36 წლის დიანა ქუთათელაძეს, რომელიც ლონგ-აილენდზე საიმიგრაციო სამართლის სფეროში მოღვაწეობდა, ბრალი წაუყენეს. სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა მრავალმხრივი ავარია გამოიწვია, რასაც ხანდაზმული წყვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. უცხოური მედია, მომხდარზე უმძიმეს დეტალებს აქვეყნებს.
რა მოხდა 15 მარტს - საბედისწერო ავარია
ნიუ-იორკის შტატის პოლიციამ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ოფიცრები გამოძახებაზე „მრავალმხრივი შეჯახების“ შესახებ მივიდნენ სამხრეთ სტეიტ პარკვეიზე (Southern State Parkway), ქალაქ ჰემპსტედთან, ნასაუს ოლქში, კვირას, 15 მარტს, დაახლოებით ღამის 10:13 საათზე.
ორშაბათს, 16 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას აღმოსავლეთით მიმავალ ზოლებში რამდენიმე დაზიანებული ავტომობილი დახვდა.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 36 წლის დიანა ქუთათელაძე, რომელიც ოუშენსაიდში ცხოვრობს, შემთხვევის დროს მართავდა შავ, 2020 წლის Cadillac Escalade-ს დასავლეთის მიმართულებით.
გავრცელებული ინფორმაციით, მისმა ავტომობილმა ჯერ „გვერდი გაჰკრა ნაცრისფერ BMW-ს, რომელიც მარცხენა ზოლში მოძრაობდა. ამის შემდეგ ქუთათელაძემ დაკარგა კონტროლი საჭეზე, გადაკვეთა გამყოფი ზოლი, გადავიდა საპირისპირო (აღმოსავლეთის) მიმართულების ზოლებში და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა,“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
პოლიციამ დაადგინა ორი მსხვერპლის ვინაობა: დონალდ მაქსველი (82 წლის) და ლისენტ ბ. მაქსველი (88 წლის). წყვილი, რომელიც Toyota Highlander-ში მგზავრის სტატუსით იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

NBC 4 New York-ის ინფორმაციით, დონალდი ადგილობრივი პასტორი იყო ფარ როკევეიში მდებარე „Pentecostal City Mission“ ეკლესიაში. ეკლესიის წარმომადგენლებმა PEOPLE-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ გარდაცვლილთა ოჯახი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს.
პოლიციამ დაადასტურა, რომ „შეჯახებაში სულ ჩართული იყო ექვსი ავტომობილი და 10 მძღოლი/მგზავრი“. რამდენიმე ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სამართალდამცავების თქმით, ერთი პირი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო დანარჩენების დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშად არ მიიჩნევა.
წინასწარი გამოძიების საფუძველზე, პოლიცია ვარაუდობს, რომ მომხდარში გადამწყვეტი როლი სიჩქარის გადაჭარბებამ და არაფხიზელმა მდგომარეობამ ითამაშა.
დიანა ქუთათელაძეს ბრალად ედება:
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროკურორები აცხადებენ, რომ ქუთათელაძე შეჯახების მომენტში 70 მილი/საათში (დაახლოებით 112 კმ/სთ) სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო მის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.10-ს შეადგენდა, რაც კანონით დაშვებულ ზღვარზე მაღალია.
როგორც მედია იტყობინება, ქუთათელაძე, რომელიც სამშაბათს, 17 მარტს ჰემპსტედის სასამართლოში გამართულ სხდომაზე ინვალიდის ეტლით გამოცხადდა, აღიარა, რომ საჭესთან დაჯდომამდე „ვისკი-კოლა“ დალია. თუმცა, მან წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

გამოძიების ახალი დეტალები და დაშავებულთა მდგომარეობა
ამ დროისთვის არსებული სასამართლო დოკუმენტებისა და ოფიციალური ცნობების საფუძველზე, შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი:
ბრალდებული დიანა ქუთათელაძე, რომელიც 10-წლიანი გამოცდილების მქონე იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) აკრედიტებული საიმიგრაციო ადვოკატია, საკუთარ იურიდიულ ფირმას, „Kutateli Legal Aid Group“-ს ხელმძღვანელობდა. მას და მის მეუღლეს ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.
ავტომობილში დიანასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, თეიმურაზ (თემო) ქუთათელაძე. მისი მდგომარეობა ამჟამად უკიდურესად მძიმეა. მას დაუდგინდა ხერხემლის (C1 მალის) მოტეხილობა, ტვინში შინაგანი სისხლჩაქცევა, ორივე ფეხის ბარძაყის ძვლისა და ნეკნების მოტეხილობა. დაზიანებების სიმძიმის გამო მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა.

დაზარალებულებს შორის არის Toyota Highlander-ის მძღოლი, ვიქტორ უილსონი. მან სერიოზული ტრავმები მიიღო, მათ შორის მარცხენა მკლავის, მაჯისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა, რის გამოც მასაც ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.
დაღუპული პასტორი დონალდ მაქსველი და მისი მეუღლე ლისენტი თითქმის 60 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულნი. მრევლის წევრების ინფორმაციით, საბედისწერო შეჯახების დროს წყვილი ეკლესიის ღონისძიებიდან შინ ბრუნდებოდა.
წარდგენილი ბრალდებების სიმძიმის გათვალისწინებით, სასამართლომ დიანა ქუთათელაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, გირაოს უფლების გარეშე.