ამერიკელ ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული, აწ გარდაცვლილი ჯეფრი ეპშტეინის საქმის ფაილებმა, რაც იანვარში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ნორვეგიაშიც დიდი სკანდალი გამოიწვია, რადგან მათში ქვეყნის უმაღლესი წრეების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის გვირგვინის პრინცესა მეტე-მარიტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფიგურირებენ.
სამშაბათს ნორვეგიის პარლამენტმა ერთხმად გადაწყვიტა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებასა და ეპშტეინს შორის შესაძლო კავშირებს შეისწავლის.
პირველ საჯარო ინტერვიუში, რომელიც ნორვეგიის პრინცესასა და პედოფილის მრავალწლიან ურთიერთობებს შეეხებოდა, მეტე-მარიტმა განაცხადა, რომ ჯეფრი ეპშტეინი “მისით მანიპულირებდა და ატყუებდა“
ის ამტკიცებს, რომ “არ იცოდა, თუ ეპშტეინი სექსუალური დამნაშავე ან მოძალადე იყო“, მიუხედავად იმისა, როდესაც 2011 წელს, მან ფინანსისტს პირველი წერილი გაუგზავნა, ეპშტეინს უკვე 18-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მოხდილი პედოფილიის ბრალდებით.
2011–2014 წლების ფაილებში, პირად მიმოწერებში მეტე-მარიტი თითქმის 1000-ჯერ არის მოხსენიებული.
სამეფო სასახლემ ადრე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნორვეგიის პრინცესა “ ეპშტეინთან ურთიერთობის გამო სინანულს გამოხატავდა და აღიარებდა, რომ "წინდაუხედავად მოიქცა“, თუმცა დანარჩენ ფაქტებთან დაკავშირებით, კვლავ დუმილს ინარჩუნებდა.
შვიდკვირიანი მზარდი ზეწოლის შემდეგ, მათ შორის პრემიერ-მინისტრ იონას გარი სტიორეს მხრიდან, მეტე-მარიტმა ნორვეგიულ მაუწყებელს NRK 20-წუთიანი ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუ ხუთშაბათს იმავე დღეს გადაიღეს, როდესაც პრინცესას შვილის, მარიუს ბორგ ჰოიბის ის სასამართლო პროცესი დასრულდა, რომლის შედეგად მას შვიდ წელზე მეტი ხნით ემუქრება პატიმრობა. თავად პრინცესას ფილტვის ფიბროზის დიაგნოზი აქვს დასმული და შესაძლოა ფილტვის გადანერგვა დასჭირდეს.

“მე ვარ ახალგაზრდა მამაკაცის დედა, რომელიც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება. ამასთანავე, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ისედაც დიდ დასვენებას მოითხოვს, კიდევ უფრო დამძიმდა. ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ეპშტეინის წარსული უფრო ყურადღებით არ შევამოწმე, რის გამოც ასე მარტივად მოხდა ჩემი მანიპულირება და მოტყუება“, - ამბობს მეტე-მარიტი ინტერვიუში.
გვირგვინის პრინცესამ ასევე განაცხადა, რომ ჯეფრი ეპშტეინი მისი “კარგი მეგობრის ახლო მეგობარი“ იყო და ის 2011 წელს საერთო ნაცნობების მეშვეობით გაიცნო, როდესაც თავად გაეროს შიდსის პროგრამის სპეციალური წარმომადგენელი იყო.

მეტე-მარიტმა განაცხადა, რომ ფინანსისტთან, უბრალოდ, “მეგობრული ურთიერთობა“ აკავშირებდა და მათ შორის რაიმე ინტიმური კავშირი კატეგორიულად უარყო. შემდეგ კი დაამატა რომ "არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ეპშტეინი მოძალადე და სექსუალური დამნაშავე იყო“.
ფაილებმა ასევე აჩვენა, რომ მეტე-მარიტი 2013 წლის იანვარში, რამდენიმე დღე ფლორიდის პალმ-ბიჩში, ეპშტეინის სახლში იმყოფებოდა. მან განმარტა რომ “იქ მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ სახლი მათმა საერთო მეგობარმა იქირავა“. წყარო
იხილეთ ასევე: