აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მიმდინარე ომში “სახმელეთო სამხედრო ოპერაციების დაწყებას“ არ აპირებდა, თუმცა Axios-ის ვებგვერდზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, აშშ მაინც განიხილავს ირანის ხარგის კუნძულის ოკუპაციის ან ბლოკადის გეგმებს, რაც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის თეირანზე ზეწოლას ისახავს მიზნად.
კუნძულის ფიზიკური ოკუპაციის ნებისმიერი მცდელობა, დიდი ალბათობით, მაღალ რისკებთან იქნება დაკავშირებული, რადგან იქ განთავსებული ამერიკული ძალები გეოგრაფიულად შეზღუდულ სივრცეში ირანული დრონებისა და რაკეტების დარტყმების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან.

ხარგის კუნძული მხოლოდ 20 კვადრატული კილომეტრის ფართობის მოიცავს და ის ირანის ქალაქ ბუშეჰრიდან დაახლოებით 25 კმ-ში, სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ხარგის ტერმინალიდან ირანული საექსპორტო ნავთობის 90% იგზავნება.

თავად ირანი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე, ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობას აუცილებლად მოჰყვება ძლიერი წინააღმდეგობა.
ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში 31-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფი გააგზავნა რომელიც დაახლოებით 2 200 საზღვაო ქვეითისგან შედგება. ოფიციალურმა სამხედრო პირებმა არ დააკონკრეტეს, რა მისიების შესრულება დაევალება აღნიშნულ დანაყოფს.

ეს ცნობები ტრამპის ადმინისტრაციისა და მისი ისრაელელი მოკავშირეების წინააღმდეგობრივი განცხადებების ფონზე ვრცელდება, საბრძოლო გეგმების აღწერა თითქმის ყოველდღიურად იცვლება, რაც ასახვას ოფიციალური პირების განცხადებებშიც პოულობს.
პარასკევს ომის დეესკალაციის ნიშნები არ ჩანდა, ირანული დრონებმა ქუვეითის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ხოლო აშშ-მ და ისრაელმა ყურის პორტებში 16 ირანული სატვირთო გემი გაანადგურეს.
ჰორმოზგანის პროვინციის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა Tasnim-ის სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ საჰაერო შეტევის შემდეგ, სრულად დაიწვა ბანდარ ლენგესა და ბანდარ კონგის მოსახლეობის კუთვნილი მინიმუმ 16 სატვირთო გემი.
ძლიერი აფეთქებები ისმოდა დუბაიშიც, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანული რაკეტები მაშინ გაანეიტრალეს, როდესაც მოსახლეობა რამადანის დასრულებას აღნიშნავდა.
თელ-ავივიდან და ჰაიფადან კასპიის ზღვამდე მიმდინარე რეგიონული ესკალაცია, ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდის ფონსა და გლობალურ ეკონომიკურ შოკთან დაკავშირებული პროგნოზების პირობებში, კიდევ უფრო მწვავდება ვაშინგტონის არაერთგვაროვანი განცხადებების გამო.

ომის დაწყებიდან მეოთხე კვირას ქუვეითმა განაცხადა, რომ ირანული დრონების ორმა ტალღამ მის მინა ალ-აჰმადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი საწარმო, რომელსაც დღეში დაახლოებით 730 000 ბარელის გადამუშავება შეუძლია, უკვე დაზიანებული იყო წინა დღის შეტევის შედეგად.
ირანმა გააძლიერა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნების ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები მას შემდეგ, რაც ისრაელმა ოთხშაბათს ირანის უდიდესი ბუნებრივი გაზის საბადო “სამხრეთ პარსი“ დაბომბა.
“სამხრეთ პარსი“ - მსოფლიოს უდიდესი გაზის საბადოს ირანული ნაწილი სპარსეთის ყურეში მდებარეობს, თავად საბადოს თეირანი კატართან ერთად აკონტროლებს. იქიდან გამომდინარე, რომ ირანში ელექტროენერგიის დაახლოებით 80% ბუნებრივი გაზიდან იწარმოება, ამ ობიექტზე თავდასხმა ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.
მას შემდეგ, რაც ირანის პასუხმა ნავთობის ფასები მკვეთრად ზრდა გამოიწვია, ხუთშაბათს გვიან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტრამპის თხოვნით მისი ქვეყანა გაზის საბადოზე შემდგომ იერიშებს დროებით შეაჩერებს. წყარო
იხილეთ ასევე: