ავტორი:

გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი ჩაკ ნორისი

გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი ჩაკ ნორისი

კინოს ლეგენდა და საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"მსოფლიოსთვის ის იყო საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი, მსახიობი და ძალის სიმბოლო. ჩვენთვის კი - მოსიყვარულე მამა, ერთგული მეუღლე და ბაბუა, საოცარი ძმა და ჩვენი ოჯახის ნამდვილი გული“, - ნათქვამია მისი ახლობლების განცხადებაში, რომელიც 20 მარტს "ინსტაგრამზე" გამოქვეყნდა.

ერთი დღით ადრე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსახიობი ჰავაიში ჰოსპიტალიზებული იყო. გამოცემა TMZ-ის ცნობით, ის საავადმყოფოში ვარჯიშის შემდეგ მოხვდა, თუმცა კარგ განწყობაზე იყო და ხუმრობდა.

10 მარტს ნორისს 86 წელი შეუსრულდა, რის აღსანიშნავადაც მან "ინსტაგრამზე" ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა და წარწერად დაურთო: "მე არ ვბერდები. მე ახალ დონეზე გადავდივარ. დღეს 86 წლის ვარ! არაფერია ისეთი, რაც ახალგაზრდულად შეგაგრძნობინებს თავს, როგორც ცოტაოდენი აქტიურობა მზიან დღეს. მადლობელი ვარ კიდევ ერთი წლისთვის, კარგი ჯანმრთელობისთვის და იმის შესაძლებლობისთვის, რომ კვლავ ვაკეთო საყვარელი საქმე“.

ნორისის ახლობლები მისი გარდაცვალების გარემოებებს არ ასაჯაროებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის "ცხოვრებიდან წავიდა მშვიდად, ახლობლების გარემოცვაში“.

ლეგენდარული მსახიობი კარლოს რეი ნორისი (მსახიობის ნამდვილი სახელი) დაიბადა 1940 წლის 10 მარტს, ოკლაჰომას შტატის ქალაქ რაიანში, ავტო-მექანიკოსისა და მასწავლებლის ოჯახში.

სამხედრო სამსახურის დროს (ის მსახურობდა აშშ-ის საჰაერო ძალებში და სამხრეთ კორეაში იყო მივლინებული) საბრძოლო ხელოვნებებით დაინტერესდა. მას ჰქონდა რამდენიმე შავი ქამარი, მათ შორის კარატეში, ტაეკვონდოში, ძიუდოსა და ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში.

1960-იანი წლების ბოლოს ნორისმა კარატეში არაერთი ჩემპიონატი მოიგო. ის მეგობრობდა საბრძოლო ხელოვნებების სხვა ლეგენდასთან - ბრიუს ლისთან და ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფილმში "დრაკონის გზა“, სადაც ლის მთავარი როლი ჰქონდა. ნორისმა იქ საბრძოლო ხელოვნებების ოსტატის როლი შეასრულა.

მის სხვა ცნობილ ფილმებს შორის არის "დელტას რაზმი“ და "უკვალოდ დაკარგულნი“.

თუმცა ყველაზე მეტად ის ცნობილია კორდელ "კორდ“ უოკერის როლით სერიალში "უოკერი, ტეხასელი რეინჯერი“ ("Walker, Texas Ranger").

მას დარჩა ხუთი შვილი და მეუღლე ჯინა ო’კელი. წყარო