერაზე იმ დღეზე, როდესაც შეიძლება მომხდარიყო დაპირისპირება. ეს იყო ოჯახის სიწმინდის და ლგბტ-ე დღე. მე ვთქვი, რომ - ვერ ვიმღერებ, შეიძლება მოხდეს დაპირისპირება და მე ამის წინააღმდეგი ვარ.
ზოგადად, წინააღმდეგი ვარ ადამიანის მოკვლის, დისკრედიტაციის მაშინ, როდესაც ის სხვა აზრზე დგას, თუნდაც სხვა ორიენტაცია აქვს - ადამიანის მოვკლა არ შეიძლებოდა. ეს ხდებოდა, ამის არაერთი ფაქტი იყო.
ალბათ, ეს სიჯიუტე არ მაპატიეს. ის ტროლ-ბოტები, რომელიც მომიქსიეს, სხვა სარჩული და ინტერპრეტაცია დაუდეს ამას, თითქოს, ვპროპაგანდირებდი რაღაცებს. რომელი უფრო ქრისტიანული ნაბიჯია: ადამიანი, რომელიც ამბობს არ მოკლათ განსხვავებულობის გამო თუ - რომ კლავენ? დარწმუნებული ვარ ეს პატრიარქისგან არ მოდიოდა. 17 მაისის იდეა პატრიარქისგან მოდიოდა თუ არა ეგეც არ ვიცი”,- განაცხადა ჭოხონელიძემ.
მომღერალმა გაიხსენა შემთხვევაც, როდესაც შობის პერიოდში გალობაში მონაწილეობა აუკრძალეს. მისი თქმით, ტელეფონით შეატყობინეს, რომ „დასჯილი იყო“ და ვერ იმღერებდა, თუმცა ამას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია და ტრადიციას ოჯახში აგრძელებდა.
"შობა მოდიდოა, გალობა უნდა შემესრულებინა, დამირეკეს და მითხრეს, რომ „შენ დასჯილი ხარ და აღარ იგალობებ“. ვერ მოახერხეს ჩემი დასჯა. იქ, სადაც ჩვენ ამ გალობას ვასრულებდით, უამრავი ხალხი შემოდიოდა ზუსტად ამ დროს. მათ თუ ეგონათ, რომ ისინი ჩემთვის აუდიტორია იყო ან ტაშს ველოდებოდი, კიდევ უფრო ცდებიან. ამ რიტუალს სახლში ვატარებ. მაინც ვერ დამსაჯეს.
მას შემდეგ ვის აღარ ვაბარებდი - შემახვედრეთ პატრიარქთან. მინდა მას ვუთხრა ჩემი სათქმელი, ოღონდ მარტო არა. თქვენთან ერთად , თქვენი თანდასწრებით. არ შემახვედრეს. დღემდე მწყდება გული, რომ მას [პატრიარქს] ვერ შევხდი. იქ , რომ წავალ, შევხდები აუცილებლად და ვეტყვი ჩემს სათქმელს იმიტომ, რომ მე მისთვის არასდროს მიღალატია“,- განაცხადა ჭოხონელიძემ.
წაიკითხეთ ასევე: