ავტორი:

"ხათუნა, რომ ავად გახდა, მეგონა, ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა... პატრიარქთან პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი... ყურში ჩამჩურჩულა, "უფალი მოწყალეა" - რას წერს ნინი ქარსელაძე

"ხათუნა, რომ ავად გახდა, მეგონა, ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა... პატრიარქთან პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი... ყურში ჩამჩურჩულა, "უფალი მოწყალეა" - რას წერს ნინი ქარსელაძე

საქართველოს ისტორიაში არის მომენტები, როდესაც მთელი ერი ერთ დიდ ოჯახად ერთიანდება საერთო ტკივილის გარშემო. პატრიარქის გარდაცვალებით დასრულდა უმნიშვნელოვანესი ეპოქა, თუმცა მათთვის, ვინც მის სიახლოვეს გაიზარდა, ეს დანაკარგი გაცილებით პირადულია.

მომღერალი ნინი ქარსელაძე ერთ-ერთი მათგანია, ვისთვისაც უწმინდესი არა მხოლოდ სულიერი ლიდერი, არამედ უმძიმეს წუთებში ერთადერთი იმედი იყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ მის ოჯახს თავს დიდი განსაცდელი დაატყდა - დედას, ხათუნა ჟორდანიას, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. სწორედ ამ მძიმე ბრძოლაზე და იმ საკვირველ ნუგეშზე წერს ნინი, რომელიც მან საპატრიარქოს კედლებში იპოვა...

- წილად მხვდა ბედნიერება, 5 წლის ასაკიდან, ვყოფილიყავი მის სიახლოვეში. მასთან გატარებული ყველა წუთი, ჩემთვის ერთი დიდი დღესასწაული იყო! ხათუნა, რომ ავად გახდა… თითქოს მთელი სამყარო თავზე დამემხო, ცა ჩამომექცა და ფეხებში მიწა გამომეცალა. მეგონა, ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა.

გვქონდა პატივი თითქმის ყოველდღე, მივსულიყავით ჩვენს უწმინდესთან დასალოცად, მისგან ნუგეშის მისაღებად. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც იმედი ცოცხლობდა და იქ შესვლისთანავე ვიცოდი- მთებს გადავდგამდი, ყველა ომს მოვიგებდი! პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა,“უფალი მოწყალეა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო!” თან იქვე, მისი ჩვეული ჩუმი, დინჯი ტონით სწრაფადვე დაამატა კალენდულას ჩაი დაალევინე, იგივე გულყვითელაო.

მიუხედავად იმისა, რომ მასთან გავიზარდე, ეს დღე დაუვიწყარი იყო. გამოვედით და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენი ძალიან რთული ომი, რომელსაც ვიწყებდით უკვე მოგებული გვქონდა! ეს პატარა ისტორია ჩემთვის მთელი სიცოცხლე და ცხოვრებაა!

ჩვენო უწმინდესო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, გვერდში დგომისთვის და ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომისთვის! ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს და მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროს, ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი ერის მამის გარდაცვალებას! გვიყვარხართ, მოგვენატრებით და უთქვენოდ ძალიან გაგვიჭირდება ცხოვრების გაგრძელება! დასრულდა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ეპოქა!

წაიკითხეთ ასევე: