ავტორი:

იაპონია და ხუთი ევროპული ქვეყანა მზად არიან, ჰორმუზი დაიცვან - არსებობს თუ არა გეგმა?

იაპონია და ხუთი ევროპული ქვეყანა მზად არიან, ჰორმუზი დაიცვან - არსებობს თუ არა გეგმა?

ჰორმუზის სრუტის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტი, რომლიც სატვირთო გემების გადაადგილებისა, ენერგომომარაგების შეფერხებას და შესაბამისად მძიმე ეკონომიკური შედეგებთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს, სულ უფრო ექცევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

ირანთან მიმდინარე ომის გამო საზღვაო გადაზიდვების შეფერხების ფონზე, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ და იაპონიამ განაცხადეს, რომ მზად არიან ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების გაუმჯობესების ძალისხმევას დაუჭირონ მხარი, თუმცა კონკრეტული სამხედრო როლი ჯერ განსაზღვრული არ არის.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა და იაპონიამ გააკეთეს, დაგმობილი იყო კომერციულ გემებზე თავდასხმების ფაქტები და აღნიშნული იყო, რომ ისინი მზად არიან "თავის წვლილი შეიტანონ შესაბამის ძალისხმევაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო გადაადგილება ამ რეგიონში და ხელი შეეწყოს გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობას"

  • თუმცა განცხადებაში არ იყო დაზუსტებული, როგორ აპირებენ აღნიშნული ქვეყნები ამას გაკეთებას ან რა მოცულობის რესურსების გამოყოფას გეგმავენ.

ამავე დროს, საზღვაო მონაცემები აჩვენებს, რომ სრუტე სრულად არ არის დახურული. მარტის პირველ ორ კვირაში დაახლოებით 90-მა გემმა, მათ შორის ნავთობის ტანკერებმა, ეს წყალსატევი უკვე გადაკვეთა. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად ნაკლებია ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა მიუთითებს, რომ შეზღუდული მოძრაობა მაინც გრძელდება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სრუტე ამჟამად შერჩევით რეჟიმში მუშაობს, ზოგი გემი მას უპრობლემოდ გადის, ხოლო სხვებისთვის რისკი მნიშვნელოვნად მაღალია.

შეფერხებები და თავდასხმები ზღვაში

კრიზისი 28 თებერვალს დაიწყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე დარტყმები განახორციელეს, რამაც სპარსეთის ყურეში საზღვაო გზების უსაფრთხოების შესახებ მყისიერი შეშფოთება გამოიწვია.

რამდენიმე დღეში სრუტეში გამავალი ტანკერები თავდასხმების შედეგად დაზიანდა და სატრანსპორტო კომპანიებმა რისკების ზრდასთან დაკავშირებით გადაზიდვების გადადება დაიწყეს.

საზღვაო მონაცემები აჩვენებს, რომ ათობით გემმა ან შეანელა სვლა, ან საერთოდ გაჩერდა სპარსეთის ყურის წყლებში.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ ამ რეგიონში სულ მცირე 20 გემზე განხორციელდა თავდასხმა, ამასთან ირანი კვლავ ავრცელებს განცხადებას, რომ შესაძლოა მიზანში ამოიღოს გემები, რომლებიც სრუტის გავლას შეეცდებიან, თუკი მის ტერიტორიაზე თავდასხმები გაგრძელდება.

  • შერჩევითი გადაადგილება და ენერგეტიკული გავლენა

მიუხედავად შეფერხებებისა, ჰორმუზის სრუტის გავლას ზოგი გემი მაინც ახერხებს, თუმცა გარკვეული პირობების დაცვით.

ხომალდებს შორის, ვინც სრუტის გავლას ახერხებს, არის როგორც თავად ირანთან, ისე იმ ქვეყნებთან დაკავშირებული ხომალდები, რომლებიც თეირანთან ურთიერთობას ინარჩუნებენ. იმ დროს როდესაც სხვები მარშრუტის უსაფრთხოების საკითხებში მხოლოდ დიპლომატიურ შეთანხმებებს ეყრდნობიან.

კონფლიქტის მიუხედავად, ირანი კვლავ აგრძელებს ნავთობის ექსპორტს, სავაჭრო მონაცემები მიუთითებს, რომ გადაადგილების შენელების მიუხედავად, სრუტის გავლით მაინც იგზავნება მილიონობით ბარელი ნავთობი.

შეფერხებებმა გავლენა მოახდინა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე, მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასები და საზღვაო გადაზიდვების ტარიფები.

ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული მარშრუტია, მასზე გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი და სპარსეთის ყურიდან თხევადი ბუნებრივი აირის ძირითადი ექსპორტი მოდის.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: