საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ეს ათასობით ადამიანი ემშვიდობება. ყველას თავისი პატრიარქი ჰყავს და მათი მოგონებებიც მრავალფეროვანია... ადამიანები მისი ღვაწლის შესახებ გაუჩერებლად ჰყვებიან... პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი კი ალბათ ის ადამიანია, რომლის ჯანმრთელობისთვის, რამდენიმე წლის წინ ორი პატრიარქი ლოცულობდა - ილია II და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.
ის ბართლომეოსი, რომელიც 22 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წესს აუგებს, რისთვისაც ის დელეგაციასთან ერთად თბილისში ჩამობრძანდება. ჩვენი რესპონდენტი ახლა თავისი მოგონებებით სწორედ გიორგი ფარეშიშვილია.
- როგორ დარჩება ჩვენი პატრიარქი - ილია II თქვენს მეხსიერებაში...
- ჩემს თვალსაწიერში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, როდესაც კითხვებს ვსვამდი ღმერთის, რელიგიის შესახებ და როდესაც 6 წლის ასაკში ტაძარში სიარულს ვიწყებდი. ძალიან ვინტერესდებოდი ამ საკითხებით ალბათ ისე, როგორც ყველა ადამიანი. პატრიარქს თავისი ღიმილით, სიკეთით პერიოდულად ტელევიზიით მოვკრავდი ხოლმე თვალს და საოცარი მიზიდულობის ძალა ჰქონდა.7-8 წლის ვიყავი, როდესაც კათოლიკოსი თელავში ღვთაების ტაძარში სამღვდელოების კრებაზე ჯერ კიდევ შავი ვოლგით ჩამობრძანდა... მივედი ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესთან ველოდებოდი, სამღვდელოების კრება როდის დამთავრდებოდა, რომ დამენახა... აი, იქიდან დაიწყო შემდგომ მცხეთაში მასობრივი ნათლობა, სიონში დღესასწაულები... ყოველთვის მინდოდა, რომ პატრიარქი დამენახა, მისი ხმა და ქადაგება მომესმინა. რა თქმა უნდა, ეს იყო ბავშვური, გულწრფელი სურვილი...
შემდგომ როდესაც ხიბლის მომენტი გავიდა და კრიტიკული აზროვნება დავიწყე, იმ დროს დავინახე მისი გაკეთებული არაერთი საქმე, რომელიც, კათოლიკოს-პატრიარქი რომ არ ყოფილიყო, სხვანაირად შეიძლებოდა წარმართულიყო. ახლა როგორც პოლიტიკის, მეცნიერებისა და რელიგიების ისტორიის მკვლევარს, მახსენდება ავტოკეფალიის საკითხი... არაკეთილისმოსურნეებმა რაც არ უნდა აკრიტიკონ, ვერსად წაუვლენ კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს პირად ღვაწლს და ასევე მოქმედი მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის ღვაწლს (ის 22 მარტს, კვირას ჩამობრძანდება და მონაწილეობას მიიღებს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წესის აგებაში). მისი დიდი მხარდაჭერა ჯერ კიდევ მიტროპოლიტობაშიც გამოიკვეთა, მხარს უჭერდა საქართველოს და ქართულ ეკლესიას.

- ავტოკეფალიის საკითხი მართლაც მნიშვნელოვანია...
- მას შემდეგ, რაც რუსეთმა როგორც სახელმწიფოებრიობა, ისე ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა, პატრიარქი ილია II, თავისი პრინციპულობით, მსოფლიო მთავარი ლეგიტიმატორისგან, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ითხოვდა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ეცნო არა 90-იანი წლებიდან, არამედ V საუკუნიდან. ამისთვის მან დიდი შრომა გასწია ქართველ ისტორიკოსებთან და მაშინდელ მიტროპოლიტ ბართლომეოსთან და იმდროინდელ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთად... შედეგად კონსტანტინოპოლში, სტამბოლში ორი სიგელი გადმოგვეცა - ერთი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება და მეორე - კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის ცნობის სიგელი... საბჭოთა პერიოდში, უწმინდესი თავისი დიპლომატიის წყალობით, ასევე რელიგიური დიპლომატიის საოცარი ნიჭით, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში აქტიურად იყო ჩართული და საქართველოს სახელის დამკვიდრებას, ქართული ეკლესიის ავტორიტეტის წარმოჩენას ცდილობდა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მსოფლიოს უძველესი ივერიის ეკლესიის ხმა გაეგო...
მასვე უკავშირდება ქვეყანაში საგანმანათლებლო დაწესებულებების აღდგენა და გამრავლება. საუბარია როგორც სკოლებზე, ასევე სემინარიაზე, აკადემიებზე თუ უნივერსიტეტებზე, როგორც საერო, ისე სასულიერო მიმართულებით... დღეს საქართველოს ეკლესიას ათობით სკოლა აქვს როგორც საერო მიმართულების, ასევე სასულიერო სემინარიები, აკადემიები და საერო უნივერსიტეტები. ეს დიდი შემობრუნებაა. ფაქტობრივად არ დარჩა დარგი, რომელშიც ჩვენს პატრიარქს მონაწილეობა არ მიიღო. ალბათ გახსოვთ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში როგორ შემოიკრებდა ხოლმე კულტურის, ხელოვნების და მეცნიერების მუშაკებს. მთელი ქართული ინტელიგენცია საპატრიარქოში იყრიდა თავს, რაც კათოლიკოსის საოცარი ბუნების და მისი გახსნილობის წყალობით ხდებოდა. ძალიან შემწყნარებელი იყო.

- ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი მისამართით დღეს არცთუ სასიამოვნო განცხადებები გაისმის...
- სამწუხაროდ, თითქოსდა ქრისტიანობის სახელით რადიკალურ განცხადებებს ვისმენთ ხან ზოგი სასულიერო პირისა თუ ჩვეულებრივი ადამიანის მხრიდან. თან იმასაც ამბობენ, რომ პატრიარქი უყვართ. სულ მიჩნდება კითხვა, პატრიარქს რატომ არ ჰბაძავენ იმაში, როგორ ექცეოდა ის თუნდაც სხვა რელიგიის აღმსარებლობის ადამიანებს. ისინი დღეს ჩვენთან ერთად გლოვობენ... ამ ადამიანს დიდი სიყვარულის ნიჭი ჰქონდა. ძალიან გულწრფელი იყო, როცა ამბობდა, რომ მე ცოდვილი ვარ. არაერთი კადრიც გვაქვს ნანახი, როცა ის ტირის... განიცდიდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციას იმავე აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში. არ არსებობს მისი ქადაგება, ეპისტოლე, სადაც ის არ ეხმიანებოდა აფხაზ და-ძმებს და არ ცდილობდა, თავისი დიპლომატია გამოეყენებინა, თუნდაც რუსეთთან ურთიერთობით. ბოლომდე არ წვავდა ხიდებს, მას ძალიან კარგად ესმოდა, რომ ამ შემთხვევაში რადიკალიზმი არ გამოდგებოდა. დღეს ამ დიპლომატიის გამო საყვედურობენ... მჯერა, რომ ბოლომდე სჯეროდა, რომ მის ავტორიტეტს იქნებ რაიმე გავლენა მოეხდინა და იქნებ თავისი ქვეყნისთვის სასიკეთოდ შემოებრუნებინა.
- შეცდომები ყველას მოსდის...
- დიახ და არც დიდი ადამიანები არიან უშეცდომოები. შესაძლებელია არაერთი უზუსტობა ყოფილიყო, ამაზე მსოფლიო პროცესები, გარე ფაქტორებიც მოქმედებდა, რაზეც უკვე ისტორიკოსები დაწერენ. მნიშვნელოვანია, რომ არაერთი ეკლესია-მონასტერი აშენდა, არაერთი გამოცემა (წმინდა წერილი, სახარება) გამოიცა თუ სხვა რამ აღდგა. ტრადიციული ქართული დარგები, რაც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა - ოქრომკედით ნაქარგობა, უძველესი ტიხრული მინანქარი და კიდევ ბევრი სხვა საბჭოთა თუ რუსული რეჟიმების დროს მივიწყებული იყო და პატრიარქის პირადი ინიციატივით აღდგა და უნიკალური ნამუშევრები შეიქმნა. არ არსებობს სფერო, რომ არ შეხებოდა, მეცნიერებაში არ ჩართულიყო, თუნდაც მუსიკაში. მოგეხსენებათ ასევე მისი საგალობლები და ხატწერაც... სამწუხაროდ, ამ დღეებში მკვდარსაც არ ინდობენ. მიწამიუბარებელ პატრიარქს საზოგადოების გარკვეული წევრები უკმეხი გამონათქვამებით ამკობენ, არადა, თითქოს ჰუმანიზმის სახელით გამოდიან, ვითომდაც დიდი ჰუმანისტები და კაცთმოყვარეები არიან. თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით, მილიონი ადამიანი ვხედავთ, სამების ტაძარში მასთან გამოსამშვიდობებლად როგორ მოდის... ასეთი დაფასება და სიყვარული ერთეულთა ხვედრია.

- მართლაც იშვიათი რამ ხდება...
- სამწუხაროდ, ეს 50-წლიანი ეპოქა მასთან ერთად ბევრი გარემოების გამო სრულდება. ადრე სხვა პოლიტიკური, თუ საერთაშორისო წესრიგი იყო და ამიტომ კათოლიკოსმა თავისი ნაბიჯების წყალობით მიიღო ეს ავტორიტეტი. ეს მისთვის არავის უჩუქებია.
- ყველა ადამიანი პატრიარქზე თავის ამბავს ჰყვება... ალბათ თქვენც გაქვთ მოსაყოლი...
- სამ მილიონ-ნახევარ კაცს ახლა თავისი ისტორია აქვს მოსაყოლი. ვერ გავკადნიერდები და ვერ ვიტყვი, რომ რაიმე გამორჩეული უფლება მაქვს, ამ კუთხით ვისაუბრო. უბრალოდ ცხოვრებაში გამიმართლა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით, ასევე ჭყონდიდელი მიტროპოლიტ სტეფანეს უშუალო ხელმძღვანელობით საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მიწევდა მუშაობა და იქ ჩემს პირველ ნაბიჯებს 17-18 წლის ასაკში ვდგამდი. საოცარი გარემო იყო, სადაც იკრიბებოდნენ კულტურის, განათლების, მეცნიერების წარმომადგენლები და ბევრი კარგი საქმე კეთდებოდა. არაერთგზის გვიწევდა მის უწმინდესობასთან ურთიერთობა და ის იყო საოცარი ზრუნვის მაგალითი. 1000 კაცი რომ ყოფილიყო, განცდა გვქონდა, რომ ყურადღების გარეშე არცერთი გამოვრჩებოდით. მახსენდება ხარება, 7 აპრილი იყო და მეუფე სტეფანემ მითხრა, წირვის მერე პატრიარქთან უნდა მივიდეთ, საპატრიარქოში ტრაპეზზე გვიწვევსო. წარმოგიდგენიათ, რა ემოცია შეიძლებოდა მქონოდა 20 წლის ბიჭს, როცა ასეთ რამეს მეუბნებოდნენ. როცა მივედით, იმ მაგიდის გარშემო სულ ათიოდე ადამიანიც არ ვიქნებოდით. პატრიარქი თვითონ, საკუთარი ხელით გვაწვდიდა და გვთავაზობდა ყველაფერს, რომ დავეპურებინეთ, ყურადღება მოექცია.
- როდესაც თქვენს ცხოვრებაში ჯანმრთელობის კუთხით კრიტიკული პერიოდი დადგა. ალბათ თქვენს ჯანმრთელობაზე უწმინდესი ლოცულობდა...
- ძალიან მძიმე პერიოდი იყო, კოვიდპანდემიაც დაემთხვა და აბსოლუტური იზოლაცია. კვირა არ გასულა, რომ მამა იოანეს, არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილს, ჩემთვის არ გადმოეცა, რომ პატრიარქი და სამღვდელოება შენთვის ლოცულობსო... მადლიერი ვარ, როგორც უწმინდესის, ისე გრიგოლ ბერბიჭაშვილის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის. მადლიერი ვარ სხვა მღვდელმთავრების, - მეუფე სტეფანესი, მეუფე მელქისედეკის, მეუფე ისაიასი, - ყველასი. მათ სიყვარული, თანადგომა მაგრძნობინეს, რომ მშვიდობით დავბრუნებულიყავი ამ ძლიერი განსაცდელისგან, რაც ჯანმრთელობასთან იყო კავშირში. როცა იცი, რომ პატრიარქი შენთვის ლოცულობს, გიხსენიებს და გამხნევებს, სხვანაირად ხარ შემართული, ამ დროს განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ მან გატეხას უნდა გადაგარჩინოს... ამის გამო ჩემი პირადი მადლიერებაც მაქვს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე სათქმელი, ისევე როგორც ყოვლად უწმინდესი ბართლომეოსის წინაშე.

- თქვენი ჯანმრთელობისთვის არა მხოლოდ საქართველოს პატრიარქი, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსიც ლოცულობდა. ესეც იშვიათი რამ არის. მან ამის შესახებ როგორ გაიგო?
- ჩემს დიაგნოზამდე ერთი თვით ადრე, სანამ მიელოიდური ლეიკემია დამიმტკიცდებოდა, ჩემი მეგობრის არქიმანდრიტ ილია ჯინჯოლავას (22-ში მსოფლიო პატრიარქთან ერთად, დელეგაციაში ილია ჯინჯოლავაც იქნება) მიწვევით და ინფორმირებით შესაძლებლობა მქონდა, სტამბოლში ჩავსულიყავი და მის ყოვლად უწმინდესობას შევხვედროდი. 2021 წლის აპრილი იყო და დიდი სიხარულით გავემგზავრე. შევხვდით ყოვლად უწმინდესობას ბართლომეოსს. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და ზუსტად ერთ თვეში მძიმე დაავადება დამიდგინდა, - უიმედო მდგომარეობა იყო. მამა ილიამ მსოფლიო პატრიარქს ინფორმაცია მიაწოდა, თქვენ იცნობთ გიორგის, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისმა უწმინდესობამ ორჯერ მინახულა და შემდგომ საპატრიარქოში მიმიწვია, იმ დღეებში უკვე კლინიკიდან ვეწერებოდი. საპატრიარქოს რეზიდენციაში დედაჩემთან ერთად მივედი. ეს იყო საოცარი სიხარული. მსოფლიო პირველი იერარქი ასეთ თანადგომას ავლენდა და ასე ზრუნავდა თავის სამწყსოს რიგითი წევრზე. ამან საოცარი ნუგეში მომცა. რა შემიძლია, გავაკეთო, მხარი რომ დაგიჭიროთ - იყო მისი სიტყვები. ეს ზრუნვა მას დღემდე არ შეუწყვეტია. ალბათ ათობით შეხვედრა იყო უკვე კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და ჩემს შორის მთელი ამ წლების განმავლობაში და ყოველთვის ჩემი ჯანმრთელობის მოკითხვით იწყება. ყველა ჩასვლაზე მქონდა თითქმის შესაძლებლობა, მასთან სტუმრად მივსულიყავი ხან სადილზე, ხან - ყავაზე. გამაოგნებლად უბრალო კაცია და თავმდაბალი, ამასთანავე ქართველების მოყვარული, საქართველოზე და ქართულ ეკლესიაზე მზრუნველი. ამის ერთ-ერთი დადასტურება კვირას მისი აქ ჩამოსვლაა.

- როგორც მახსოვს, თქვენ მის წიგნზე იმუშავეთ...
- შარშან, მის საიუბილეო 85-ე წელთან დაკავშირებითმეგობარ და კოლეგასთან გიორგი მხეიძესთან ერთად გამოვეცით მონოგრაფიული ტიპის ნაშრომი - „ყოლადუწმინესი ბართლომეოსის საზოგადოებრივი მისია ხედვა საქართველოდან,“ სადაც საუბარია მის პიროვნებაზე, მასზე როგორც დიპლომატზე, საერთაშორისო მოღვაწეზე, მის ხედვებსა და დამოკიდებულებაზე საქართველოსთან დაკავშირებით. წიგნის პრეზენტაცია კონსტანტინოპოლში, სტამბოლში კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოში შედგა, რასაც თვითონ ესწრებოდა. მანამდე გამოვეცით ბართლომეოსის ამერიკული გამოცემის თარგმანი. ეს არის სრულყოფილი თარგმანი იოანე ხრიზალდისის საკმაოდ სქელტანიანი ბიოგრაფიული ნაშრომი. 40 ენაზეა ნათარგმნი და ქართულ ენაზეც გამოვიდა. მომავალ წელს მისი საპატრიარქო მოღვაწეობის იუბილეც იქნება - ყოვლად უწმინესი ბართლამოსის საპატრიარქო ტახტზე ასვლის 35-ე წელია. რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ განსაკუთრებული მადლიერებით პატივი მივაგოთ, რადგან, როგორც აღვნიშნე, ქართველი ერისადმი გამორჩეული ღვაწლი მიუძღოს. მთელი თავის მოღვაწეობის განმავლობაში საქართველოსთვის ძალიან დიდი დამსახურება და ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული.

- საერთოდ, მასთან თქვენს ასეთ შეხვედრას როგორ ხსნით... შემთხვევითობაა?
- ეს არის ადამიანისთვის პირდაპირი ნიშანი, რომ ღმერთი გასაჩუქრებს იმით, რასაც არ იმსახურებ. ღმერთი განიჭებს იმხელა პატივსა და სიხარულს, რომ უნდა განიცდიდე მადლიერებას. ამ დროს იმხელა სიხარული, საოცარი მადლი და წყალობა მოდის, რომ ყველაფერი სწორად უნდა გავიაზროთ. ვიფიქროთ იმაზე, რომ ცუდი არაფერი გავაკეთოთ. მხოლოდ ცუდის დანახვა არ უნდა გვინდოდეს.
- 22 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს წესს მსოფლიო პატრიარქი წესს აუგებს..
- როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქია მოითხოვს, ის თანასწორთა შორის უპირატესია. ეს იმას გულისხმობს, რომ იერარქიულად დიპტიხში თანმიმდევრულად პირველია და მსახურების ჩატარების ეს უპირატესობა თუნდაც ლიტურგიკულად მას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში წესის აგების მსახურებისას, რა თქმა უნდა, ის იქნება წამყვანი, მთავარი პირი, რომელსაც თანამსახურებას საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიოგაუწევს და სხვა მოწვეული სტუმრები, მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები. დანარჩენი აღმსარებლობების წარმომადგენლები უბრალოდ როგორც სტუმრები ისე დაესწრებიან ამ ყველაფერს.ამ წუთის მონაცემებით კონსტანტინეპოლიდან საკმაოდ ავტორიტეტული დელეგაცია მობრძანდება, დელეგაცია 22-ში 12 საათისთვის სამების საპატრიარქო ტაძარში იქნება და პატრიარქის გადატვირთული გრაფიკის გამო იმ დღესვე დატოვებენ თბილისს.
წაიკითხეთ ასევე: