ავტორი:

"20 წლისას სამონაზვნე ანაფორა ჩამაცვეს... პატრიარქი გვერდით მედგა, პირველი ვიდექი, მე შემხვდა სახელი სიდონია" - დედის ტრაგედია და მოგონებები ილია მეორეზე: ინტერვიუ დედა სიდონიასთან

"20 წლისას სამონაზვნე ანაფორა ჩამაცვეს... პატრიარქი გვერდით მედგა, პირველი ვიდექი, მე შემხვდა სახელი სიდონია" - დედის ტრაგედია და მოგონებები ილია მეორეზე: ინტერვიუ დედა სიდონიასთან

"პატრიარქის სახელისთვის ყური ბავშვობიდან მქონდა შეჩვეული იმიტომ, რომ ჩემი აღმზრდელი დეიდა სიონში დადიოდა და საეკლესიო კალენდარი მოჰქონდა. კალენდრის პირველ გვერდზე პატრიარქის ფოტო იყო ხოლმე გამოსახული. მის პერსონას შორიდან ასე ვიცნობდი... თუმცა ისეთი დრო იყო, ათეიზმის ეპოქა და ჩვენც იმ პერიოდში ვყალიბდებოდით. მე თავისებური, ჩემი რწმენა მქონდა" - გვეუბნება დედა სიდონია, რომელიც ტაძარში 17 წილის ასაკში მივიდა მონაზვნობის განზრახვით... აღკვეცეს და მას მერე თავის არც ისე მსუბუქ ჯვარს შეუდგა.

ამ დღეებში, როცა ქვეყანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ის გარდაცვალებას გლოვობს, სოციალურ ქსელში პატრიარქი მანაც გაიხსენა, მასთან პირველი ურთიერთობის ეპიზოდები...

ამ თემაზე უფრო ვრცლად საუბარი დედა სიდონიას ჩვენც ვთხოვეთ და ახლა სწორედ ამ ინტერვიუს გთავაზობთ.

დედა სიდონია:

- ჯერ თელავის საკათედრო ტაძარში მივედი, სადაც მიტროპოლიტი გრიგოლ ცერცვაძე სწირავდა და ტაძარში მის გარდა სულ 5 ადამიანი ვიდექით - მღვდელი, დიაკონი, მედავითნე, მესანთლე და მე. სამთავროს მონასტერში მისვლა კი მერე გადავწყვიტე. რომ მივედი, ის-ის იყო, პატრიარქმა მეუფე დანიელი ეპისკოპოსად რომ აკუთხა და აცილებდნენ, მაგრამ მასთან კომუნიკაცია მაშინ არ მქონია. როცა უკვე მონასტერში დავრჩი, უწმინდესი იქაურობას ხშირად სტუმრობდა... მაშინ მამა გაბრიელიც ცოცხალი იყო... მეუფე დანიელს სამთავროს დედათა მონასტერი ებარა. ასაკოვანი დედების უმრავლესობაც ცოცხლები იყვნენ. სულ სხვა რეალობაში ვიყავით - საქართველოში ძალიან ცოტა მონაზონი იყო, ალბათ ასე - 30. იმის გამო, რომ პატრიარქი სამთავროში ხშირად მოდიოდა, მასთან კომუნიკაცია უკვე შესაძლებელი იყო.

ერთ-ერთ დღესასწაულზე ეზოში, წმინდა ნინოს ტაძართან ვისხედით. მეუფე კლასიტრატე და პატრიარქი ერთმანეთს ღიმილით ეჯიბრებოდნენ - ყაზბეგი ჯობია თუ თელავი ანუ თავიანთ კუთხეებზე საუბრობდნენ. ცოტა დავიძაბე, თელავიდან ვიყავი და მიკერძოებაში არ ჩამეთვალოს-მეთქი. ბოლოს ყაზბეგი პატრიარქმა ისე აღწერა, რომ მას დავეთანხმე. იცინოდნენ... ეს იყო ფაქტობრივად ჩემი პირველი შეხვედრა. მერე დედა ქეთევანმა პატრიარქთან მიმიყვანა და მასთან წარმადგინა, ახალი მორჩილი გვყავს თელავიდანო. მეუფე კალისტრატეს გაუხარდა - რა კარგიაო. უწმინდესიც ღიმილით მიყურებდა, მაკვირდებოდა, მათვალიერებდა. მერე თავზე ხელი დამადო... ძალიან გახარებული და ბედნიერი ვიყავი, - სამთავროს ეზოში გახლდით, გარშემო მონაზვნები იყვნენ და იქვე იყო პატრიარქი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს სასუფევლის წინ ვიყავი. დედა ქეთევანმა ჩემი თავი პატრიარქს ასე გააცნო და დაალოცვინა. მან გზა გულით და სულით დამილოცა და რაღაც კითხვებიც დმისვა...

- ე.ი. პატრიარქი სამთავროს მონასტერს ხშირად სტუმრობდა...

- კი, ხშირად მოდიოდა. უშუალოდ ვმონაწილეობდი მისთვის ტრაპეზის გაშლაში... ეწყობოდა ხოლმე მონასტრის კრება. მასთან შეთახმებით წყდებოდა, რა უნდა გველოცა, რამდენი წაგვეკითხა, რა შეგვემცირებინა, რა მოგვემატებინა, ვინ ყოფილიყო მეტრაპეზე, ვის მოევლო მამა გაბრიელისთვის, როდესაც ფეხი მოიტეხა, ამ ყველაფერში უშუალოდ უწმინდესი მონაწილოებდა.

- და ყველა ტაძარისა და მონასტრის ცხოვრებაში ასე იყო ჩართული?

- ეს იყო 1992-1993 წელები. სოხუმი რომ დაეცა, უკვე მონასტერში ვიყავი. მოქმედი მონასტერიც სულ რამდენიმე იყო - ბოდბის, სამთავროს, ფერისცვალების და ჯიხეთის... ეგ კი არა, ისეთი პერიოდი იყო შაქარი არ გვქონდა თვეობით და ფილტვების პრობლემები მქონდა... მახსოვს ასევე მამა გაბრიელის და პატრიარქის დიალოგებიც...

- სახელი სიდონია როდის დაგარქვეს?

- 20 წლისას სამონაზვნე ანაფორა ჩამაცვეს, 9 სამონაზვნე ვიყავით. ჯერ მონაზვვნებად გამზადებულები აღკვეცეს, მერე სამონაზვნოები და მორჩილები. პატრიარქი გვერდით მედგა და პირველი ვიდექი, მე შემხვდა სახელი სიდონია. პატრიარქი გახარებული, გაბრწყინებული გვიყურებდა. იმ მზერამ ძალიან გამაძლიერა. გვენდობოდა და ჩვენში პერსპექტივას ხედავდა. იმ მზერამ ჩემი არჩევანის სისწორეში დამარწმუნა. როგორ იერარქს, ძალიან ვენდობოდი... დედა ქეთევან მანდილს რომ მაფარებდა, მითხრა, მცხეთა ასე განსაკუთრებულად რომ გიყვარს, სიდონიამ ამიტომ აგირჩიაო. მონაზონს სახელი შემთხვევითობის პრინციპით ხვდება, რომელიც შეხვდება და ამიტომ თქვა იღუმენიამ, წმინდა სიდონიამ თავად აგირჩიაო. საერთოდ, ძალიან სენსიტიურია ის წუთები, რადგან მშობლებისგან მიდიხარ და სხვა ატმოსფეროში ხვდები. შენი მთავარი დედა მონასტრის იღუმენი ხდება. გამოდის, პირდაპირ ღვთისმშობლისგან იღებს სიტყვებს, როგორც ზეციდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ წუთას ის სიტყვები - რომ სიდონიამ ამირჩია. იქიდან გამომყვა, რომ სიდონიას უნდა გავუმართლო... ხან ვუმართლებ და ხან - არა...

მე რაღაცნაირად ყოველთვის ჩემ თავთან, ღმერთთან და წმინდანებთან მაქვს ხოლმე ანგარიშსწორება და არა იმ ადამიანებთან, რომლებსაც თვითონ ვერ ჩამოუყალიბებიათ, რა უნდათ ან რას რატომ ითხოვენ ჩვენგან. მე ანგარიში და პასუხისმგებლობა მაქვს ჩემ სულთან და აი, იმ მომენტთან, რომ ჩემმა წმინდანმა გამომირჩია. მერე უკვე საბერძნეთში, როდესაც დიდ სქემაში 2013 წელს მკვეცავდნენ, ბერძენმა არქიმანდრიტმა სინას მთის მიტროპოლიტთან წარმადგინა (მცირე სქემა არ გამივლია), რომელმაც აღმკვეცა. სხვათა შორის, იქ ჩემმა მოძღვარმა, მონასტრის წინამძღვარმა ჩემს სახელზე მომწერა, - რა ვქნათ? ქართველმა ხალხმა ამ სახელით შეგიყვარა, ამაზე ლამაზი სახელი მე არც მსმენია და მოდი დავტოვოთ. თუ გინდა, რომ შევცვალოთ, გამიზიარე და გადავწყვიტოთ. მერე პირად საუბარში დამაზუსტებინა, სახელზე რამე ხომ არ მოგიფიქრებია? ვუთხარი, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სიდონიას მართმევენ, უნდათ, რომ ხელი გამაშვებინონ-თქო და მე მას მეტად ჩავებღაუჭე-მეთქი. თითი ამიწია, ეს ნიშანია, რომ უნდა დაგიტოვოთო და დამიტოვეს დიდ სქემაშიც კი.

- საერთოდ საბერძნეთში თქვენს წასვლას, იქ განათლების მიღებას პატრიარქმა მხარი დაუჭირა?

- ადრეულ წლებში ვერ წარმოვიდგენდი, რომ მონაზონს შეეძლო ესწავლა, რადგან მონაზვნობა ამქვეყნიური სურვილებისთვის სიკვდილია... მოკლედ, ჩემი ავადმყოფობის მერე საბერძნეთში წასვლა რომ შემომთავაზეს, 30-31 წლის ვიყავი. იქ წასვლას ონკოლოგიის, ქიმიოთერაპიების მერე დავთანხმდი. მითხრეს, რომ უნივერსიტეტში გავაგრძელებდი სწავლას, საბუთებიც მოამზადე და წამოიღეო. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა კიდეც, რომ ეს შესაძლებლობა ეკლესია-მონასტერში იქ თურმე შესაძლებელი იყო. პატრიარქმა თავიდან საბერძნეთში ერთი წლით გამიშვა. კურთხევა წასვლაზე უკვე აღებული მქონდა, როცა გაირკვა, რომ იქ უნდა მესწავლა, ამიტომ ეს არ იცოდა, იმის მერე აღარ შევხვედრივარ, მალევე წავედი...

საბერძნეთში ბერძნული ენის სერტიფიკატი ავიღე. უწმინდესთან ერთი წლის მერე უნდა დავბრუნებულიყავი და დავბრუნდი. მას საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში შევხვდი. იქ მასთან ერთად მეუფეები იყვნენ. რომ დამინახა, ძალიან გაუხარდა... მერე ვისაუბრეთ, ვუამბე, რომ საბერძნეთში თქვენ და სვეტიცხოველი მენატრებოდით-მეთქი. თქვენი ფოტო კედელზე ეკიდა და რომ შევხედავდი, ყელში ცოტას წამიჭერდა, ტირილი მინდებოდა, სამშობლო ისე მენატრებოდა. თქვენი ფოტო ტელეფონის ეკრანზეც მეყენა-მეთქი. გაუხარდა, გადაბრწყინდა. ვუთხარი, რომ ბერძნული ენის სერტიფიკატი უკვე ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში მქონდა აღებული და ისიც, რომ მათ უნდათ, რომ მასწავლონ. გაჩერდა, დაფიქრდა, შემომხედა და მითხრა - კარგია, კარგი იქნება. ძალიან გამიხარდა, რომ სასწავლებლად მისი ლოცვა-კურთხევით წავედი. მერე ბერძნულ დელეგაციას მსოფლიო პატრიარქი იყო თუ სხვა ჯგუფი, უწმინდესის აღსაყდრების დღე ს, მის იუბილეზე სულ დელეგაციასთან ერთად ჩამოვდიოდი. ჩვენი ქართველი - იტყოდა ხოლმე და რომ შემომხედავდა, უხაროდა.

- თქვენი ხელნაკეთი ნივთები ნანახი ჰქონდა?

- როდესაც ჩემი ნაკეთობები დავიწყე, ეს ქართული ნაქარგობა თანამედროვე აქსესუარებში, ვაცნობიერებდი, რომ თვითნებობა არაფერში არ შეიძლება. ხელოვნება, ხელსაქმე კია, მაგრამ როდესაც უკვე ბრენდს ქმნი და უცხოეთში ფიქრობ, რომ ის გავიდეს, თან მონაზონი რომ ხარ, პირველმა იერარქმა, რომელი ეკლესიის სახელითაც პოზიციონირებ, უწმინდესმა უნდა იცოდეს და მასთან მივედი. ჩემი შექმნილი ხელის დიდი ლამაზი სამაჯური მარგალიტებით ნაქარგი წავუღე. საპატრიარქოში, ასე მუხლებთან ვეჯექი, მერე დავიჩოქე და ნამუშევარი ვაჩვენე, ასე მოვიფიქრე, უწმინდესო. ქართული-ტრადიციული ნაქარგობა, ქართული სული ასე თანამედროვე ფორმებით გადმოვეცი-მეთქი და სამაჯური ვაჩუქე... ძალიან მალე ქალბატონი ნანი ბრეკვაძის 80 წლის იუბილე იყო. ქალბატონი ნანი და მე დიზაინერ დათუნა სულიკაშვილთან აღმოვჩნდით. ის ჩემს კატალოგს ათვალიერებდა და უი, ჩემი სამაჯურიო. ის სამაჯური სულ ორი ცალი მქონდა შექმნილი - ერთი გერმანიაში იყო და ერთი უწმინდესს რომ ვაჩუქე.

საიდან გაქვთ-მეთქი? პატრიარქმა მაჩუქაო 80 წლის იუბილეზეო... ესეც ჩემი ისეთი კავშირი იყო პატრიარქთან. იმდენად სერიოზულად და სიყვარულით მიიღო ჩემი ნაკეთობა, აი, რაღაცნაირად ბეჭედს რომ დაუსვამს შენს წამოწყებას, რომ ნანის, ასეთ ქალბატონს 80 წლის იუბილეზე აჩუქებს. ემასთან ეს შეხვედრა „ციანიდამდე“ იყო. მერე კი უწმინდესი ჩაკეტეს. დაცვა შეუცვალეს და ფაქტობრივად მიუწვდომელი გახდა. რამდენიმე სასულიერო პირის ინიციატივა იყო, მივსულიყავი, რაზეც მე თავი შევიკავე. იმას რომ წარმოვიდგენდი, ვინც მამა გიორგი თუნდაც იმ ყველაფრისთვის გაიმეტა, უწმინდესის მონატრებას ვითმენდი, რომ ისინი არ მენახა, ვისაც არ ვეთანხმებოდი...

- გამოდის, რომ ყველა ნაბიჯს მანამდე სულ უთანხმებდით... როგორ ვიცი, თქვენს ცხოვრებაში არის კიდევ ერთი მძიმე ეპიზოდი, რაც დედათქვენს უკავშირდება...

- დედაც 18 მარტს წავიდა ამქვეყნიდან. ეს იყო ფაქტობრივად სუიციდი. ონკოლოგია ჰქონდა და ვერ გაუძლო... მე მაგ დროისთვის ონკოლოგია დამარცხებული მქონდა. დედის ამბავი რომ მოხდა, ქიმიოთერაპიები ახალი დასრულებული მქონდა. რაშიც მე გავიმარჯვე, დედამ ვერ გაიმარჯვა... შეიძლება მაგ დროს ეჭვი გაგიჩნდეს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ვიცოცხლებდი... მოკლედ, დედის ამბავი რომ შემატყობინეს, წითელი პარასკევი იყო. წინა ღამეს მძიმე სიზმარი ვნახე - იმ დილას კი ვიფიქრე, რომ წითელი პარასკევია, მონაზონი ვარ, ამ დღის სიმძაფრეს სული იაზრებს და ცნობიერში ეს წამოვიდა-თქო. ტაძარში ვხვდები, რომ რაღაცას მერიდებიან, ალბათ, ახალ ნაავადმყოფარმა მეტისმეტად მძიმედ რომ არ განვიცადო. მერე ერთ-ერთი მონაზონი მომიახლოვდა და მითხრა, დალი დედა აღარ არის, - დედაჩემს იცნობდა. ოღონდ, სუიციდი რომ იყო, საღამომდე არ უთქვამთ. დედის ბიძაშვილმა სამძიმარზე დამირეკა, ტიროდა და მოთქვამდა.

ჩვენში ყველაზე პატარა იყო და რატომ გააკეთა ეს?! მოკლედ, გავიგე ეს უმძიმესი ამბავი და წამოვხტი, უსასრულოდ სირბილი მომინდა. იმაზე კი არ ვფიქრობდი, ნეტავ, ხომ არ ეტკინა, როგორ გაიარა ის ყველაფერი, როგორ იყო. ის ჯოჯოხეთი მასთან ერთად გავიარე... მერე მეუფე თეოდორემ, რომელიც დედას იცნობდა, პატრიარქს შემახვედრა, არადა, აღდგომის მეორე ორშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს შევხვდი. მაგ დღეს ძირითადად თბილისიდან რომელიმე მონასტერში გადიოდა, რომ ერთ დღე დაესვენა... დედას ასეთი ამბავი დაემართა-მეთქი. დედაშენი? - მითხრა, გაკვირვებულმა. მოდი, გვერდით მომიჯექი. ვუამბე როგორც იყო და რა მოხდა, რომ უკვე მეტასტაზები იყო წასული და ტანჯვას ვეღარ უძლებდა. მისი ის მდგომარეობა შეურაცხად მდგომარეობად ჩაუთვალა, რომ ისეთ ეტაპზე იყო, რომ საღი აზრი აღარ მოეკითხებოდა. ეს გაუაზრებელი მოქმედებააო, წესი ავუგოთ. გაამართლა... მაშინვე მუხლებზე დავეცი, ხელებზე ჩავეჭიდე... ისეთი გახარებული ვიყავი, მეგონა, იქიდან დედის დაბადების დღეზე მოვდიოდი, არადა, მეორე დღეს გასვენება იყო. მოკლედ წესი ავუგეთ, ჯვარიც გულზე მე დავკიდე. მანამდე გაქვავაებული ვიყავი და მაგ დროს უკვე ტირილი დავიწყე. მამამ ეს რომ ნახა, ისე გაუხარდა, მის სახეზე იკითხებოდა - შვილები გაგვიზრდიაო (მამაც მარტშია გარდაცვლილი 22-ში).

- ბოლოს გკითხავთ, ახსენეთ, რომ იმ ხალხთან შეხვედრა არ მინდოდაო... აქ რას გულისხმობდით?

- დღეს საზოგადოების ნაწილი ობიექტურად, საფუძვლიანად საყვედურობს საპატრიარქოს თავის პოზიციას, რიგ საკითხებში, მათ შორის ახალგაზრდებთან მიმართებაში გულგრილობას. მან ხომ უნდა დაიცვას თავის მრევლი, ერის ნაწილი?! საპატრიარქო ამ საკითხებში რჩება მდუმარე. მე ამ ყველაფერს არ ვუერთდები და ვემიჯნები... მაგრამ მე ვარ მონაზონი, თან მით უმეტეს, როგორი მცირე ასაკიდან. მშობლებს რომ დავცილდი, პატრიარქი აღმოჩნდა ფაქტობრივად ჩემ გვერდით. არადა, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავით მენტალურად. ამას დღევანდელი გადასახედიდანაც დიდი მნიშვნელობა აქვს... მე მონაზონი ვარ, ეკრესიის წიაღიდან ვერ წავალ და არც წავალ, ამ იერარქიის შემადგენელი ვარ, იერარქიას ვექვემდებარები და ის ჩემთვის არის საქართველოს მართლმადიდბლური ეკლესიის პირველი იერარქი და ამის გარდა მის მიმართ მაქვს პიროვნული სენსიტივი. იმიტომ, რომ რაღაცებში, არ ეთანხმები, არ ნიშნავს და არ გამორიცხავს პირადულ სენსიტივს. დეტალები არ ვიცი, იქ სინამდვილეში რა ხდებოდა, სად იყო შეცდომა, ეს უნდა კომპეტენტურმა ადამიანებმა და ისტორიამ თქვას... თუმცა ჩემთვის ეს პერსონა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არ იყო უმნიშვნელო...

წაიკითხეთ ასევე: