სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის¬თვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. 4 დღეა უკვე, სამების ტაძარი გადაჭედილია. ხალხის ნაკადი არ წყდება. ყველას სურს, გამოემშვიდობოს ერის სულიერ მამას. ზოგიერთს ღამით წვიმაში 7-8 საათიც კი მოუხდათ ყოფნა...
AMBEBI.GE ლაშა ჯოლოხავას ესაუბრა...
- თქვენი შვილი პატრიარქის ნათლულია?
- არა... პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ჩემს ორ შვილთან ერთად წავედი. ღამის პირველ საათზე შევუერთდი მსვლელობას და სამების ტაძარში დილის შვიდის თხუთმეტ წუთზე შევედით. თითქმის შვიდი საათი ღამით რიგში ვიდექით. დავითი, რომელიც ფოტოზე მოჩანს 11 წლისაა. მეორე წინ დგას, სახე უჩანს ფოტოზე - ის 13 წლისაა... ფოტოზე ჩანს, რომ ბავშვს ჩაეძინა, მაგრამ მედგრად იყო, ცოტა ხნით ჩაეძინა, მერე მალე გაიღვიძა და ტაძარში თავის ფეხით შემოვიდა. თავის სურვილით წამოვიდა, არც ისე პატარაა, ეკლესიაში დადის, მოზიარეა და ყველაფერი იცის.
- თქვენთვის არ იყო რთული?
- მე მამა ვარ და ვალდებულიც ვარ, გავუძლო... პატრიარქის სიყვარული გვაძლევდა ძალას, თორემ სხვანაირად ამდენი ძალა არავის შესწევს, 7-8 საათი წვიმაში იდგეს. იქ საოცრად შთამბეჭდავი კადრები იყო, როგორ იდგნენ მოხუცები, ჩვილი ბავშვებით დედები, ჩემს წინ ფეხმოტეხილი ბიჭი იდგა „კალტისებით“ იმ ჭყლეტაში...მე ნათქვამი მქონდა, ორი დღე-ღამეც რომ ვმდგარიყავით რიგში, მაინც იქ უნდა გავჩერებულიყავით და პატრიარქს გამოვმშვიდობებოდით. იყო შემთხვევები, უკვე ასული ხალხი რომ უკან მიტრიალდა, რადგან გულის წასვლის, ცუდად გახდომის ფაქტებიც იყო. არ არის გასაკვირი, რადგან ურთულესი იყო კიბეებთან ასვლა. მე წარმოდგენა არ მაქვს, ვინ გადამიღო, მსურს მადლობა გადავუხადო იმ გოგონას და ყველას, ვინც ფოტოზე ამდენ სითბოს გამოხატავდა. თქვენი საშუალებით ვუხდი მადლობას და მას პირადად აუცილებლად მივწერ.
მთავარი ფოტო: მანი ანჯაფარიძე
წაიკითხეთ ასევე: