„ხერხემლის და ზურგის ტვინის განვითარების მალფორმაციები’ - ის თემაა, რომლითაც ევროპის ნეირორადიოლოგთა სახელმძღვანელოს თანაავტორი თოდუას კლინიკის რადიოლოგი, ანა დუმბაძე გახდა. როგორც თავად ექიმი განმარტავს, რადიოლოგიის მნიშვნელობა თანამედროვე მედიცინაში განსაკუთრებით დიდია, ხშირ შემთხვევაში, სწორედ გამოსახულებითი კვლევა განსაზღვრავს დაავადების დროულ დიაგნოსტირებას და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას. სწორ და სწრაფ დიაგნოზზე კი დამოკიდებულია პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა, დაავადების პროგრესის პრევენცია და მკურნალობის ეფექტური დაგეგმვა. სწორედ ამგვარი გამოწვევები, გამოსახულებებში დამალული პროცესების აღმოჩენა და მათი კლინიკურ სურათთან დაკავშირება გახდა ის ფაქტორი, რაც მედიცინის ამ დარგის მიმართ მედიკოსების მუდმივ ინტერესს განსაზღვრავს.
ანა დუმბაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც აღნიშნული სახელმძღვანელოს თანაავტორობას, ასევე სტაჟირებას შვეიცარიაში, University Hospital of Zürich-ში; გარდა ამისა, ევროპის რადიოლოგთა საზოგადოების ESOR Scholarship პროგრამის ფარგლებში მან სტაჟირება გაიარა გერმანიაში, University Hospital Frankfurt-ში. მოგვიანებით პროფესიული გამოცდილება მიიღო ასევე University Hospital of Ulm-ში, კარდიოვასკულური რადიოლოგიის მიმართულებით.

უფრო მეტი დეტალის შესახებ, რა მნიშვნელობა აქვს რადიოლოგიას პაციენტისთვის სწორი დიაგნოზის დასმაში და რა გამოცდილება იყო მისთვის ევროპის ნეირორადიოლოგთა ასოციაციის სახელმძღვანელოს თანაავტორობა, თოდუას კლინიკის რადიოლოგი ანა დუმბაძე საუბრობს:
● ანა, რამ განაპირობა ნეირორადიოლოგიისა და რადიოლოგიის მიმართ თქვენი ინტერესი ?
2022 წლიდან თოდუას კლინიკაში ვმუშაობ და ეს პერიოდი ჩემი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. აქ მივიღე როგორც ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება, რომელმაც ჩემი, როგორც რადიოლოგის, კომპეტენცია გააძლიერა.
თავად დარგი მედიცინის ანალიტიკურ მხარესა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. ყოველთვის მიზიდავდა დაკვირვება დიაგნოსტიკურ პროცესზე, განსაკუთრებით დეტალების შესწავლა, გამოსახულებების ანალიზი და სხვადასხვა მონაცემის ერთმანეთთან დაკავშირება. მოქმედებათა ეს ჯაჭვი პაციენტის კვლევის პროცესში მთავარია სწორი დასკვნის მისაღებად.
ბევრი დაავადების შემთხვევაში, რადიოლოგიური კვლევა არის ის გადამწყვეტი ეტაპი, რომელიც ადგენს ან ამყარებს დიაგნოზს და ექიმებს აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და სწორად დაგეგმონ მკურნალობა.
რაც შეეხება ნეირორადიოლოგიას, აქ განსაკუთრებულად მიმზიდველი აღმოჩნდა ტვინისა და ნერვული სისტემის სირთულე. ნეირორადიოლოგიაში ხშირად ძალიან მცირე დეტალსაც კი შეუძლია გადამწყვეტი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს და გავლენა მოახდინოს პაციენტის მკურნალობაზე. სწორედ გამოსახულებებში დამალული პროცესების აღმოჩენა და მათი კლინიკურ სურათთან დაკავშირება, არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ამ მიმართულებას ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.
● გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილების შესახებ, რომელიც ლონდონში, The National Hospital for Neurology and Neurosurgery-ში მიიღეთ.
ეს გამოცდილება ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო, რადგან მომეცა შესაძლებლობა, ახლოდან დამენახა, როგორ მუშაობს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნეირორადიოლოგიური ცენტრი და რა მნიშვნელობა აქვს გუნდურ თანამშრომლობასა და მაღალ პროფესიულ სტანდარტებს თანამედროვე ნეირორადიოლოგიაში.
National Hospital for Neurology and Neurosurgery-ის ნეირორადიოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს Tarek Yousry, ევროპის ნეირორადიოლოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, რაც თავისთავად მიუთითებს იქ არსებული აკადემიური და პროფესიული გარემოს მაღალ დონეზე.

● როგორ მიმდინარეობდა ყოველდღიური სამუშაო ნეირორადიოლოგიის დეპარტამენტში?
მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობას, რაც მოიცავდა რთული ნეირორადიოლოგიური შემთხვევების განხილვებს, მულტიდისციპლინურ შეხვედრებს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ნევროლოგებთან და ნეიროქირურგებთან, ასევე სხვადასხვა გამოსახულებითი კვლევის დეტალურ ანალიზს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ის, თუ რამდენად სისტემურად და გუნდურად მიმდინარეობს დიაგნოსტიკის პროცესი: თითოეული შემთხვევა განიხილება კლინიკურ კონტექსტთან ერთად, რაც საბოლოო დიაგნოზის სიზუსტეს მნიშვნელოვნად ზრდის.
● რას გულისხმობდა ფელოუშიპი Giannina Gaslini Institute-ში?
Giannina Gaslini Institute პედიატრიული ნეირორადიოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ევროპული ცენტრია, სადაც 6-თვიანი ფელოუშიპი ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა რადიოლოგისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო როგორც პროფესიულ, ასევე პიროვნულ განვითარებაში. ეს შესაძლებლობა ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის ეგიდით ბრაკკოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებამ მომცა. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს Andrea Rossi, ევროპის ნეირორადიოლოგთა ასოციაციის მოქმედი პრეზიდენტი, და მის დეპარტამენტში მუშაობა იყო უნიკალური შესაძლებლობა, მესწავლა ნეირორადიოლოგიის თანამედროვე მიდგომები.
● როგორ ჩაერთეთ ევროპის ნეირორადიოლოგთა ასოციაციის (European Society of Neuroradiology) სახელმძღვანელოს შექმნაში?
ევროპის ნეირორადიოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო სამეცნიერო წიგნის შექმნაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტები და წარმოიდგინეთ ჩემი ემოცია, როდესაც პროფესორმა როსიმ ერთ-ერთი თავის თანაავტორობა შემომთავაზა. სიამოვნებით ჩავერთე ნაშრომზე მუშაობის პროცესში და ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო.

● რის შესახებაა თქვენი თანაავტორობით დაწერილი თავი?
ნაშრომის თავი დასათაურებულია შემდეგნაირად: „ხერხემლის და ზურგის ტვინის განვითარების მალფორმაციები: ნეირორადიოლოგიური მახასიათებლები (spine and spinal cord developmental malformations: neuroimaging features)“. ეს ეხება ხერხემლისა და ზურგის ტვინის განვითარების მალფორმაციებს და მათ ნეირორადიოლოგიურ მახასიათებლებს. მასში განხილულია ნერვული მილის განვითარების დარღვევებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის თანდაყოლილი ანომალია, მათი ემბრიოლოგიური საფუძველი და კლასიფიკაცია. ყურადღება ეთმობა თანამედროვე გამოსახულებითი მეთოდებით, განსაკუთრებით მრტ-ით, ამ პათოლოგიების იდენტიფიკაციასა და შეფასებას.
● რას მოიცავდა თქვენი გამოცდილება University Hospital of Zürich-ში?
University Hospital Zurich-ში ყოფნისას შესაძლებლობა მქონდა, ახლოდან გავცნობოდი როგორც ნეირორადიოლოგიის, ასევე გულის მრტ-ის მიმართულებით თანამედროვე დიაგნოსტიკურ მიდგომებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო რთული ნეიროვასკულური პათოლოგიების შეფასება და გულის მრტ-ის გამოყენება მიოკარდის დაავადებების დიაგნოსტიკაში. პირველად მქონდა შეხება ინტრაოპერაციულ მრტ-სთან. შთამბეჭდავი იყო როგორც მაღალტექნოლოგიური მრტ პლატფორმები, ასევე კვლევების ინტერპრეტაციის ძალიან სტრუქტურირებული და გუნდური მიდგომა.

● რა გამოცდილება მოგცათ European Society of Radiology-ის ESOR Scholarship-მა გერმანიაში?
ამ Scholarship-ის ფარგლებში სტაჟირება გავიარე University Hospital Frankfurt-ის რადიოლოგიის დეპარტამენტში. პროგრამაში მოვხვდი კონკურსის საფუძველზე. ამ პერიოდში მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი ყოველდღიურ კლინიკურ მუშაობას, შემთხვევების განხილვებს და სხვადასხვა რადიოლოგიურ კვლევას. მსგავსი გამოცდილება მივიღე სტაჟირების განმავლობაში University Hospital of Ulm-ში, სადაც სტაჟირება გავიარე კარდიოვასკულური რადიოლოგიის განყოფილებაში.

● რა არის მთავარი რამ, რაც ევროპის წამყვან ცენტრებში მუშაობამ გასწავლათ?
ევროპის წამყვან ცენტრებში მუშაობამ მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია სისტემური ანალიზი, გუნდური თანამშრომლობა და კლინიკურ გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო გამიმძაფრა მუდმივი პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო სამედიცინო გარემოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში თოდუას კლინიკის დირექციისა და უფროსი კოლეგების მხარდაჭერა . ჩემთვის ეს ნდობა და ხელშეწყობა დიდი მოტივაცია იყო. სწორედ ამ მხარდაჭერით მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და გამოცდილება დამეგროვებინა უცხოურ კლინიკებში. მომავალშიც ვგეგმავ პროფესიულ ზრდას და თანამედროვე ტექნოლოგიების უკეთ ათვისებას. ეს გუნდი და გარემო ის სივრცეა, სადაც თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა და გამოცდილების გაზიარება ყოველდღიური პრაქტიკის ბუნებრივი ნაწილია.
R