ავტორი:

სიონის მადლიდან სვეტიცხოვლის ისტორიულ ჯვრისწერამდე: ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელის ემოციური მოგონებები პატრიარქზე

სიონის მადლიდან სვეტიცხოვლის ისტორიულ ჯვრისწერამდე: ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელის ემოციური მოგონებები პატრიარქზე

საქართველოს მატიანე საუკუნეების მანძილზე ეკლესიისა და სამეფო გვარის მჭიდრო კავშირით იწერებოდა, თუმცა იყო პერიოდები, როდესაც ეს მისტიკური ჯაჭვი თითქმის სამუდამოდ გაწყდა. დღეს, როდესაც ერი თავის სულიერ მამას ემშვიდობება, ეს დანაკლისი ბაგრატიონთა ოჯახისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. მათ დაკარგეს არამხოლოდ მესაჭე, არამედ ადამიანი, რომელმაც სამეფო გვარს საკუთარი კერა დაუბრუნა და მხარი დაუჭირა მათ საქართველოში დაბრუნებას.

ამ მძიმე დღეებში პრინცი იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე, ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი თავის წერილში სითბოთი იხსენებს იმ გზას, რომელიც სიონის მადლიდან სვეტიცხოვლის ისტორიულ ჯვრისწერამდე გაიარეს

ბავშვობის პირველი სულიერი ნაბიჯები სიონის კედლებში

ქრისტინეს სულიერი კავშირი პატრიარქთან ჯერ კიდევ ბავშვობიდან, სიონის ტაძრის კედლებიდან დაიწყო. შვიდი წლის გოგონას დღემდე დეტალურად ახსოვს ის დღე, როდესაც დედამ ის და მისი ძმა მოსანათლად მიიყვანა. მიუხედავად მცირე ასაკისა, მასში მაშინვე გაიღვიძა ერთმა ძალიან ბავშვურმა, მაგრამ ძლიერმა განცდამ – მან იცოდა, რომ პატრიარქი სწორედ იქ მოღვაწეობდა და ეს ფაქტი მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა.

"მე სიონში მოვინათლე და განსაკუთრებით მიყვარდა სიონის საპატრიარქო ტაძარი - არამხოლოდ მისი ისტორიული მნიშვნელობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ სამების საკათედრო ტაძრის აშენებამდე სწორედ იქ მოღვაწეობდა მისი უწმინდესობა, საქართველოს პატრიარქი ილია II. შემდგომ მხვდა პატივი მასთან პირადი შეხვედრისა და მრავალჯერ დალოცვისა. ეს წამები ჩემთვის განსაკუთრებული სულიერი გამოცდილება იყო - მადლის განცდა, რომელიც ვისაც განუცდია, ენით აღუწერელი ბედნიერებაა.“ - წერს ქრისტინე თავის წერილში, რომელიც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა.

მაშინ, როდესაც სამების ტაძარი შენდებოდა, პატარა ქრისტინე გულწრფელად ნერვიულობდა, დარჩებოდა თუ არა მისი სათაყვანებელი პატრიარქი ისევ სიონში. ეს იყო პირველი უხილავი ძაფი, რომელიც წლების შემდეგ მის პიროვნულ არჩევანში გადაიზარდა.

უხილავი მადლი და პიროვნული არჩევანი რწმენის გზაზე

ჩვენთან საუბრისას ქრისტინემ ხაზი გაუსვა პატრიარქის უნიკალურ უნარს, ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი და ახლობელი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა, ეკლესიურობა მისი თავისუფალი არჩევანი იყო, რაშიც უდიდესი როლი სწორედ უწმინდესის პიროვნულმა მაგალითმა ითამაშა. მან გაიხსენა ის საოცარი სიმშვიდე, რომელიც პატრიარქის დალოცვის შემდეგ ეუფლებოდა – ძალა, რომლის გამოცდასაც მხოლოდ ერთი შეხება სჭირდებოდა. ვისაც ეს ერთხელ მაინც გამოუცდია, იცის, რამხელა სულიერ სიმშვიდესა და ძალას გაძლევს მისი ერთი დალოცვაც კი.

"მასთან შეხვედრა სრულიად განსხვავდებოდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისგან. ვგრძნობდი განსაკუთრებულ მადლს, რომელიც მისი დალოცვის შემდეგ გეუფლება. ვისაც ეს ერთხელ მაინც გამოუცდია, იცის, რამხელა სულიერ სიმშვიდესა და ძალას გაძლევს მისი ერთი შეხებაც კი…“ - ამბობს ქრისტინე.

წინასწარმეტყველური დალოცვა და სამეფო ოჯახის შექმნა

განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა ერთი მოგონება, რომელიც თითქოს წინასწარმეტყველური იყო. წლების წინ, როდესაც ქრისტინემ ერთდროულად მიიღო ლოცვა-კურთხევა საქართველოს პატრიარქისა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომესგან, მონასტრის დედებმა უთხრეს, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ძალიან დიდი და განსაკუთრებული მოხდებოდა. ეს წინათგრძნობა მალე რეალობად იქცა, როდესაც მის ცხოვრებაში იოანე ბაგრატიონი გამოჩნდა. იოანესა და უწმინდესის ურთიერთობა კი სრულიად გამორჩეული თავია. პრინცი დღემდე ემოციით იხსენებს, პატრიარქთან ურთიერთობას. სწორედ პატრიარქის წინაშე, საპატრიარქოში, სრულიად მოულოდნელად სთხოვა იოანემ ხელი ქრისტინეს. პატრიარქის თბილი ღიმილი და მათი კავშირის დალოცვა იქცა იმ ფუნდამენტად, რომელზეც მათი ოჯახი დაფუძნდა.

"იოანეს და მის უწმინდესობას განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობები ჰქონდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იოანე მამასთან ბაგრატთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. როცა იგი პირველად შეხვდა მის უწმინდესობას, ასე იხსენებს: “მე მივხვდი, რომ მიყვარდა და მასაც ვუყვარდი”. ამის შემდეგ არასოდეს გაწყვეტილა მათ შორის სულიერი კავშირი. ჩემი და იოანეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2014 წლიდან, ახლო ურთიერთობა გვქონდა მის უწმინდესობასთან, თითქმის ყველა შობა და აღდგომა მასთან ერთად წირვისას გვაქვს გატარებული, ასევე მისი დაბადების დღე.

იოანემ ხელი ფუნიკულიორზე მთხოვა, თუმცა ქორწინების ნებართვა და დალოცვა უშუალოდ პატრიარქს სთხოვა. მახსოვს ის დღე საპატრიარქოში, როდესაც იოანე საერთაშორისო სტუმრებს მასპინძლობდა. შეხვედრის ბოლოს, სრულიად მოულოდნელად, იოანემ პატრიარქს სთხოვა ლოცვა-კურთხევა ჩვენს დაქორწინებაზე. ამ დროს ვზივარ მის გვერდით და უცებ პატრიარქმა გაიღიმა, ისე ტკბილად გაიღიმა და დალოცა ჩვენი კავშირი" - ჰყვება ქრისტინე.

სვეტიცხოვლის ისტორიული კედლები და აღდგენილი ტრადიცია

ისტორიული სამართლიანობის აღდგენა სვეტიცხოველში გამართული ჯვრისწერა იყო. ორ საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლებმა წინაპართა საძვალეში დაიწერეს ჯვარი. ეს იყო პატრიარქის პირადი გადაწყვეტილება, რომლითაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სამეფო გვარის მიმართ, რომელსაც თავადაც ენათესავებოდა.

ეს ისტორიული ხაზი გაგრძელდა მათი შვილის, პატარა ბაგრატის ნათლობითაც, რომელსაც სახელი ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის პატივსაცემად ეწოდა. სვეტიცხოვლის ეზოში, უწმინდესის ზეთისხილის ხის გვერდით, ბაგრატის სახელზე დარგული 1000 წლოვანი ზეთისხილის ხე სიმბოლურად მომავლისა და უწყვეტობის ნიშანია.

"ნათლობა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა აღასრულა, სწორედ მან უსახსოვრა ზეთის ხილის ხე მის ნათლულ ბაგრატს, რომელიც ბაგრატის სახელზე სვეტიცხოვლის ეზოში დაირგო, მისი უწმინდესობის ზეთისხილის ხის გვერდით. ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია.“ - ამბობს ქრისტინე.

დაბრუნება დედა ეკლესიაში – ჭეშმარიტი ლიდერის გაკვეთილი

საუბრის დასასრულს, ქრისტინემ აღნიშნა, რომ პატრიარქის მთავარი გაკვეთილი სულიერ თავისუფალ არჩევანშია. დღეს, როდესაც ადამიანები ყოველგვარი დაძალების გარეშე, მხოლოდ სიყვარულით მიდიან მასთან გამოსამშვიდობებლად, ეს არის იმ ჭეშმარიტი ლიდერობის დასტური, რომელმაც ერს რწმენა და ისტორიული მეხსიერება დაუბრუნა.

"გუშინ ეს ხალხი მას ემშვიდობებოდა და ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი: პატრიარქმა საკუთარი სიყვარულით, განვლილი გზითა და ჩვენი ერისადმი თავის თავ მიძღვნით მოახერხა ის, რომ დღევანდელ თავისუფალ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ საქართველოში ადამიანებმა საკუთარი ნების საფუძველზე ასე გაიღრმავეს რწმენა და მისდამი პატივისცემა. სწორედ ამაში გამოიხატება ჭეშმარიტი ლიდერობა - როდესაც ადამიანები მის გზას საკუთარი არჩევანით მიჰყვებიან".